ვალერია ნოვოდვორსკაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერია ნოვოდვორსკაია
რუს. Валерия Новодворская
Valeriya Novodvorskaya3.jpg
დაბ. თარიღი :

17 მაისი, 1950

დაბ. ადგილი :

ბარანოვიჩი, ბელორუსიის სსრ

გარდ. თარიღი :

12 ივლისი, 2014

გარდ. ადგილი :

მოსკოვი, რუსეთი

მოქალაქეობა :

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი

რელიგია :

მართლმადიდებლობა

პარტია :

„დემოკრატიული კავშირი“
(1988—2014)
„დასავლური არჩევანი“
(2012—2014)

ძირითადი იდეები :

ლიბერალური დემოკრატია, ანტიკომუნიზმი

საქმიანობა :

პოლიტიკა, ჟურნალისტიკა

ვალერია ნოვოდვორსკაია (რუს. Валерия Новодворская; დ. 17 მაისი, 1950, ბარანოვიჩი, ბელორუსიის სსრ — გარდ. 12 ივლისი, 2014 წელი, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ვიდეობლოგერი, ლიბერალური პარტიების „დემოკრატიული კავშირისა“ და „დასავლური არჩევანის“ დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვალერია ნოვოდვორსკაია დაიბადა 1950 წლის 17 მაისს ქალაქ ბარანოვიჩში, ბელორუსიის სსრ,[1] რომელშიც, როგორც ნოვოდვორსკაიამ თქვა, მისი მშობლები არდადეგებზე იყვნენ მის ბებიასთან და ბაბუასთან. დედა ექიმი იყო, მამა — ინჟინერი.[2]

9 წლის ასაკში საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.[3] 1968 წელს სკოლა დაამთავრა ვერცხლის მედალზე.[2] შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უცხო ენების ინსტიტუტში, ფრანგული ენის განხრით, სპეციალობით „თარჯიმანი და პედაგოგი“.[1] 1 წლის შემდეგ საფუძველი ჩაუყარა იატაკქვეშა სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელშიც განიხილებოდა კომუნისტური რეჟიმის შეირაღებული გზით დამხობის აუცილებლობა.[1][4]

1969 წელს დაპატიმრებულ იქნა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) მიერ ანტისაბჭოთა აგიტაცია–პროპაგანდის ბრალდებით, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანის თაობაზე საპროტესტო პროკლამაციების გავრცელების გამო.

1970–1972 წ. იმყოფებოდა სპეცსაავადმყოფოში იძულებით მკურნალობაზე დიაგნოზით „შიზოფრენია, პარანოიდალური ქცევები“.[1][5][6]

1972 წელს მონაწილეობდა იატაკქვეშა გამოცემათა ტირაჟირება–გავრცელებაში.[1]

1973–1975 წლებში მუშაობდა საბავშვო სანატორიუმის პედაგოგად.[1]

1975-1990 წლებში მუშაობდა სამედიცინო ლიტერატურის თარჯიმნად მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტში.[1]

1977–1978 წლებში ცდილობდა შეექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური პარტია სკკპ-სთან საბრძოლველად.

1977 წ. დაამთავრა მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი.[1]

1978 წ. „მშრომელთა თავისუფალ პროფესიათაშორისი გაერთიანების“ ერთ–ერთი დამაარსებელია.[1] იდევნებოდა არაერთგზის სახელისუფლო სტრუქტურებისაგან: არაერთხელ განათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სისტემატიურად იბარებდნენ დაკითხვებზე, არაერთგზის გაიჩხრიკა მისი ბინა.

1978, 1985, 1986 წლებში გაასამართლეს დისიდენტური მოღვაწეობისათვის.

1984–1986 წ. დაუახლოვდა პაციფისტური მოძრაობის „ნდობა“ წევრებს.

1987–1991 წ. იყო მოსკოვში ანტისაბჭოთა მიტინგების ორგანიზატორი, რისთვისაც დაკავებულ იქნა მილიციის მიერ და მიესაჯა აღკვეთის ღონისძიება ადმინისტრაციული წესით, სულ 17–ჯერ.

1988 წ. პარტია „დემოკრატიული კავშირის“ ერთ–ერთი დამაარსებელი.

1988 წ. რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს მოსკოვის დემოკრატიული კავშირის არალეგალურ გაზეთში „თავისუფალი სიტყვა“, 1990 წ. ეს გამომცემლობა აქვეყნებს მისი პუბლიკაციების კრებულს.

1990 წ. „თავისუფალ სიტყვაში“ ერთ–ერთი სტატიის, სათაურით „ჰაილ გორბაჩოვ!“ გამოქვეყნებისა და მიტინგებზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მან საჯაროდ გაანადგურა გორბაჩოვის პორტრეტები, დაადანაშაულეს სსრკ-ს პრეზიდენტის ღირსებისა და პატივის შელახვაში და სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფაში.

1991–1995 წ. ნოვოდვორსკაიას წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გაუქმებულ იქნა დანაშაულის შემცველი ელემენტების არარასებობის გამო.

1992 წ. საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ვალერია ნოვოდვორსკაიას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა (პარალელურად დანიშნა მრჩევლად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში).

1992 წ. ნოვოდვორსკაიამ და დემოკრატიული კავშირის წევრთა ნაწილმა დააფუძნეს ორგანიზაცია „რუსეთის დემოკრატიული კავშირი“.

1993 წ. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებულების, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე, იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც მხარი დაუჭირა ამ ბრძანებულებას. აწყობდა ელცინის მხარდასაჭერ მიტინგებს.

1994 წ. მონაწილეობდა პარტია „რუსეთის დემოკრატიული არჩევანის“ დამფუძნებელ ყრილობაზე.

1995 წ. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე გაზეთში „ახალი არჩევანი“ გამოქვეყნებული სტატიის გამო, ამავე წელს პროკურატურამ საქმე შეწყვიტა საქმეში დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო.

1995 წ. მოსკოვის პროკურატურის მიერ ხელახლა იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ამჯერად, ნოვოდვორსკაიას მიერ პიკეტზე გამოტანილი ფურცლის გამო. მოგვიანებით, პროკურატურამ ეს საქმეც დახურა, ფურცელზე დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო.

1995 წ. მე–2 მოწვევის რუსეთის დუმის არჩევნებში ეკონომიკური თავისუფლების პარტიის სიით ღებულობდა მონაწილეობას, რომელშიც დამარცხდა.

1996 წ. სახელმწიფო დუმის დეპუტატის კონსტანტინე ბოროვოის თანაშემწე.

2008 წ. ლიტვის ინტერესთა დაცვისათვის დაჯილოვდა რაინდის ჯვრით.[7]

თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. კითხულობდა იტალიურ და გერმანულ ენებზე, ესმოდა ბელორუსული ენა.

გარდაიცვალა 2014 წლის 12 ივლისს, მარცხენა ტერფის ფლეგმონით, გართულებული სეფსისით. როგორც ცნობილია, სიკვდილი გამოიწვია ინფექციურ-ტოქსიკურმა შოკმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]