ესპანური ნეოკოლონიური სტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესპანური ნეოკოლონიური სტილი (ინგლ. Spanish Colonial Revival Style) იყო არქიტექტურული მიმდინარეობა აშშ-ში, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა პანამის არხის გახსნის შემდეგ და ჰელენ ჰანტ ჯეკსონის რომანის "რამონა" უზომო პოპულარობის გამო. ესპანური კოლონიური სტილის არქიტექტურაზე დაყრდნობით, რომელიც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ადრეულ ესპანურ კოლონიებში იყო პოპულარული, ესპანური ნეოკოლონიური სტილი ამ ფორმების განახლებას ახდენს ახალი საუკუნისთვის. მიმდინარეობა ყველაზე პოპულარული 1915-31 წლებში იყო და ყველაზე ხშირად ერთსართულიან კერძო სახლებში აისახა.

სტილი მრავალ ელემენტს ახლოდ მონათესავე დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ნეომისიონერულ და პუებლოს სტილებისგან სესხულობს, და ასევე ძლიერ გავლენას განიცდის იგივე არტს-ენდ-კრაფტს მოძრაობისგან, რომელიც ამ არქიტექტურული სტილების უკან იდგა. ესპანური და მექსიკური არქიტექტურის რამდენიმე ეპოქისთვის დამახასიათებელი დეტალების კომბინაციის გამოყენებით, სტილი გამოირჩეოდა გლუვი ბათქაშის (სტუკო) კედლებითა და საკვამურებით, თიხის ფილებით, მცირედ დაქანებული ან ბრტყელი სახურავებით და ტერაკოტას ან ყალიბში ჩამოსხმული ბეტონის ორნამენტებით. სხვა მახასიათებლებს შორისაა მცირე აივნები და ფანჩატურები, რომაული ან ნახევრადმორკალული არკადები და ღიობები, მაღალი ორმაგი ფანჯრები, დეკორატიული რკინის სახელურები. ამ სტილის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული არქიტექტორი კალიფორნიაში ჯორჯ ვაშინგტონ სმიტი იყო, რომელიც 1920-იან და 30-იან წლებში მოღვაწეობდა. მისი ყველაზე უკეთ ცნობილი პროექტია სტედმანის სახლი მონტეჩიტოში — ამჟამად მუზეუმი "კასა დელ ჰერერო".