ესტონეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტონეთის ისტორია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ძველი ესტონეთი
კუნდის კულტურა
ნარვის კულტურა
ესტები
ჩუდები
ბალტიისპირა ფინელი ხალხი
ვიკინგები და შუა საუკუნეები
ოსილიანები
ლივონური ჯვაროსნული ლაშქრობა
დანიური ესტონეთი
ძველი ლივონია
ლივონიის ორდენი
ბალტიელი გერმანელები
შვედური ესტონეთი
ლივონიის ომი
დიდი ჩრდილოური ომი
რუსული ესტონეთი
ლივონია
თანამედროვე ეპოქა
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
გერმანული ოკუპაცია
განმათავისუფლებელი ომი
ესტონეთის რესპუბლიკა
ვაპსების მოძრაობა
სიჩუმის ერა
ესტონეთის ოკუპაცია
მეორე მსოფლიო ომი
ტყის ძმები
დეპორტაციები
ესტონეთის სსრ
სიმღერის რევოლუცია
ესტონეთი
  •  •  
ბრინჯაოს ხანის ქვის სამარხები ჩრდილოეთ ესტონეთში

ესტონეთის ისტორია იწყება უკანასკნელი გამყინვარების (ე. წ. ,,ვიურმის გლაციალი") დასასრულს, პლეისტოცენურ ეპოქაში 12 000 წლის წინათ, როდესაც თანამედროვე ესტონეთის ტერიტორიაზე პირველი ადამიანები, თანამედროვე ესტონელების პირველყოფილი მონადირე და შემგროვებელი წინაპრები, გამოჩნდნენ.

თუმცაღა, მსოფლიოს რუკაზე ესტონეთი პირველად 1154 წელს გამოჩნდა სიცილიის ნორმან მეფეთა სამეფო კარის არაბი გეოგრაფის, ალ-იდრისის რუკაზე. ცნობილია, რომ რომაელი ისტორიკოსი, პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი ახ. წ. 1 წლით დათარიღებულ ნაშრომში იმპერიის საზღვრების გადაღმა ძალიან შორს, ჩრდილოეთით მოიხსენიებს ხალხს სახელწოდებით აესტიი. სავარაუდოდ, ისინი ესტონელების წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ.[1]

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივონია 1260 წელს.

შუა საუკუნეებიდან იწყება ბრძოლა ესტონურ მიწებზე კონტროლისათვის. XII საუკუნის დასაწყისში ლივონიაში იწყება ჩრდილოეთის ჯვაროსნული ლაშქრობები. 1210 წელს მათ აიღეს ესტონური დასახლება და დააარსეს ციხესიმაგრე ფელინი[2].

XIII საუკუნეში ვაჭრები გოტლანდიდან და ჩრდილო გერმანიის ქალაქებიდან, ახლად დაარსებულ სავაჭრო ალიანს „ჰანზას“ წევრები ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ერთადერთნი, ვისაც მონოპოლიური უფლება ექნებოდათ რუსეთთან და აღმ. ბალტიის ქვეყნებთან ვაჭრობაში. ქრისტიანობის გავრცელება იყო მხოლოდ საბაბი მერკანტილი დამპყრობლებისთვის.

ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა თავისი კვალი დაამჩნია ხალხის მეხსიერებას. ესტონელები საკადრისი პასუხის გაცემას ახერხებდნენ აგრესორთათვის. ლეგენდის თანახმად, ერთადერთი, რამაც გადაარჩინა დანიის მეფე ვალდემარ II ესტონელებთან დამარცხებას ლინდანისის ციხესიმაგრესთან (დღევანდელი ტოომპეის ციხესიმაგრე ტალინის ცენტრში), იყო ის, რომ ციდან გამოეცხადა წითელი ტილო თეთრი ჯვრით - ანუ დანებროგი დანიის სახელმწიფო დროშა. ეს მოხდა 1219 წლის 15 ივნისს.

ამრიგად, XIII საუკუნეში, ესტონეთი წარმოადგენდა დაპყრობილ და მცირე სამთავროებად დანაწევრებულ ქვეყანას, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერი იყო ტევტონთა ორდენი[2]. ხშირი იყო ულმობელი აჯანყებები, რომელთაც მიუხედავად კიდევ უფრო ულმობელი რეპრესიებისას, ტევტონები ბოლომდე ვერ აშთობდნენ. თუმცა მათ 1343-1344 წლებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც წმინდა გიორგის ღამის აჯანყება (23 აპრილი, 1343 წ.) ჩაახშვეს და ჩრდილოეთ ესტონეთიც მიიტაცეს.

წვრილ-წვრილი „სუვერენების“ მუდმივი შუღლის, საგარეო საფრთხეების და მეკობრეობის მიუხედავად სრული სიმძლავრით ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. ძველი ლივონია ჩრდილოეთ ევროპის ბეღელად გადაიქცა. სავაჭრო კავშირები შოტლანდიასა და თვით მანჯურიასაც კი სწვდებოდა. XVI საუკუნიდან იწყება ცენტრალიზებული ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპი. ესტონეთის გერმანელი მმართველობისთვის სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდებოდა მზარდი აღმოსავლური საფრთხე - მოსკოვიტია.

