ევროპის დაისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსვალდ შპენგლერის გახმაურებული ნაშრომი „ევროპის დაისი“ ( Der Untergang des Abendlandes) გერმანულ ენაზე ორ წიგნად გამოიცა 1918–1923 წლებში. ქართულად თარგმნილია მისი ფრაგმენტები. ამ წიგნში მან გამოთქვა აზრი, რომ არ არსებობს ერთიანი მსოფლიო ისტორია. ამ ისტორიას ქმნის რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კულტურის სურათი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ბედი აქვს. „მსოფლიო ხაზოვანი ისტორიის უღიმღამო სურათის ნაცვლად მე ვხედავ მრავალი მძლავრი კულტურის ნამდვილ სპქტაკლს, რომლებიც აღმოცენდებიან დედა–ლანდშაფტიდან და პირველყოფილი სიცხოველით ჰყვავიან მასზე, მკაცრად მიჯაჭვულნი არიან მას მთელი თავისი განვითარებით, თავიანთ მასალაზე–კაცობრიობაზე–სჭედენ საკუთარ ფორმას და გააჩნიათ საკუთარი იდეა, საკუთარი სიცოცხლე, სურვილები, გრძნობები, საკუთარი აღსასრული“,– აღნიშნავს შპენგლერი.

მისი თქმით, მსოფლიო ისტორია, რომელიც 6000 წელს მოიცავს, 8 ერთმანეთისგან იზოლირებული, თანაბარმნიშვნელოვანი კულტურის ისტორიაა. ესენია: ჩინური, ბაბილონური, ეგვიპტური, ინდური, ანტიკური, არაბული, დასავლური და მაიას კულტურები. არსებობენ კიდევ ჩანასახოვანი კულტურები, რომლებიც არ განვითარდნენ, ვერ მომწიფდნენ (მაგალითად, ხეთური ან სპარსული კულტურები).

შპენგლერმა შემოიტანა „კულტურის სულის“ ცნება. მისი აზრით, ყველა კულტურას გააჩნია საკუთარი „სული“, რომელიც რეალიზდება მრავალრიცხოვან ინდივიდუალურ სიცოცხლეებში. ყოველი კულტურის სული უნიკალურია და ბოლომდე არ გამოიხატება რაციონალური საშუალებებით. ამიტომაა ესოდენ ძნელი სხვა კულტურის ხალხის შინაგანი სამყაროს წვდომა, მათი სიმბოლოების, გრძნობების, რწმენათა ბუნების გაგება: „ყველა დიდ კულტურას ახასიათებს მსოფლშეგრძნების საიდუმლო ენა, რომელიც სრულიად გასაგებია მხოლოდ იმისათვის, ვისი სულიც მთლიანად ეკუთვნის ამ კულტურას“.

შპენგლერის აზრით, კულტურა ეს არის სიმბოლურად გამოხატული აზრობრივი მთლიანობა(სისტემა), რომელშიც ბუნებრივად (და მრავალფეროვანი საშუალებებით რეალიზდება შესაბამისი სული. შპენგლერი გამოყოფს სულის რამდენიმე სახეს: „აპოლონურს“, „მაგიურს“, „ფაუსტურს“, რომლებიც, შესაბამისად, საფუძვლად უდევს ბერძნულ, შუა საუკუნეების არაბულ და ევროპულ კულტურებს. ყველა კულტურა თანაბარმნიშვნელოვანია და უნიკალური. თითოეულს გააჩნია არა მარტო საკუთარი ხელოვნება, არამედ საკუთარი ბუნებისმეტყველება და თვით ბუნებაც კი, რადგან ბუნება ადამიანის მიერ კულტურის მეშვეობით აღიქმება. ყოველ კულტურას აქვს ისტორიის საკუთარი ტიპი, რომლითაც იგი უშუალოდ შეიგრძნობს და განიცდის ზოგადსა და კერძოს, მსოფლიო–ისტორიულსა და ბიოგრაფიულს.

კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან იბადება და ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის: ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერეს და სიკვდილს. კულტურა კვდება მაშინ, როცა მისი სული განახორციელებს თავის ყველა შესაძლებლობას ხალხთა, ენათა, რწმენა–წარმოდგენათა, ხელოვნებათა, სახელმწიფოთა, მეცნიერებათა სახით, დგება ცივილიზაციის ეპოქა.

ყველა კულტურას თავისი ცივილიზაცია აქვს. იგი მოსდევს კულტურას, როგორც სიკვდილი სიცოცხლეს, გაქვავება–განვითარებას, სულიერი მოხუცებულობა–სულის ბავშვობას. ცივილიზაცია გარდაუვალი დასასრულია; ღრმა შინაგანი აუცილებლობით ამ საფეხურს აღწევს ყველა კულტურა,–წერდა შპენგლერი,– ცივილიზაციად ქცეულმა ხემ შეიძლება კიდევ ათასი წელი იარსებოს, როგორც უღრან ტყეში–გამხმარმა ხემ, რომელსაც შოროს გაუწვდია თავისი უსიცოცხლო ტოტები. ასე დაემართა ეგვიპტეს, ჩინეთს, ინდოეთს, ისლამურ სამყაროს. ამ გოლიათივით იდგა იმპერიის ეპოქის უზარმაზარი ანტიკური ცივილიზაცია, ერთი შეხედვით– ჭაბუკური ძალით აღსავსე, და ახშობდა აღმოსავლეთის ახალგაზრდა არაბულ კულტურას.

მისივე ტქმით, კულტურა სიცოცხლის საწყისი ეტაპია, ცივილიზაცია კი სიკვდილის. ცივილიზაციის ნიშნად იგი მიიჩნევს იმპერიალიზმს, აგრეთვე პიროვნების გაუფასურებას და მასაში გათქვეფვას, ადამიანის მიერ ღირებულების დაკარგვა და ძირითად ფასეულობად ფულის გახდომა. კულტურას შპენგლერი ადარებს მადნით სავსე საბადოს, ცივილიზაციას კი მისგან დაცარიელებულს.

საინტერესოა შპენგლერის მიერ შემოთავაზებული ცნების „თანადროულობის“ (ერთდროულობის) ახლებური გაგება. ჩვეულებრივ, ერთდროულად ითვლება დროში პარალელურად მიმდინარე მოვლენები. შპენგლერის მიხედვით კი ერთდროულია ის ისტორიული მოვლენები, რომელთაც საკუთარ კულტურებში სავსებით შესაბამისი მნიშვნელობა აქვთ და ერთნაირ მდგომარეობაში არიან. მაგალითად, ანტიკურ და დასავლურ კულტურებში ერთდროულია პითაგორა და დეკარტი, პლატონი და ლაპლასი, არქიმედე და გაუსი. ყველა კულტურისთვის ერთდროულია კულტურის გადასვლა ცივილიზაციაში. ანტიკურობაში ესაა ფილიპესა და ალექსანდრეს ეპოქა, დასავლეთში– რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კულტუროლოგია, (გურამ ლორთქიფანიძის რედაქციით), თბ.,„თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001