დუშეთის მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დუშეთის რაიონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუშეთის მუნიციპალიტეტი
MM-Dusheti-ka.svg

დუშეთის მუნიციპალიტეტი  დროშა დუშეთის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

დუშეთი

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარე

გამგებელი

ვაჟა ჩოხელი     

დეპუტატი პარლამენტში

ერეკლე ტრიპოლსკი     

სიმჭიდროვე

11.3 [1] კაცი/კმ²

ფართობი

2981.5 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

33.400 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 94.6%
ოსები 4.8%
რუსები 0.2%
სომხები 0.1%
აფხაზები 0.1%[2]

დუშეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული, აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში; მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში - დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-1928 წლებში — დუშეთის მაზრაა, 1928-1930 წლებში ტფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან კი ყალიბდება დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

სამხრეთით საზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს რუსეთის ფედერაცია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ფართობია – 2981.5 კმ².

გეოგრაფია[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი საშუალ და მაღალმთიანია. მცირე ფართობზე არი დაბალმთიანი ადგილებიც, კერძოდ: ბაზალეთის პლატოს, დუშეთის ქვაბულისა და შიდა ქართლის ვაკის სახით. რელიეფში ძირითადად გაბატონებულია ეროზიული, ასევე ძველმყინვარული და პერიგლაციალური რელიეფის ფორმები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით აღმართულია საქართველოს კავკასიონის შემადგენელი მონაკვეთი; თუშეთ-ხევსურეთისა და მთიულეთ-ფშავის კავკასიონები. პირველი მათგანი კავკასიონის ჩრდილოეთ, მეორე კი სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ფარგლებში თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონს გამოეყოფა ხევსურეთისა და აწუნთის ქედები.

ხევსურეთის ქედი გაწოლილია მდინარეებს არღუნისა და ასას ხეობებს შორის. აქვს ჩრდილოეთური მიმართულება. მის თხემზე აღმართულია მწვერვალები: მალალებისმაღალი (4007 მ), მახისმაღალი (3391 მ) და გომღისმაღალი (3740 მ). უღელტეხილი ისართღელე (3486 მ), რომელიც ქედის შუა მონაკვეთში მდებარეობს, ერთმანეთთან აკავშირებს არხოტისა და არდოტის თემებს. ხევსურეთის ქედი აგებულია ლიასის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. არის თანადროული მყინვარები (აღოსავლეთ კალთაზე). დასავლეთ კალთაზე მყინვარი გვხვდება მხოლოდ მწვერვალ მახისმაღალზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მერიდიანული აწუნთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შედის დასავლური კალთა, სადაც აღმართულია მწვერვალი პირჩიტა (3840 მ). აწუნთის ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. არის მყინვარები, მ.შ. პირჩიტა.

მუნიციპალიტეტის ფარგლებში მთიულეთ-ფშავის კავკასიონს გამოეყოფა ალევის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ქართლის ქედები.

ალევის ქედი განლაგებულია მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში, ახალგორის მუნიციპალიტეტის საზღვრის გასწვრივ. ქედს ახასიათებს ნაზი რელიეფი, გამონაკლისს წარმოადგენს ლორწომისკლდის მასივი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთაა. ალევის ქედზეა მთები : მუნჯუხე (2685 მ), ლომისი (2452 მ), საფერშეთი (2520 მ) და სხვ.

მთიულეთის ქედი - მთავარ ქედს შირიმის მწვერვალთან გამოეყოფა, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და თავდება დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით. მთიულეთის ქედზე აღმართულია მთები: საბადლო (2802 მ), მთაწმინდა (2760 მ), წიფორი (2577 მ) და სხვ. მთიულეთის ქედი აგებულია დოგერის ფიქალ-ქვიშაქვებითა (ჩრდილოეთ ნაწილი) და ცარცული კირქვა თიხებით (სამხრეთი ნაწილი). მთიულეთის ქედმა მეოთხეული გამყინვარება განიცადა, რაც გამოისახება ქედის ჩრდილო მონაკვეთში.

გუდამაყრის ქედი - მთავარ ქედს მწვერვალ ჩრდილო ჭიუხთან გამოეყოფა. აქვს თითქმის მერიდიანული მიმართულება. გრძელდება დაახლ. 40 კმ სიგრძეზე კავკასიონის მთავარი ქედიდან ჟინვალის წყალსაცავამდე. ქედზე აღმართული რიგი მწვერვალებიდან აღსანიშნავია: ლაღისმთა (2601 მ), ლუთხუბი (2572 მ), საფსიტისწვერი (2278 მ) და სხვ. გადასასვლელებიდან მთავარია უღელტეხილი ფხიტური და უკანტბა. გუდამაყრის ქედი აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, ასევე ცარცული ასაკის ქვიშაქვებითა და კირქვებით.