1535 წელს ესტონეთში დაიბეჭდა პირველი ესტონური წიგნი, ვანრადტ-კოელის კატეხიზმო. ლუთერანულმა რეფორმაციამ ესტონურ ქალაქებს 1523-1524 წლებში მიაღწია. პოლიტიკური ძვრების და იკონოკლასტური ძარცვა-გლეჯვის გარდა, მან ესტონეთს ესტონეთში ნაბეჭდი პირველი ესტონური წიგნიც მოუტანა. თუმცა, საერთოდ პირველი ესტონური ნაბეჭდი წიგნი 1525 წლით თარიღდება. ესაა ლიუბეკში (გერმანია) დაბეჭდილი Lutheran Compendicvm.

ტარტუს უნივერსიტეტი

1558–1583 წლებში ბალტიისპირეთი ლივონიის ომებმა მოიცვა. ბრძოლები მიმდინარეობდა რუსეთს, შვედეთს, დანიას და რეჩ-პოსპოლიტას შორის. ესტონეთის ქალაქები და ციხესიმაგრეები მიწასთან გასწორდა. მიწასთან გასწორდა ვილიანდის ციხესიმაგრეც. ტევტონთა ორდენის რეზიდენცია სამხრეთ ესტონეთში და იმ დროისთვის ერთ-ერთი მტკიცე ციხესიმაგრე ჩრდილოეთ ევროპაში. ესტონეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაიღუპა. ომი ყველაზე ძლიერ მონაწილეებს, რეჩ პოსპოლიტას და შვედეთს შორის 1620 წლამდე გაგრძელდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. თუმცა ჯერ კიდევ 1561 წელს ესტონეთი შვედეთმა მიიტაცა.

მიუხედავად იმისა, რომ გლეხობამ ცხადია ვერ შესძლო ცხოვრების პირობების გაუმჯობესება შვედური მმართველობის დროს, ეს პერიოდი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ვაჭრობისთვის, ხელოსნობისთვის, განათლებისთვის, რომ ესტონეთში იგი დღესაც ცნობილია, როგორც ,,კარგი ძველი შვედური დრო." სწორედ შვედური მმართველობისას, შვედეთის მეფის, გუსტავ II ადოლფის ინიციატივით 1632 წელს ტარტუში გაიხსნა შვედეთის სამეფოში მეორე და ესტონეთის პირველი და უძველესი უნივერსიტეტი. (პირველი შვედური უნივერსიტეტი გაიხსნა უფსალაში, სტოკჰოლმთან ახლოს).

გამანადგურებელი ომების შემდეგ, როგორც ომებამდე ბალტიური ვაჭრობა აღმოჩნდა ესტონეთის შემოსავლის მთავარი წყარო. ტალინი და ნარვა შვედეთის სამეფოს აღმოსავლური პროვინციების მთავარ სავაჭრო ცენტრებად იქცნენ.

წარმატებული სტარტის მიუხედავად, ჩრდილოეთის დიდი ომი (1700–1721 წწ.) არასახარბიელო აღმოჩნდა შვედეთისთვის. დარჩა რა მარტო მოკავშირეების გარეშე, შვედეთს აღარ შეეძლო დაეცვა ფინეთი და ბალტიისპირეთი სულ უფრო მზარდი რუსული აგრესიისგან. 1710 წელს ტალინმა და პიარნუმ მოახდინეს კაპიტულაცია. ესტონეთი იმ დონემდე იყო გასწორებული მიწასთან, რომ რუსეთის ფელდმარშალმა პეტრე I-ს ასე უპატაკა:

ვიკიციტატა
„ჩემო მბრძანებელო, იქ აღარაფერი დარჩა გასანადგურებელი“

რუსეთის იმპერიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაფრის მიუხედავად, ესტონეთში მალევე დაიწყო გამოცოცხლება. ქვეყანაში წავიდა დიდი სასახლეების მშენებლობის ბუმი. ეს იყო ოქროს ეპოქა ადგილობრივი არისტოკრატიისთვის, რომელთა ისედაც დიდი პრივილეგიები კიდევ უფრო გააფართოვეს რუსეთის იმპერატორებმა. მაგრამ ესტონელი გლეხობისათვის ეს იყო საშინელი, ბნელი ეპოქა. მისი შემოსავლების 90%-ზე მეტი ნაირ-ნაირ გადასახადებაზე მიდიოდა. გლეხობა უდიდესი ჩაგვრის ქვეშ აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ესტონელი გლეხობის ორ მესამედზე მეტი განათლებული იყო XIX საუკუნის დადგომისას, ისინი მაინც ჩამოცილებულნი იყვნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან. ესტონელი არისტოკრატიისთვის აკადემიური, კულტურული ენა იყო გერმანული. ესტონური ენა კი დაბალი ფენების „ცხოველურ ყმუილად“ მიაჩნდათ. 1818 წელს კარგად ცნობილი პოეტი, ქრისტიან იააკ პეტერსონი, პირველი ესტონელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რისხვით და ბრაზით წერდა:

ვიკიციტატა
„იქნება კი ოდესმე ესტონეთში ესტონური ენა თუნდაც თანაბარი უფლებების მქონე სხვა ენების მიმართ?“

განმანათლებლური იდეების - თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის გავრცელების პარალელურად, დესპოტიამ ნგრევა დაიწყო. XIX საუკუნის პირველ დეკადებში ესტონეთში ბატონყმობა გაუქმდა. ესტონელ გლეხობას მიეცათ უფლება, ჰქონოდათ გვარები და შესაბამისად - პასპორტები. ისინი რუსეთის იმპერიის კანონიერ ქვეშერდომებად გამოცხადნენ. მათ აგრეთვე, თუმც შეზღუდული, მაგრამ მაინც თვითმმართველობის უფლებები მიიღეს.

