ეზატის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეზატის ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის ჩივაანთ უბანში, ამაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,2 X 4,85 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. XIX საუკუნის დასაწყისში ნაგებობა შეუკეთებიათ - შემოუვლიათ ოთხი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი და დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. ეკლესიის სამხრეთ კედელში არსებული შესასვლელი ამოუქოლავთ და მინაშენის სამხრეთ კედელში ნახევარწრიული თაღით დასრულებული მაღალი და ფართო კარი გაუჭრიათ. ეკლესიის ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი ამოშენებულია. ორივე ნაგებობა ერთიანი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. მინაშენს ჩრდილოეთით ორი სარკმელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით - თითო. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. მინაშენის დასავლეთ ფასადზე, ცენტრში აგურის წყობაში გამოყვანილია დიდი ჯვარი. ამავე ფასადის ფრონტონის კუთხეზე დგას აგურის ოთხბოძიანი სამრეკლო. ეკლესია გადახურულია კრამიტით.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.