ქართლის ქედი შემოდის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი აღმოსავლეთ კავკასიონში შემავალი მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა. მთავარ ქედს დიდ ბორბალოს მთასთან გამოეყოფა. მიემართება სამხრეთისაკენ და ბოლოვდება ცხვარიჭამიას უღელტეხილით. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩო (3078 მ), მნიშვნელოვანი მთებია : ხეობა (1492 მ), დოლოშა (1412 მ), ჭვინთაური (1240 მ).

დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ქართლის ქედს გამოეყოფა უბისთავის 9 კმ სიგრძის საშუალ-მაღალმთიანი ქედი, რომლის შუა მონაკვეთში მდებარეობს მწვერვალი უბისთავი (2330 მ).

დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ასევე კიდეგანის ქედის ჭიმღისკლდის შტოქედი, რომელიც აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მუნიციპალიტეტში აღმართულია ასევე ჭანჭახისა და არჟელამის შტოქედები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ვრცელდება დაბალმთიანი ბაზალეთის პლატო (ვაკე). იგი გაწოლილია მდინარეებს არაგვსა და ნარეკვავს შორის. პლატოს აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 875 მეტრიდან 950 მ-მდე. დანაწევრებულია მცირე მდინარეებით: საკრამულოსხევით (ლაზვიანთხევი), ხანათხევითა და მდინარე თინასხევით. ბაზალეთის პლატო აგებულია მეოთხეული კონგლომერატებითა და რიყნარ-ქვიშანარით.

შიდა წყლები[რედაქტირება]

ჰიდროგრაფიული ქსელი მჭიდროა და წარმოდგენილია: მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მიწისქვეშა წყლებით. არის როგორც მთის, ისე მთისწინეთისა და ბარის მდინარეები. გაფანტულია საკმაოდ ბეცრი ტბა, რომელთა უმეტესობა მცირე ფართობისაა.

მთავარ სამდინარო ქსელს ქმნის ოთხი არაგვი (მთიულეთ-გუდამაყრისა და ფშავ-ხევსურეთის), რომელთაგან უმთავრესია მთიულეთის არაგვი.

მთიულეთის არაგვი (სიგრძე 41 კმ) სათავეს იღებს ყელის ვულკანურ მთიანეთზე, მწვერვალ ხორისარის კალთებიდან, ზღვის დონიდან 3180 მ-იდან. დაბა ფასანაურამდე მდინარეს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება; ეს საკმაოდ გრძელი მონაკვეთი თეთრი არაგვის სახელწოდებას ატარებს. ფასანაურს ქვემოთ იგი იღებს სამხრულ მიმართულებას, ანანურთან კი კვლავ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მოიხრება და ასე რჩება ჟინვალის წყალსაცავამდე. მთავარი შენაკადებია: ამირთხევი, დგნალისხევი, არყალა, ერეთოსწყალი, ჩაბარუხი (მარჯვ.); გვიდაქე, ფშარისხევი, ჩირიკისხევი, ხადისწყალი, სონჩოსხევი (მარცხ.).

მთიულეთის არაგვი დაბა ფასანაურთან მარცხნიდან გუდამაყრის არაგვს იერთებს, რომელიც თავის მხრივ, მწვერვალ ჭიუხის კალთებიდან იწყება. გუდამაყრის არაგვი იქმნება მდინარეების ბაკურხევისა და ბურსაჭირის შეერთებით, ზღვის დონიდან 1250 მ-ზე. სათავიდან სოფელ ბურსაჭირამდე იგი სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ კი ზოგადად ისევ სამხრეთ-დასავლეთისაკენ, სადაც ამ მიმართულებას შესართავამდე ინარჩუნებს. გასდევს გუდამაყრისა და მთიულეთის ქედებს. გუდამაყრის არაგვის სიგრძეა 29 კმ.

მდინარე ფშავის არაგვი (სიგრძე 56 კმ) მთა დიდი ბორბალოს სამხრეთ კალთიდან ჩამოედინება. ხევსურეთის არაგვის შესართავამდე, მდინარეს აქვს დასავლური მიმართულება, შემდეგ კი სამხრეთისაკენ მოიხრება და ამ მიმართულებას ბოლომდე ექვემდებარება. მთავარი შენაკადებია: თვალიურა, ბოტანისწყალი, ახადისწყალი, შარახევი შენაკად წერათოულით, ჩარგლულა, ცაცადო (მარცხ.); მათურხევი, გომეხეობა, კიშხევი, ლაშარი, ჩაქისხევი, ხევსურეთის არაგვი (მარჯვ.).

ხევსურეთის არაგვი (სიგრძე 24 კმ) სათავეს იღებს ხევსურეთის ქედის სამხრული მონაკვეთის დასავლეთ კალთიდან. აქვს სამხრეთ-დასავლური მიმართულება. ხევსურეთის არაგვის მთავარი მდგენელი სათავეებია მდინარეები: გუდანისწყალი და გორშეღმისწყალი. ხევსურეთის არაგვის აუზი მთლიანად დოგერისა და ლიასის ფიქლოვანი წყებით არის აგებული. მცირედ არის დიაბაზის შავი ფერის გამოსასვლელები. ხევსურეთის არაგვის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარეები: უსტამალე, ბუჩუკურთა, როშკისწყალი შენაკად აბუდელაურით, დათვისხევი, ბლოსწყალი (მარჯვ.); აკუშოსხევი, ლიქოკისხევი (მარცხ.).

დაბა ჟინვალისა და ქალაქ მცხეთას შორის მონაკვეთს საკუთრივ არაგვი ეწოდება. აღნიშნული მონაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტსაც ეკუთვნის და ზუსტად აქედან ჩაედინება იგი მდინარე მტკვარში. დაბა ჟინვალისა და ქალაქ მცხეთას შორის მონაკვეთი შედარებით ფართოა და ამ მონაკვეთს აქვს დაახლ. 30 კმ სიგრძე (პირდაპირი ხაზით). არაგვის შენაკადებიდან მთავარია მდინარე ნარეკვავი შენაკად ტინისხევით.

დუშეთის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მთავარი ქედის ჩრდილო კალთის მდინარეები: არღუნი და ასა.

მდინარე არღუნი საკმაოდ გრძელი (სიგრძე 148 კმ) და წყალუხვი მდინარეა (აუზის ფართობი 3390 კმ²). ზემო დინებაში მთისაა, ქვემოთში კი ვაკის.

მდინარე ასას საერთო სიგრძეა 133 კმ. მის ზემო მონაკვეთს ეწოდება არხოტისწყალი.

დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებიდან მთავარია ბაზალეთისა და აბუდელაურის ტბები. ბაზალეთის ტბა ამავე სახელწოდების პლატოზე, 878 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობია 1,22 კმ². ტბის მიდამოები კეთილმოწყობილია.

აბუდელაურის ტბა მდებარეობს მდინარე როშკისწყლის შენაკადის მდინარე აბუდელაურის სათავეში, ზღვის დონიდან 2812 მ-ზე. სარკის ფართობია 0,035 კმ², უდიდესი სიღრმე - 3,8 მ.

მდინარე არაგვზე აგებულია ჟინვალის წყალსაცავი, რომლის სარკის ფართობია 11,5 კმ², მოცულობა 520 მლნ. მ³ არის მინერალური წყაროებიც, მ.შ. „ვაჟას-წყაროსა“ და „ფასანაურის“.

ჰავა[რედაქტირება]

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ძირითადად 3 ტიპის ჰავა:

  1. ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ზანგრძლივი თბილი ზაფხულით;
  2. ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრით და მოკლე გრილი ზაფხულით;
  3. მაღალმთის ნოტიო ჰავა, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.

ტერიტორიას ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,7°, იანვრის -1,4°, ივლისის 20,4°, ნალექები 740 მმ წელეწადში.

მთები ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა, სადაც იცის საკმაოდ მკაცრი ზამთარი 1200-1600 მმ წლიური ნალექიანობით. 3300-3400 მ-ის ზემოთ ჩამოყალიბებულია მარად თოვლიან მყინვარებიანი ჰავა (ქედების თხემებზე).

ნიადაგები[რედაქტირება]

ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ყომრალსა და ტყის ყავისფერ ნიადაგებს. ტყის ყავისფერ ნიადაგს ვხვდებით დაბალ ადგილებში.

ბაზალეთის პლატოზე მცირედ გავრცელებულია შავმიწისებრი ტიპის ნიადაგი. შემაღლებულ ადგილებში საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებია ჩამოყალიბებული. ალაგ-ალაგ არის ნეშომპალა კარბონატული ნიადაგიც. ტყის ზონის ნიადაგებს ზემოთ ცვლის კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები.

ლანდშაფტები[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ალუვიური ნიადაგები ტუგაის მცენარეულობით;
  2. ტყის ყავისფერი ნიადაგები ჯაგრცხილნარ – მუხნარით;
  3. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყომრალ და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  4. საშუალო მთები წიფლის ტყეებით, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით;
  5. სუბალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
  6. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
  7. სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური მცენარეულობა, შედარებით მცირე ფართობზე არის მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი ტყეები. მდინარე არაგვის გასწვრივ შემორჩენილია ტუგაის ტყე.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდინარეების ასას, არღუნისა და ანდაქის ხეობებში გავრცელებულია მთის ფიჭვნარები. მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობა, მლეთის ზემოთ უტყეოა, მლეთიდან დაწყებული მდინარის ხეობის ორივე გვერდი ფართოფოთლოვანი ტყით არის შემოსული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ასევე სუბალპური და ალპური მდელოები.

ფაუნა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრი ფაუნის წარმომადგენელი გვხვდება, მ.შ. მაღალმთიან ადგილებში ბინადრობს აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და არჩვი. მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავებთან ბინადრობს ისეთი იშვიათი ჩლიქოსანი როგორიცაა ნიამორი. ნიამორი აქ მხოლოდ პირიქით ხევსურეთში ბინადრობს, ძნელად მისადგომ კლდოვან ადგილებში. ტყის ზონაში არის შველი, ირემი, მურა დათვი, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, მაჩვი, კვერნა და დედოფალა. ჟინვალის წყალსაცავთან არის წავი.

ფრინველებიდან არის კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო; მტაცებლებიდან გვხვდება მაღრანი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვ. ტყის ზონაში არის ძერა, ხოხობი, კოდალა, შაშვი და ა.შ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეები მდიდარია იქთიოფაუნით. მდინარე არაგვის ზემო და შუა დინებაში მოიპოვება კალმახი; გვხვდება აგრეთვე ხრამული, მტკვრის ტობი, ქაშაპი და სხვ.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 33,8[1] ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 11 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 283 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 280 სოფელი

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება]

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად დუშეთის მუნიციპალიტეტს ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო არის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც შედგება 10 პროპორციული წესით არჩეული და 18 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისაგან.

აღმასრულებელი ორგანოა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან (გამგეობის სამსახურები) და ტერიტორიული ერთეულებისაგან. ტერიტორიული ორგანოები განთავსებულია ქალაქ დუშეთში და 17 თემში (დასახლებათა გაერთიანებაში).

ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი არის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება]

დღეისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში გარდა ქ. დუშეთისა შედის: ჟინვალის, ფასანაურის, ანანურის, ბაზალეთის, გრემისხევის, გუდამაყრის, ლაფანაანთკარის, მაღაროსკარის, მჭადიჯვრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილის, ჭართლის, ჭონქაძის, ჭოპორტის, ხევსურეთის, ხეობის თემები. თემები წარმოადგენს დასახლებათა გაერთიანებებს. თითოეული თემი ირჩევს ერთ მაჟორიტარ დეპუტატს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. თემებში ასევე ფუნქციონირებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები.

ჟინვალის თემის შემადგენლობაში შედის დაბა ჟინვალი და შემდეგი სოფლები: ზემო არანისი, ქვემო არანისი, ბიჩნიგაურები, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, თვალივი, ლაუშა, ნეძიხი, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ჩინთი, ზემო ხორხი, ქვემო ხორხი, ხატიშო, წობნები, ხილაუშა.

ფასანაურის თემში შედის დაბა ფასანაური და შემდეგი სოფლები: ამირნი, ბანცურები, ბაბილაანი, დავითურნი, ვეშაგურნი, მეჯილაური, სოდევე, უკანამხარი, ქავთარაანი, ჩაბარუხი, ჩადისციხე, ჩირიკი, ცხვედიეთი, ძმიანი, წითლიაანი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკანი, ხანდო, ხევშა.

ანანურის თემში გაერთიანებულია შემდეგი სოფლები: ანანური, ავენისი, ზოტიკიაანთკარი, შალიკიანთკარი, ფხუნდავი, ციხისძირი, ინიაანი, პავლეური, დგნალი, ცივწყარო, ჭივილიაანი, ბანცურთკარი, თანდილაანთკარი, უფურეთი, ქაისხევი.

ბაზალეთის თემში - ბაზალეთი, ჭონტილი, პირმისაანი, ვარსიმაანი, ლაზვიაანი, საშაბურო, ჩანადირთკარი, ბაგა, ყარსიმაანი, ნაგლიაანთკარი, კოჭობა, საკრამული, მლაშე, უდილაანთკარი, ჩირდილელიაანთკარი, ჩიბინიანთკარი, გრიგოლაანთკარი, რადიოსადგური.

გრემისხევის თემში - ციხის უბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიაანი, ქარქუშაანი, ქედელობა, ციგრიაანთკარი, ბურღულები, გრემისხევი.

გუდამაყრის თემში - კიტოხი, ზანდუკი, თოთიაურნი, დიდებაანი, გამსი, ჩოხი, დუმაცხო, ათნოხი, ბურსაჭირი, ბოსელი, ჩობალაურნი, ბაკურხევი, ბახანი, დიხჩო, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, წინამხარი.

ლაფანაანთკარის თემში - ლაფანაანთკარი, ქერიაანთკარი, ძველი ოსები, ახალი ოსები, დავათი, კოშკასყელი, მაღრაანი, მწითურები, ნოჯიკეთი, ხიზნები, ნოჯა, აბანოსხევი.

მაღაროსკარის თემში - მაღაროსკარი, გომეწარი, კუჭეჭა, შარახევი, წიფრანი, კანატია, ქალილო, ხილიანა, არბაჩხანი, მიგრიაულთა, კაწალხევი, ხომი, ინო, აფშო, გუდარახი.

მჭადიჯვრის თემში - მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი, მილისწყარო, ქვემო კოდისწყარო, ზემო კოდისწყარო, ილტოზა, ახალი კადოეთი, ებნისი, ოძისი, ჭაშა, ბაქაქურები, ზემო შუახევი, ქვემო შუახევი, ქვითკირის წყარო, ჭილურტი, წიწამური.

უკანა ფშავის თემი - შუაფხო, გოგოლაურთა, ცაბაურთა, თხილიანა, უძილაურთა, ბინდაურთა, უკანა ფშავი, ახადი, ხოშარა, მათურა, ჭიშო, მუქო, საშევარდნო.

ქვეშეთის თემი - ქვეშეთი, ბედონი, სონცო, ჟოჟონი, ლაკათხევი, უშარნი, ნადიბაანი, ნაღვარევი, ხარხეთი, ჩოხელნი, ყველანი, გვიდაქე, გოგნაური, სალაჯური, მანასეული, სეფე, ზემო მლეთა, ქვემო მლეთა, არახვეთი,კაიშაურები, ჯაღმაანი, ზაქათკარი, ზაქანი, ქოროღო, შარმიანი, ციხიანი, სეთურნი, წკერე, მუღურე, ბენიანი, ბეგონი, იუხო, სვიანა, როსტიაანი, ხადა.

შატილის თემი - შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგიწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა.

ჭართლის თემი - ჭართალი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, დოლასქედი, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ხამუშა, ჯუღისი.

ჭონქაძის თემი - ყვავილი, იორი, ბოდორნა, არღუნი, არაგვისპირი, ახალაანი, ახალი ტონჩა, დუდაურები, ველთაურები, ვეძათხევი, თანიაანთკარი, მეზვრიაანი, მჭედლიანი, ნანიანი, ოქრუანი, ტონჩა, ფრიდონაანი, ქერანა, ქვემო აში, ჯავახიანთკარი.

ჭოპორტის თემი - ჭოპორტი, ბულაჩაური, ღარისწყალა, ახატანი, ქუბრიაანი, წითელსოფელი.

ბარისახოს თემი - ბარისახო, აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, არხოტი, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი.

ხეობის თემი - ახალციხე, გურგალველი, დოლოშა, ვარცლა, კენჭაკლდე, მიგრიაულები, საცხავატლო, ფიჭვიანი, წითელიკლდე, ხეობა

ეკონომიკა[რედაქტირება]

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1390 კვ.კმ.

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას, მევენახეობას. მრეწველობა ადგილობრივი დანიშნულებისაა და მცირე სიმძლავრის საწარმოებითაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები ფასანაური და ჩარგალი. ფასანაური, ანანური და ბაზალეთი ტურისტული ცენტრებია. არაგვის წყალი ამუშავებს ჟინვალჰესს, რომელიც ასევე ხმარდება თბილისის წყალმომარაგებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

კულტურა[რედაქტირება]

დუშეთის მუნიციპალიტეტში 79 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 47 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (სოფელი ჩარგალი), გ. ერისთავის სახლ-მუზეუმი (სოფელი ოძისი)

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

დუშეთის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან აღსანიშნავია: ანანურის ციხე და ტაძარი, ბოდორნის და მჭადიჯვრის ეკლესიები, ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის სოფლებში შემორჩენილი კოშკები და საცხოვრებელი კომპლექსები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აფხაზავა ი., კვერენჩხილაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 660-662, თბ., 1978 წელი.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]