აღმავლობა განიცადა კულტურამაც. ესტონელი მწერლობა მაგალითს უახლოესი ნათესავებისგან - ფინელებისგან იღებდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ფინეთში ელიას ლიონროტის მიერ შეიქმნა მსოფლიო კულტურის შედევრი, უკვდავი ეპოსი „კალევალა“, ესტონეთში, ედუარდ ტასკამ გამოსცა (1857) ესტონური ეროვნული ეპოსი „კალევიპოეგი“, რომლის მხატვრული ღირებულებები არაფრით ჩამოუვარდება „კალევალას“.

ეროვნული თვითშეგნების ზრდის პარალელურად, ესტონელმა გლეხობამ, რომელნიც აქამდე მაარაჰვა, ანუ გლეხები იყვნენ, თვითსახელწოდება შეიცვალეს და ესტლასედები, ანუ ესტონელები გახდნენ. მოგვიანებით მათ მაგალითს არისტოკრატიამაც მიბაძა. ერთიანობის გრძნობა იყო ის ძალა, რაც წარმართავდა ესტონეთის პოლიტიკურ ცხოვრებას XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ერთიმეორის მიყოლებით ყალიბდებოდნენ ორგანიზაციები, რომელნიც თვითგამორკვევას და ეროვნულ იდენტიფიცირებას უწყობდნენ ხელს. აუცილებელი არ იყო, ისინი მანდამაინც პოლიტიკურები ყოფილიყვნენ. ასე მაგალითად: 1869 წელს დაარსდა კარგად ცნობილი ესტონური სიმღერების და ცეკვის ფესტივალი, რომელმაც ესტონეთის გამოღვიძებაში არანაკლები როლი ითამაშა, ვიდრე ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ.

1857 წელს იოჰან ვოლდემარ იანსენმა პირველი ესტონურენოვანი გაზეთი, პერნო პოსტიმეესი დააარსა, რომელიც დაარსებისთანავე პატრიოტული მოძრაობის ცენტრში და ცარიზმის აგრესიის ქვეშ აღმოჩნდა. საუკუნეთა მიჯნაზე ამ გაზეთის რედაქცია პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა.

ესტონეთის სახელმწიფო დროშა

XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა ესტონური დროშის საბოლოო რედაქცია. იგი 1884 წელს აფრიალდა, როგორც ესტონელ სტუდენტთა საზოგადოების ალამი და შემდეგ ალმა მატერიდან პარლამენტში გადაინაცვლა. ესტონეთის სახელმწიფო დროშის 1884 წლის დროინდელი ორიგინალი - პირველი დროშა ლურჯი, შავი და თეთრი ჰორიზონტალური ზოლებით სასწაულებრივ გადაურჩა XX საუკუნეს და ჩვენს დრომდე მოაღწია.

1905 წლის რევოლუციამ ესტონეთს სისხლისღვრა და მსხვილ მემამულეთა მიწის საკუთრების უფლების გაუქმება მოუტანა. ცარიზმის რეპრესიები პატრიოტების რადიკალიზმის გამწვავებას უწყობდა ხელს. დანაკარგებმა პირველ მსოფლიო ომში მთელ იმპერიას კატასტროფა მოუტანა. ამ ომში მხოლოდ მიახლოებითი შეფასებებით 100 000 ესტონელი დაიჭრა და ამდენივე დაიღუპა. საბოლოო საბაბი, რამაც ესტონელებს დამოუკიდებლობისკენ უბიძგა, 1917 წლის ნოემბერში პეტერბურგში ბოლშევიკური დაჯგუფების მიერ სახელმწიფო გადატრიალება და დიქტატურის დამყარება იყო.

1918 წლის 23 თებერვალს, მაშინ როდესაც წითელი არმია, გამოფიტული და ძალაგამოლეული პანიკურად და ქაოტურად იხევდა უკან, ხოლო გერმანელები უკვე ტალინის კარებთან იდგნენ: ესტონეთის ხსნის ეროვნულმა კომიტეტმა დააფუძნა პარლამენტი, რომელმაც იმავე დღეს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა[3].

