ევრისთევსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევრისთევსი — არგოსელთა მეფე ტირინთოში თუ მიკენში, სთენელოსის და პელოპის ასულ ნიკიპეს შვილი, პერსევსის შვილიშვილი. ტახტი მიიღო ჰერას ვერაგობის წყალობით. ზევსი მოატყუა, ჰერაკლეზე ადრე მისი დაბადება უზრუნველყო და პირობის თანახმად გამეფდა ის, ვინც პერსეიდების გვარში პირველი იშვა. ევრისთევსმაც, მიკენის უბადრუკმა მეფემ, ლაჩარმა და ბოროტმა კაცმა, კარგად ისარგებლა თავისი უფლებებით და ჰერაკლეს მძიმე დავალებებს აძლევდა მისი დაღუპვის მიზნით. ასე მოახდინა ჰერაკლემ 12 საგმირო საქმე. როდესაც ლომგმირი მოკვდა, ევრისთევსმა ჰერაკლიდების შევიწროება დაიწყო, არსად არ აძლევდა მოსვენებას. ხანგძლივი ბრძოლა მაინც ჰერაკლეს შთამომავლების გამარჯვებით და პელოპონესში გაბატონებით დამთავრდა. ათენმა, თესევსის ქალაქმა, არათუ არ გასცა ჰერაკლიდები და არ ჩააბარე კარზე მომდგარ მტერს, არამედ თავი გამოიდო და ევრისთევსის ჯარს შეება. ევრისთევსი დამარცხდა და ეტლით გაიქცა. მოხუცი იოლაოსი, ჰერაკლეს ძმისშვილი, ძველი მეგობარი და თანამებრძოლი, ჰერაკლიდების დაუღალავი ქომაგი, სკირონიდის კლდეებთან დაეწია. ჯერ მეგობრის უფროს შვილსჰილოსს შეეხვეწა, ეტლი მათხოვეო, შემდეგ ზევსს შეევედრა, ერთი დღით ოდინდელი სიჭაბუკე დამიბრუნეო. წუთით ღრუბელმა დაბურა, მერე ახალგაზრდა გმირად ქცეული დაედევნა მტერს, შეიპყრო, ეტლიდან გადმოათრია, შებოჭა, ჰერაკლეს მოხუცებულ დედას - ალკმენეს მიჰგვარა, რომელმაც მაქოთი თვალები დასთხარა და წამებით მოკლა ან ჰილოსმა მოკლა, თავი მოჰკვეთა, ალკმენეს მიუტანა და ქალმა თვალები დასთხარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 158, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: