ერნსტ ნეიზვესტნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერნსტ ნეიზვესტნი (რუს.: Эрнст Иосифович Неизвестный) (*9 აპრილი, 1925, სვერდლოვსკი) — რუსი მოქანდაკე. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მისი მშობლები, ებრაელები, 1930-იან წლებში ხალხის მტრებად შერაცხეს. 17 წლის ასაკში ნეიზვესტნი მოხალისედ წითელ არმიაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ის მძიმედ დაიჭრა და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ წითელი დროშის ორდენი "სიკვდილის" შემდეგ მიანიჭეს და დედას ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს შვილის სიკვდილის შესახებ, ნეიზვესტნი გადარჩა.

1947 წელს ნეიზვესტნი რიგის ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა. შემდეგ განათლება სურიკოვის სახელობის მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტში და მოსკოვის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი სკულპტურები, რომლებიც ხშირად ადამიანის სხეულის ფორმას ემყარება, გამოირჩევა ექსპრესიულობით და მძლავრი პლასტიციზმით. უპირატესობას ბრინჯაოს ანიჭებდა, თუმცა მონემენტური ინსტალაციები ბეტონით აქვს შექმნილი. მის ნამუშევართა უმრავლესობა მოწყობილია ციკლების სახით, რომელთა შორის გამოირჩევა "ცხოვრების ხე", თემა, რომელზეც ის 1956 წლიდან მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა მის ნამუშევრებს მოსკოვის მანეჟის გამოფენაზე 1962 წელის "დეგენერატიული ხელოვნება" უწოდა ("რატომ უმახინჯებ სახეებს საბჭოთა ხალხს?"), მოქანდაკეს მოგვიანებით ხრუშჩოვის ოჯახმა სთხოვა ყოფილი საბჭოთა ლიდერისთვის საფლავის მემორიალური ქვა შეექმნა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. საბჭოთა პერიოდში მის მიერ შექმნილ სხვა განთქმულ ნამუშევართა შორისაა "პრომეთე" არტეკში (1966) და "ლოტუსის ყვავილი" ასუანის კაშხალზე ეგვიპტეში (1971). 1976 წელს ის საბჭოთა კავშირიდან შვეიცარიაში გადადის საცხოვრებლად.

1980-იან წლებში ნეიზვესტნი კალიფორნიის ბერკლის და ორეგონის უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორია. ასევე თანამშრომლობდა გალერეა მაგნასთან სან-ფრანცისკოში, სადაც მისი რამდენიმე გამოფენა გაიმართა. ამ გალერეის დაკვეთით შექმნა ნეიზვესტნიმ "მამაკაცი კედელში" სერია, 1980-იანი წლების ბოლოს კომუნიზმის დამარცხების აღსანიშნავად.

1996 წელს ნეიზვესტნიმ დაასრულა "გოდების ნიღაბი", 15 მეტრიანი მონუმენტი მაგადანში, მიძღვნილი საბჭოთა დევნის მსხვერპლთათვის. იმავე წელს დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიით. მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ნიუ-იორკში ცხოვრობს და კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს, ნეიზვესტნი ხშირად მოგზაურობს რუსეთში, სადაც 2005 წელს მისი 80 წლის იუბილე გადაიხადა.

უტერსბერგში, შვედეთი, შექმნილია მუზეუმი, რომელიც მის ნამუშევრებს ეძღვნება. ჯვარცმის მისი რამდენიმე ქანდაკება შეისყიდა იოანე პავლე II-მ ვატიკანის მუზეუმისთვის შეიძინა.

ერნსტ ნეიზვესტნის ნამუშევარია მერაბ მამარდაშვილის ბიუსტი, რომელიც 2001 წელს გაიხსნა თბილისში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • (რუს.) ვორონოვი ნ. ვ. "ერნსტ ნეიზვესტნი". მოსკოვი, 1991.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]