პირველი რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალდაბადებულ ქვეყანას ორმხრივი ბრძოლა მოუწია. წითელი არმიის და ლანდესვერის, ბალტიისპირეთის გერმანელი კოლონისტების სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ. ესტონეთის რესპუბლიკის ლეგიტიმურ შენაერთებს უერთდებოდნენ მოხალისეები დანიიდან და ფინეთიდან. მოხალისედ ეწერებოდა აგრეთვე ზოგიერთი ადგილობრივი გერმანელიც, რომელიც მხარდაჭერას უცხადებდა ახალგაზრდა რესპუბლიკას. უმნიშველოვანესი სამხედრო დახმარება იყო დიდი ბრიტანეთიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამოგზავნა ომის ყველაზე დაძაბულ მომენტში, 1918 წლის დეკემბერს.

ომის პარალელურად, ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებდა რადიკალური რეფორმების გატარებას. მყისიერად გაუქმდა ყველა არისტოკრატიული წოდება და ტიტული. ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორად გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა ყველა, 874 მამულის ჩამორთმევა არისტოკრატიიდან და მათი გადაცემა ომის მოხალისეებისთვის. ამ ღონისძიებამ დიდად შეუწყო ხელი ფართო საზოგადოებრიობის ნდობის ამაღლებას მთავრობისადმი და ბრძოლას დამოუკიდებლობის დასაცავად.

ვერ შეძლო რა სამხედრო ძალით ესტონეთის დაჩოქება, ბოლშევიკური რუსეთი იძულებული გახდა ბოლოს და ბოლოს ეცნო ესტონეთის დამოუკიდებლობა და უარეყო ყოველგვარი უფლება ესტონეთზე. 1920 წლის 2 თებერვალს ქალაქ ტარტუში, ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის მმართველ ბოლშევიკურ წრეებს შორის ზავს მოეწერა ხელი.

მშვიდობის დამყარებისთანავე ქვეყანაში ცხოვრების ყველა სფეროში არნახული პროგრესი დაიწყო. ესტონური ენა მთელი ერის მენტალიტეტის შეცვლის საფუძვლად იქცა. უკლებლივ ყველაფერი – უმაღლესი განათლება და საპოლიციო ძალების მუშაობა, მეცნიერება და სპორტული ცხოვრება, ლიტერატურა და პენიტენციალური სისტემის საქმიანობა ესტონურ ენაზე მიდიოდა.

ესტონური ეკონომიკა, რომელიც გასაოცარი სისწრაფით განაგრძობდა პროგრესს, 180 გრადუსით შემობრუნდა და რუსული ბაზრიდან ევროპულ ბაზარზე გადაერთო. 1929–1932 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ესტონეთში ცხოვრების დონე ისეთივე იყო, როგორიც სკანდინავიაში.

ბევრად ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა პოლიტიკური ცხოვრება. ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა მთავრობები. ეს სიტუაცია გაგრძელდა 1934 წლამდე[4], როდესაც დემოკრატიის სათავეში მოვიდნენ „დამაარსებელი მამები“ პრეზიდენტი კონსტანტინ პიატსი და გენერალი იოჰან ლიადონერი. ამის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომამდე ესტონეთში მთავრობა არ შეცვლილა.

საბჭოთა ოკუპაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა. დასავლეთის ჩაურევლობის პოლიტიკა 1930 წლებში ესტონეთს არჩევანს უკარგავდა. ბერლინი და მოსკოვი უკვე დროით სარგებლობდნენ. 1939 წელს დაიდო საიდუმლო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომლის ძალითაც სტალინმა და ჰიტლერმა ურთიერთშორის გაინაწილეს აღმოსავლეთი ევროპა. ესტონეთი საბჭოთა ზონაში მოხვდა. ორი კვირით გვიან, დაემუქრა რა პირდაპირი საბჭოთა აგრესიის საფრთხე, ესტონეთი იძულებული გახდა დათანხმებოდა რუსულ ბოლშევიკურ ხროვას ესტონეთში წითელი არმიის და წითელი ფლოტის ბაზების განლაგებაზე.

1940 წლის გაზაფხულზე ესტონელმა კომუნისტებმა, რომელთა რიცხვი სულ 133 ადამიანს მოითვლიდა, რუსი ბოლშევიკების მითითებით დადგეს ფარსი სპექტაკლი – რეფერენდუმი ესტონეთის საბჭოთა კავშირთან შესაერთებლად. ესტონეთის მთავრობამ ეს რეფერენდუმი არ ცნო.

რუსებს არც კი უფიქრიათ დაემალათ თავიანთი სამხედრო ძალდატანება ესტონელთა მიმართ „დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებისას.“ 1940 წლის 14 ივნისს, სწორედ მაშინ როდესაც გაოგნებული მსოფლიო უმწეოდ შეჰყურებდა ვერმახტის შესვლას პარიზში, საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის „დემოკრატიული“ ოკუპაცია მოახდინა[5][6][7].

გამარჯვების ეიფორია ესტონელ კომუნისტებს მალე მწარე სინანულით შეენაცვლათ. სტალინის ვერდიქტის თანახმად, რომლის მიხედვითაც ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში ადგილობრივი კომუნისტები რუს, ცენტრალურ კომუნისტებს უნდა დამორჩლებოდნენ, საბჭოელებმა ესტონელი კომუნისტების ლიდერი, ესტონეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი, ედუარდ ლაამანი დააპატიმრეს და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამკაციანი ტრიბუნალის ბრძანებით, დახვრიტეს. ქვეყანაში ესტონელი კომუნისტების დევნა დაიწყო მათი ნაციონალისტურ-უკლონისტური გადახრების გამო.

