ეცტის ყინულის კაცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყინულის კაცი
Otzi-Quinson.jpg
ეცტის ყინულის კაცის მუმია
მშობლ. სახელი Ötzi
დაიბადა დაახლოებით 5300 წლის წინ
გარდაიცვალა ეცტალის ალპები

„ეცტის ყინულის კაცი“ (გერმ. Ötzi; იტალ. Mummia del Similaun) — ადამიანის ბუნებრივი მუმია. წარმოადგენს ალპებში ნაპოვნ ენეოლითის ხანის ადამიანის ყინულოვან მუმიას, რომელსაც მიაკვლიეს 1991 წელს ეცტალის ალპებში, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე.[1] იგი ცხოვრობდა დაახლოებით 5300 წლის წინ.[2] მუმია გადაიტანეს ინსბრუკის უნივერსიტეტში, სადაც იგი დასახელდა როგორც პირველყოფილი ადამიანი. ევროპაში ადამიანის უძველესი ბუნებრივი მუმიაა.

მუმია იპოვეს 1991 წლის 19 სექტემბერს ნიურნბერგელმა ტურისტებმა ჰელმუტ და ერიკ სიმონებმა, მწვერვალ სიმილაუნის კალთებზე. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ იგი ალპინისტის სხეულია.[3] თუმცა მეორე დღეს მთის ჟანდარმისა და ალპური თავშესაფრის დარაჯის ძალისხმევით ცდილობდნენ ყინულში ჩაფლული მუმიის ამოყვანას არქეოლოგიური ინსტრუმენტების გარეშე; მუმია იმდენად იყო ჩაყინული ყინულში, რომ მათ დასჭირდათ პნევმატიკური დრელისა და ყინულმჭრელის გამოყენება, რის შედეგადაც დაზიანდა მუმიის თეძო. მოგვიანებით, მუმია მოინახულა 8 ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ალპინისტები ჰანს კამერლანდერი და რაინჰოლდ მესნერი.

სხეული დეტალურად იქნა შესწავლილი. ამჟამინდელი შეფასების თანახმად, „ეცტის ყინულის კაცი“ სიცოცხლის ბოლო წლებში სიმაღლეში იყო დაახლოებით 165 სმ,[4] იწონიდა დაახლოებით 50 კგ-ს.[5] გარდაიცვალა დაახლოებით 45 წლის ასაკში. მუმიის წონა აღმოჩენისთანავე მხოლოდ 13.750 კგ-ს შეადგენდა. 2012 წლის მაისში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მუმიის სისხლის უჯრედები ჯერ კიდევ დაუზიანებელია და შესაბამისად წარმოადგენს ოდესმე იდენტიფიცირებულ უძველესი სისხლის უჯრედებს.[6] „ეცტის ყინულის კაცი“ გარდაიცვალა მხარზე მიღებული ჭრილობით, სისხლდენით.[7]

ნანოტექნოლოგიისა და ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპის მეშვეობით მუმიაში აგრეთვე აღმოაჩინეს ფიბრინი — გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას. სხეული და მასთან დაკავშირებული ნივთები სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.[8]

სქოლიო[რედაქტირება]