ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ედპ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
ლიდერი ბაჩუკი ქარდავა
დაფუძნდა 1988,
იდეოლოგია ქრისტიანული დემოკრატია
შტაბ-ბინა თბილისი, რუსთაველის გამზირი N21
www.ndp.ge

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) -- მემარჯვენე მიმართულების, ერთ-ერთი ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1988-1999 წლებში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის იდეა უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც 1906 წელს შეადგინა პარტიის პროგრამა და რომლის განხორციელებაც ილიას მკვლელობის გამო წლებით გადაიდო. მხოლოდ 1917 წელს სპირიდონ კედიამ თანამოაზრეებთან ერთად (დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აბხაზი და სხვ.) ილიას მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის პირველ თავმჯდომარედაც თავად სპირიდონ კედია იქნა დასახელებული, ხოლო პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე. 1918-1921 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში წარმოადგენდა უმცირესობას. გასაბჭოების შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატების დიდი ნაწილი სამშობლოში დარჩა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის შედეგადაც ეროვნულ-დემოკრატების დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იქნა დახვრეტილი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატებმა პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძეს საფრანგეთში, ემიგრაციაში.

ისტორია[რედაქტირება]

პარტია აღდგა 1981 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. ეროვული მოძრაობის დაწყების წლებში, 1988 წელს სწორედ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ ინიციატორები ნოემბრის მასშტაბური აქციისა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გიორგი ჭანტურია ეროვნული მოძრაობის წლებში ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. ეროვნულ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1989 წელს ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას მიერ ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იყო საშიშროება ქართველ და ოს ხსალხს შორის ურთიერთდაპირისპირების, რასაც მართლაც მოჰყვა ქვეყნის ინტერესებისათვის არასასურველი შედეგები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 1990 წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი. "მრგვალი მაგიდის" მიერ "ეროვნული ფორუმის" დატოვებისა და მათი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა ოპოზიციას და მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე 1990 წლის შემოდგომაზე.

1990-1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. 1993-1995 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო უმცირესობაში, 1993 წლებში პარტია ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს, რომელიც საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა და გადავიდა შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციაში. ედპ და მისი ლიდერი გიორგი ჭანტურია წარმოადგენდა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას. გიორგი ჭანტურია ღიად აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მოდიოდა. 1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.

ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. 1999 წლის არჩევნებში ის მონაწილეობდა რესპუბლიკელებთან და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.

2003 წლის არჩევნებში ედპ გაწევრიანდა ალიანსში "ახალი საქართველოსთვის" მმართველ მოქალაქეთა კავშირთან ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთაო მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. ამის შემდეგ, 2003 წლის დეკემბერში, ირინა სარიშვილს პარტიის პრეზიდიუმმა დაატოვებინა პარტიის ლიდერის პოსტი და თავმჯდომარე გახდა ბაჩუკი ქარდავა.

2004 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა პარტიის ლიდერთა ნაწილი, რომელთაც პარტია დატოვეს 1996 წელს განხეთქილების შემდეგ. ედპ მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციონალისტთა პარტიასთან ერთად, მაგრამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. 2008 წლის ნოემბერში პარტიამ მოიგო შუალედური არჩევნები დიდუბის საარჩევნო ოლქში და მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა გურამ ჩახვაძე. პარტია მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება]

პარტიის პრიორიტეტებში შედის უმუშევრობის პრობლემის დაძლევა, მცირე მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. ედპ გამოდის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნის ინიციატივით. პროგრამის მიხედვით საგარეო ორიენტირებია ევროკავშირი და ნატო, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტები.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება]

პარტიის თავმჯდომარეა ბაჩუქკი ქარდავა. მოქმედებს ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები. პარტიას აქვს თბილისის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რაჭის, ქვემო ქართლისა და კახეთის ორგანიზაციები.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
1992 საპარლამენტო მოიპოვა 12 მანდატი
1995 საპარლამენტო 7.95% მოიპოვა 34 მანდატი
1999 საპარლამენტო 4.45% ვერ გადალახა ბარიერი
2004 საპარლამენტო 2.5% ვერ გადალახა ბარიერი
2012 საპარლამენტო 0,14% ვერ გადალახა ბარიერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]