მოსკოვს სურდა არა მხოლოდ ესტონური სახელმწიფოებრიობის, არამედ ესტონური საზოგადოების, ქვეყნის ინტელექტუალური ნაღების განადგურება, რომელიც ცხადია მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. დაიწყო ინტელიგენციის და ყველა დონის სახელმწიფო მოხელეების მასობრივი რეპრესიები, რაც ხშირად დახვრეტით გამოიხატებოდა.

სულ მალე, ივლისში რეპრესიები ინტელიგენციის და სახელმწიფო მოსახლეობის მიმართ გადაიზარდა მასობრივ ტერორში. დაიწყო ესტონელთა მასობრივი რეპრესიები. მიახლოებითი შეფასების თანახმად, 1 მილიონიან ერში 100 000 ადამიანი, ასაკის და სქესის განურჩევლად დააპატიმრეს და ან ციმბირში გადაასახლეს, ანდა ყოველგვარი გასამართლების გარეშე ადგილზევე დახვრიტეს.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ოკუპაციას ერთი წლის შემდეგ ფაშისტური გერმანიის ანექსია მოჰყვა. ესტონელთა აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულით შეეგება გერმანელებს და მათ მხარდამხარ იბრძოდა უკან დახეული რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ფაშისტების კაცთმოძულე განზრახვებისა, ესტონელებისთვის ეს იყო ბრძოლა სამშობლოსათვის. თუმცა იმედები ხანმოკლე აღმოჩნდა. გერმანელები სულაც არ აპირებდნენ ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენას. პირიქით, მათ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყეს ებრაელების, კათოლიკეების, კომუნისტებისა და პრო-დასავლური ესტონელი ნაციონალისტების მიმართ. უმეტესობისთვის მიუღებელი გახდა ბრძოლა ფაშისტებთან ერთად კომუნისტების წინააღმდეგ, ანდა კომუნისტებთან ერთად ფაშისტების წინააღმდეგ. ამიტომაც ისინი ფინურ არმიაში გადავიდნენ და ბრძოლა გამოუცხადეს ფაშიზმსაც და კომუნიზმსაც. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარელიის ფრონტზე იბრძოდა. მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ესტონეთი ოსტზეეს რაიხსკომისარიატის ნაწილი გახდა.

1944 წლის დამდეგს ომი დაბრუნდა ესტონეთში. ნარვას და ვაივარის ბრძოლები იყო ყველაზე სასტიკი 1944 წლის მთელი გაზაფხულ–ზაფხულის კამპანიისას. ჯერ კიდევ მარტში ტალინის ცენტრი მძიმედ დაზიანდა. ხოლო ბაროკოს სტილით აგებული ქალაქი ნარვა, ესტონეთის ერთ-ერთი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა, ვარშავის მსგავსად საფუძვლებამდე განადგურდა. ქალაქი მთლიანად გაცამტვერდა.

ესტონეთის ეროვნულმა მთავრობამ, რომლის ფორმირება გერმანული თავდაცვის კოლაფსისას წარმოქმნილ ქაოსში მოხდა, გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და ნეიტრალიტეტი ფაშისტებს და კომუნისტებს შორის. ესტონური სამხედრო შენაერთების და დასავლეთიდან აღიარების მოპოვებისთვის სასოწარკვეთილი ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და გვიან შემოდგომაზე წითელმა არმიამ ესტონეთის ხელახალი ოკუპაცია მოახდინა.

ბოლშევიკების დაბრუნების წინ ათეულ ათასობით ესტონელი მასობრივად გაიქცა ესტონეთიდან – უმეტესად სკანდინავიის ქვეყნებში. ხალხი არამცთუ გემებით, არამედ სახელდახელოდ შეკოწიწებული ნავებით ტოვებდა სამშობლოს. ხშირი იყო ბალტიის ზღვის გადაცურვის მცდელობები ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე, რაც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდებობა. 1944–1945 წლების ზამთარი ძალიან მკაცრი და ყინვიანი აღმოჩნდა. იმდენად, რომ ფინეთის ყურე მთლიანად გაიყინა. ესეც ერთ-ერთი საშუალება იყო ესტონელებისთვის, რომ ფეხით გადაელახათ ეს ყურე ბოლშევიკებისგან თავდასაღწევად. ესტონეთი ტოტალურად განადგურდა.

ესტონეთში აქტიური პარტიზანული მოქმედებები დაიწყო. განსაკუთრებით ცნობილია არნოლდ ლეეტსაარის დაჯგუფება, რომელიც თავზარს სცემდა ბოლშევიკებს. იმ მიზნით, რომ პარტიზანთა მომარაგების ბაზები გაენადგურებინათ და აგრეთვე წვრილი მესაკუთრე გლეხობის – ესტონური ეროვნული თვითშეგნების გასანადგურებლად 1949 წელს კვლავ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. ხალხს ციმბირში გადასახლების წინ მხოლოდ ერთ საათს აძლევდნენ პირადი ნივთების შესაგროვებლად. გზაში ათასობით ესტონელი დაიღუპა. 1940–1949 წლებში ესტონეთმა თავისი მოსახლეობის 20%-ზე მეტი დაკარგა.

