ვასილი პეროვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი პეროვი

ვასილი გრიგოლის ძე პეროვი (რუს. Василий Григорьевич Перов, ნამდვილი გვარი კრიდენერი რუს. Криденер) (დ. 21 დეკემბერი, 1833/2 იანვარი, 1834, ტობოლსკი — გ. 29 მაისი/10 ივნისი, 1882, სოფ. კუზმინკი, ახლა მოსკოვის შემადგენლობაში) — რუსი ფერმწერი, პერედვიჟნიკების ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1846-1849 წლებში სწავლობდა არზამასის ფერწერის სკოლაში და მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში (1853-1861), აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1871-1882). მისი მოწაფეები იყვნენ ნ. კასატკინი, ს. კოროვინი, მ. ნესტეროვი, ა. რიაბუშკინი. სამხატვრო აკადემიის პენსიონერი (1862-1869; 1864 წლამდე პარიზში). ,„პერედვიჟნიკების“ ამხანაგობის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და წევრი.

60-იანი წლების დასაწყისში შექმნა სოციალური ხასიათის მრავალი ჟანრული სურათი („სააღდგომო ლიტანია სოფლად“, 1861, „ჩაის სმა მიტიშჩიში“, 1862; ორივე ტრეტიაკოვის გალერეა), ცდილობდა დაეძლია აკადემიური ხელოვნების ფერწერის სიჭრელი. პარიზის პერიოდის ნამუშევრებში შეიმჩნევა განსაკუთრებული ინტერესი ადამიანის ინდივიდუალურ ხასიათისადმი („ბრძა მუსიკოსი“, 1864, ტრეტიაკოვის გალერეა). 60-იანი წლების II ნახევარში პეროვის შემოქმედებაში გაძლიერდა კრიტიკული ტენდეციები. მხატვარი დიდი სიმპათიითა და მაღალი ემოციურობით გადმოგვცემს რუსეთის ღარიბ-ღატაკთა დუხჭირ ცხოვრებას, აღწერს კომპოზიციურ ლაკონიურობას, დიდ როლს ანიჭებს პეიზაჟს („მიცვალებულის გაცილება“, 1865; „დამხრჩვალი ქალი“, 1867; „ბოლო სამიკიტნო საგუშაგოსთან“, 1868 - ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ამავე პერიოდში პეროვნა შექმნა სურათები, რომლებიც ჟანრობრივად ახლოს იყო პორტრეტებთან („ფოკუშკა-ბუკიოტი“, 1868; „მწირი“, 1870 - ორივე ტრეტიაკოვის გაკერეა). 70-ის დასაწყისში მხატვარი მუშაობდა რუსეთის პროგრესულ ინტელიგენციის წარმომადგენელთა პორტრეტებზე. პეროვის პორტრეტებში ჩანს მხატვრის ობიექტური დამოკიდებულება მოდელთან, სოციალური დახასიათების სიზუსტე, კომპოზიის მთლიანობა (ა. ოსტროვსკის, 1871, ვ. დალისა და თ. დოტოევსკის პორტრეტები - ორივე 1872, სამივე ტრეტიაკოვსკის გალერეა). 70-80-იანი წლები პეროვისთვის იდეური კრიზისის პერიოდი იყო (1877 წელს „პერედვიჟნიკთა“ ამხანაგობა დატოვა), ხატავდა ე. წ. სამონადირეო სცენებს („მონადირეების შესვენების დროს“ და „მეთევზე“, ორივე 1871, ტრეტიაკოვსკის გალერეა), აგრეთვე ისტორიულ ტილოებს („პუგაჩოვის გასამართლება“, 1875, ისტორიის მუზეუმი, მოსკოვი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 33, თბ., 1984