ესტონეთის სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ესტონეთის დროშა

1945 წელს შეიქმნა პირველი ესტონური კოლმეურნეობა – „წითელი მდელო“ პეტსერიმააში. დაიწყო ესტონეთის მასობრივი რუსიფიკაცია. იმ საბაბით, რომ ადგილზე არ არსებობდა კადრები, რომელნიც შეძლებდნენ ახლად დაარსებული გიგანტური წარმოებების კონტროლს, ხდებოდა რუსული მოსახლეობის მასობრივი იმიგრაცია ესტონეთში. ამის შედეგად მარტო ჩრდილოეთ ესტონეთში ესტონელების ხვედრითი წილი მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში 1940 წლის 88%–დან 1990 წელს 61%–მდე დაეცა. 1950 წლის დასაწყისი უკიდურესად დაძაბული იყო, ქვეყანა ახალი რეპრესიების ზღვარზე იდგა, მაგრამ სტალინის სიკვდილმა და ხრუშჩოვის „რეფორმებმა“ ხალხს „ადამიანური სოციალიზმის“ იმედი ჩაუსახა.

დაიწყო მასობრივად გადასახლებულთა ასევე მასობრივი უკან დაბრუნება. ამასთან ერთად, მინიმალურ დონეზე, მაგრამ მაინც კავშირები აღდგა უცხოეთთან. განსაკუთრებით ფინეთთან, რომელთანაც ესტონელებს ისტორიული, კულტურული, და რაც მთავარია, ეთნოლინგვისტური ერთობა აკავშირებთ. (ზოგიერთი მეცნიერი მიუთითებს, რომ ფინელები და ესტონელები არსებითად ერთი ეთნოსია და მათი ენების დივერგენცია უბრალოდ ფინეთის სრუტით იზოლირების შედეგია. ესტონური და ფინური ენები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ფინელისთვის არ არსებობს ესტონური ენის , ანდა ესტონელისთვის ფინური ენის შესწავლის საჭიროება). ამას ხელს უწყობდა ესტონეთში ფინური ტელევიზიების ტრანსლირების შესაძლებლობა. 1965 წელს ფინეთის მიმართულებით გაემგზავრა ხომალდი ვანემუინე, რითაც აღდგა ნაოსნობა ფინეთთან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო შეწყვეტილი. უზომოდ პოპულარული იყო სატელევიზიო პროგრამა ,,ჰოროსკოოპ" (ჰოროსკოპი); რომელიც ევროვიზიის ზოგიერთი სიმღერის ტრანსლირებას ახდენდა, რაზეც ცენზურა თვალებს ხუჭავდა.

1968 წელს პრაღის გაზაფხულის ჩახშობის შემდეგ კვლავ გაძლიერდა იდეოლოგიური წნეხი. საბჭოთა მთავრობამ დაიწყო ,,Homo soveiticus" ფორმირება. დაიწყო ახალი საწარმოების და მაღლივი საცხოვრებელი სახლების მასობრივი მშენებლობა. აღლუმების, ყრილობების, მიტინგების, არჩევნების და ა.შ რუტინა კვლავ გრძელდებოდა „დიადი მომავლის“ მხარდასაჭერად. უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო მხოლოდ ესტონეთის ცხოვრების ნაწილი. ეს იყო მთელი საბჭოთა კავშირის ისტორია, ვინაიდან ამ რეალიების უნიფიცირება მთელი სიმძავრით ხდებოდა ამ უზარმაზარ იმპერიაში.

თავშესაფარად იქცა კულტურა და ხელოვნება. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლიტერატურა, სადაც დაკვირვებული მკითხველი სტრიქონებს შორის თვალნათლივ ამოიკითხავდა პროტესტს. თეატრები დგამდნენ სპექტაკლებს, სადაც მაყურებელს შეეძლო პროტესტის შეგრძნება. იმდროინდელ ესტონეთში უზომოდ პოპულარული იყო კარგად ცნობილი ახალგაზრდა პოეტი პაულ-ეერიკ რუმო, რომელიც დისიდენტურ მოღვაწეობას ეწეოდა.

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის დამდეგიდან დაიწყო გარემოს დამცველთა მოძრაობა ფოსფორიტების მოპოვების დაგეგმილი ზრდის წინააღმდეგ[8]. ამას დაერთო ეროვნული მემკვიდრეობის საზოგადოების ჩამოყალიბება. 1987 წელს იგრძნობოდა რაღაცის სამზადისი ქვეყანაში, თუმცა პირდაპირ ამაზე საუბარს უმეტესობა ერიდებოდა. 1987 წლის გვიან დეკადებში ამ ორი ორგანიზაციის ორგანიზებით დაიწყო მასობრივი პროტესტი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. დაიწყო ბრძოლა ესტონური სახელმწიფოებრიობის აღსადგენად – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

ტალინში და განსაკუთრებით ტარტუში, გახშირდა სტუდენტური გამოსვლები. 1988 წელს მეტად ცვალებადი და მერყევი იყო ქვეყნის ისტორიაში. პროტესტის კულმინაცია აღმოჩნდა 1989 წლის 23 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვის საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა, როდესაც 600 კილომეტრზე, ტალინიდან რიგის გავლით ვილნიუსამდე დაახლოებით 2 მილიონი ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი ჩადგა რიგში ხელიხელჩაკიდებული 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიპენტროპის პაქტის გასაპროტესტებლად, რომლის ძალითაც საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ურთიერთშორის გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა და შესაბამისად – ბალტიისპირეთიც. ამ უნიკალურმა მოვლენამ მთელი მსოფლიოს მასმედია მოიცვა.

მოსკოვი თავიდან არ ცდილობდა სამხედრო ჩარევას. მან შექმნა ე.წ. ინტერფრონტები - რუსი მოსახლეობით დაკომპლექტებული ორგანიზაციები, რომელთაც დაევალათ ბრძოლა დამოუკიდებლობის მომხრეების წინააღმდეგ. „ინტერფრონტის“ წევრები მასობრივ ტერორზე გადავიდნენ. 1990 წელს მათ უზენაესი საბჭოს შენობის შტურმით აღებაც კი სცადეს. ზოგმა ადგილობრივმა კომუნისტმაც ბრძოლა დაიწყო. საქმეში უკვე სამხედრო ძალით ჩაერთო მოსკოვიც. ქვეყანაში სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. მთელი ესტონეთი დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა. 1988 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის სუვერენიტეტი. სიტუაცია მთელ საბჭოეთში უკიდურესად დაიძაბა. მიხეილ გორბაჩოვი ახალ-ახალ დათმობებზე მიდიოდა იმ იმედით, რომ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირს შეინარჩუნებდა. მაგრამ რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობის გამოცხადება დაიწყეს. ამის პრეცედენტი ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა ლიტვის სახით. მალე მას საქართველო, ლატვია და 1991 წლის 20 აგვისტოს ესტონეთიც მიჰყვა. აგვისტოს ბოლოს საბჭოთა არმიამ ტალინი დატოვა.

რამდენიმე დღის შემდეგ პირველმა ისლანდიამ სცნო ესტონეთის დამოუკიდებლობა. მის მაგალითს სხვებმაც მიბაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ადრეც იყო გაერო-ს წევრი, მხოლოდ ახლა მიიღო ესტონეთმა გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობა, როდესაც გაერომ მისი დამოუკიდებლობა აღიარა. ეს იყო ბოლო ნაბიჯი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე.

ესტონეთის რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწრაფო წესით დაიწყო იურიდიული საფუძვლების შექმნა ახალი სახელმწიფოსთვის. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხო საზღვრების დაცვას, კანონმდებლობას, საფოსტო სერვისს და საბანკო საქმეს. 1992 წელს ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. მოსკოვი იძულებული გახდა ესტონეთისთვის გადაეცა სახელმწიფო რეგალიები – ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო დიდი ბეჭედი და ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ყელსაბამი გერბის მედალიონით. ეს უიშვიათესი საიუველირო ღირებულებების ოქროს, ფირუზის, ბრილიანტების და ლალისგან დამზადებული ორი ნაკეთობა 1940 წლიდან კრემლის დაჯავშნულ საცავში ინახებოდა, როგორც სამხედრო ნადავლი.

1992 წლის ივნისში ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელმაც მიმოქცევაში ეროვნული ვალუტა, ესტონური კრონა გაუშვა. 1 დეკემბერს რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივი და შეიძლება ითქვას, რომ გაცოფებული პროტესტის მიუხედავად ესტონეთში სახელმწიფო ენად მხოლოდ და მხოლოდ ესტონური გამოცხადდა, ხოლო ფინურს და რუსულს გავრცელებული ენების სტატუსი მიენიჭათ.

ჰქონდა რა უდიდესი ეკონომიკური მხარდაჭერა სკანდინავიის ქვეყნებიდან და უპირველეს ყოვლისა ფინეთიდან, ესტონეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო ეკონომიკაში ნეოლიბერალური შოკური თერაპიის გატარება. მასობრივი სახე მიიღო პრივატიზაციამ და ფასების ლიბერალიზებამ. დაფუძნდა თავისუფალი ვაჭრობა უცხოეთთან. ვალუტის კურსის სტაბილურობაზე ზრუნვა სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადდა.

თავისუფლებას მოჰყვა პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება. აიკრძალა ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტური პარტიების ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური დეფოლტი განიცადა, აკრძალვა არ შეხებია კომუნისტურ პარტიას. თუმცა მას ანტიესტონური და ანტისახელმწიფოებრივი, პრორუსული პროპაგანდა აეკრძალა. დაკეტილი საზღვრები გაიხსნა და ტალინის ანდა პიარნუს პლაჟზე მობანავეებს მეტად აღარ ეშინოდათ დაპატიმრებისა იმ საბაბით, თითქოსდა ისინი ფინეთში ანდა შვედეთში ცდილობდნენ გაქცევას აქვატორიის გადაცურვით. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, ლატვიასთან იგი მთლიანად ღიაა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, ხოლო ამ კავშირის არაწევრ ქვეყანათა მოქალაქეებისთვის ამ საზღვარზე გასავლელი პროცედურები მაქსიმალურად გაადვილებულია. რუსეთთან სახელმწიფო საზღვარი ღიაა მხოლოდ მთავარ მაგისტრალებზე. დანარჩენზე კი დაკეტილი. რუსეთთან სასაზღვრო ზოლი და საზღვრის გადაკვეთა მკაცრად კონტროლდება.

1994 წლის 31 აგვისტოს, ხანგრძლივი და მძიმე მოლაპარაკებების შემდეგ უკანასკნელმა რუსულმა სამხედრო შენაერთებმა დასტოვეს ესტონეთი. თუმცა მათ აქ გაუნაღმავი ტერიტორიები, დაბინძურებული წყლები, ტერიტორიები და ბირთვული ნარჩენები დატოვეს.

ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ნატოსთან გასაწევრიანებლად.2002 წლის ბოლოს ესტონეთის უახლეს ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ქვეყანამ მიიღო ოფიციალური მიწვევა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2004 წლის აპრილში კი ამ ორგანიზაციათა სრულუფლებიანი წევრი გახდა.

გარდა ეკონომიკური წარმატებებისა, სწრაფი რეფორმებების ერთ-ერთი მიზანი რეგიონების მიხედვით ქვეყანაში სამრეწველო და ეკონომიკური დონის სხვადასხვაობის მოსპობა იყო, რაც ასე გულმოდგინედ იმალებოდა საბჭოთა დროს; როდესაც მხოლოდ ჩრდილოეთ ესტონეთში იყო მრეწველობის ობიექტები განლაგებული, დანარჩენი რაიონები კი ღვთის ანაბარა იყო მიტოვებული. 1991 წლის შემდეგ თითქმის ყველა ახალი საწარმოს გახსნა სამხრეთ და აღმოსავლეთ ესტონეთში ხდება და ასე გრძელდება დღესაც. ესტონეთის ეკონომიკური მიღწევები იმდენად თვალსაჩინოა, რომ მრავალ ქვეყანას მოუნდა მისგან გამოცდილების გაზიარება. ასე მაგალითად, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1992-1994 და 1999-2002 წწ.) მარტ ლაარი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო[9]. მსოფლიო აღიარება მოიპოვა ესტონურმა კულტურამაც, როდესაც ტიია-ესთერ ლიოტმემ და მისმა გოგონების ქორალმა გრემის ჯილდო მიიღეს ლოს-ანჟელესში.

საბჭოთა მემკვიდრეობა თავის კვალს დღესაც ამჩნევს ქვეყნის ცხოვრებას - რუსულენოვანი მოსახლეობა პრაქტიკულად მოქალაქეობის არმქონეა. ამის მიზეზია, ის ფაქტი რომ ერთი ნაწილი ვერ აბარებს გამოცდას სახელმწიფო ენის ცოდნაზე, ხოლო მეორე ნაწილი ვერ ხედავს ესტონეთის მოქალაქეობის მიღების აუცილებლობას. მიუხედავად უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევებისა, მიუხედავად ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისა, ქვეყნის წინ კვლავ მრავალი ამოცანა დგას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივონური კონფედერაციატერა მარიანაესტონეთის სსრლივონიის საჰერცოგოლივონიის საჰერცოგოლივონიის საჰერცოგოლივონიის საჰერცოგოესტონეთის საჰერცოგოესტონეთის საჰერცოგოესტონეთის საჰერცოგოდანიური ესტონეთიდანიური ესტონეთიევროპის კავშირიესტონეთიანტიკური ესტონეთიესტონეთის ისტორია


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marcantonio, Angela (2002) The Uralic language family: facts, myths and statistics. Oxford, UK: Blackwell, გვ. 21–23. ISBN 0-631-23170-6. 
  2. 2.0 2.1 Heinrici Chronicon Livoniae „ლივონიის ქრონიკა“ ჰაინრიხ ლატვიელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-21. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
  3. Estonian Declaration of Independence. www.president.ee. Estonian National Council (24 February 1918). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-10. ციტირების თარიღი: 2009-09-20.
  4. Alan Siaroff, "Democratic Breakdown and Democratic Stability: A Comparison of Interwar Estonia and Finland," Canadian Journal of Political Science Vol. 32,No. 1 (Mar., 1999), pp. 103-124 in JSTOR
  5. (2003) The World Book encyclopedia. Chicago, IL: World Book. ISBN 0-7166-0103-6. 
  6. O'Connor, Kevin J. (2003). The history of the Baltic States. Westport, Conn.: Greenwood Press. ISBN 0-313-32355-0. 
  7. Molotovi–Ribbentropi pakt ja selle tagajärjed Estonian. Estonian Ministry of Foreign Affairs (22 August 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-07. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
  8. Министерство окружающей среды Эстонии: Ископаемые. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-21. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
  9. Лаар станет консультантом Саакашвили (2006)