დროის ბორბალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროის ბორბალი
ავტორი რობერტ ჯორდანი და ბრანდონ სანდერსონი
ქვეყანა შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Tor Books (აშშ) და
Orbit Books (დიდი ბრიტანეთი)
პირველი გამოცემა 15 იანვარი, 1990
მედია რბილი და მაგარი ყდები
აუდიოწიგნები

დროის ბორბალი (ინგლ. The Wheel of Time) — ეპიკური ფენტეზის სტილის რომანთა სერია, დაწერილი ამერიკელი ავტორის, რობერტ ჯორდანის მიერ. დაგეგმილი ექვსტომეულად,[1] წიგნის ზომა თანდათანობით თოთხმეტტომეულამდე გაიზარდა.

რობერტ ჯორდანი გარდაიცვალა 2007 წელს და ვერ მოასწრო სერიის დამთავრება, მაგრამ დატოვა მითითებები და ბოლო წიგნების ავტორობა ბრანდონ სანდერსონს დაეკისრა. ჯორდანმა სერიაზე მუშაობა 1984 წელს დაიწყო და პირველი ტომი, მსოფლიოს თვალი, 1990 წელს გამოვიდა.[2] საბოლოო, მე–14 წიგნის, ნათელის ხსოვნის გამოცემის თარიღი კი, 2013 წლის 8 იანვარია.[3]

სერიაში მნიშვნელოვნადაა გამოყენებული ევროპული და აზიური რწმენათა სისტემები, მაგალითად დროის ციკლური ბუნება, რომელიც ინდუიზმსა და ბუდიზმში გვხვდება, ბალანსი და დუალიზმი დაოიზმიდან, სამყაროს შექმნის ისტორია ქრისტიანობიდან. ოკულტიზმით დაინტერესებული ადამიანებიც პოულობენ სიუჟეტში ნაცნობ წარმოდგენებს.

დროის ბორბალი ცნობილია მისი დაწვრილებითი და დახვეწილი სამყაროთი, მისი კარგად განვითარებული მაგიური სისტემითა და პერსონაჟთა ვრცელი გუნდით.

წამძღვარება[რედაქტირება]

დროის დასაწყისში, შემოქმედმა გამოჭედა სამყარო და დროის ბორბალი, რომელიც ბრუნავს და ამით ყოველ სიცოცხლეს აბრუნებს. ბორბალს ეპოქათა გამომხატველი შვიდი ნაწილი აქვს და მას ამოძრავებს მხოლოდი ძალა (One Power), რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებასა და თანხმობაში მყოფი მამრობითი და მდედრობითი (საიდინი და საიდარი) ნაწილებისაგან შედგება. ადამიანებს, რომლებსაც ამ ძალის გამოყენება შეუძლიათ, არხმტარები ეწოდებათ. წიგნში ამ ძალის მტარებელთა მთავარ ორგანიზაციას აეს სედაი ჰქვია, იგივე „ყველას მსახურნი“ ძველ ენაზე.

შემოქმედმა სამყაროს შექმნის მომენტში საკუთარი ანტითეზისი, შაი’ტანი (იგივე ბნელერთი) ბორბლის გარეთ დაამწყვდია. თუმცა ლეგენდების ეპოქად, ან მეორე ეპოქად წოდებულ დროში, აეს სედაის უყურადღებო ექსპერიმენტმა ბნელერთის საპყრობილე გაარღვია და ამით სამყაროზე მისი გავლენა დაუშვა. ბნელერთმა გააერთიანა ყველაზე ძლიერი, გახრწნილი და ამბიციური ადამიანები, რომლებსაც მისი ციხიდან განთავისუფლების სანაცვლოდ იგი ამქვეყნიურ ძალაუფლებასა და უკვდავებას დაპირდა. ცოტა თუ მიხვდა და მათ შორის ბნელერთის ზოგიერთი მსახურიც, რომ მის განთავისუფლებას შეიძლება დროის ბორბლის დამტვრევა და ყოველგვარი სიცოცხლის განადგურება გამოეწვია.

ამ საფრთხის საპასუხოდ, სინათლის მებრძოლად ბორბალმა დრაკონი ამოაგდო. დრაკონი იყო მამრი აეს სედაი, სახელად ლუის თერინ ტელამონი, რომელმაც მოახერხა აეს სედაის შორის დიდი ძალაუფლება მოეპოვებინა. ბნელერთის საპყრობილის გარღვევიდან ერთი საუკუნის შემდეგ, როცა ბნელერთის გავლენა მსოფლიოს მოედო, საზოგადოება გაიხრწნა და დაქვეითდა, საბოლოოდ კი სიბნელისა და სინათლის ძალებს შორის ცხადი ბრძოლები გაჩაღდა. ათი წლის საშინელი მსოფლიო ომის შემდეგ, მანამდე რომლის მსგავსის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, სინათლე რეალური დამარცხების საშიშროების წინაშე დადგა.

სასოწარკვეთილმა ლუის თერინმა, არხმტართა სახელდახელოდ შერჩეულ გუნდსა და ჯარისკაცებთან ერთად მაღალ–რისკიანი, გაბედული იერიში მიიტანა იმ ადგილას, სადაც ბნელერთის საპყრობილე დედამიწას უკავშირდებოდა და ციხე მართლაც ჩაკეტა, თუმცა არასრულყოფილად. ამ დროს კი ბნელერთმა საიდინის დაბინძურება მოახერხა, რითიც მხოლოდი ძალის მამრი არხმტარები გაგიჟების გზაზე დააყენა. „შეშლილობის ჟამს“, მამრმა არხმტარებმა მსოფლიო გააუკაცრიელეს, მიწისძვრებითა და ზღვის მოქცევებით პლანეტის იერი შეცვალეს. მომავალ ეპოქებში ამ ჟამს „მსოფლიოს დაქცევა“ ეწოდა.

ლუის თერინმა, სიგიჟისას მოკლა მეგობრები, საკუთარი ოჯახი და ნათესავები, რის შემდეგაც მას ლუის თერინ მოყვრისმკვლელი ეწოდა. იშამაელის, ბნელერთის მთავარი მსახურის, მიერ მინიჭებული საღი აზროვნების წუთებში ტელამონმა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა და მწუხარებაში თავი მოიკლა – იმაზე მეტი მხოლოდი ძალა მოქაჩა, ვიდრე შეეძლო დაუხმარებლად ემართა.

დროთა განმავლობაში მამრი აეს სედაები დაიხოცნენ ან მხოლოდი ძალისაგან მოიკვეთნენ. მათ დატოვეს გაჩანაგებული მსოფლიო: სახეშეცვლილი მიწა და ოკეანეები, გაფანტული ხალხები, თითქმის განადგურებული ცივილიზაცია. ახლა მარტოოდენ ქალებს შეეძლოთ მხოლოდი ძალის უსაფრთხოდ გამოყენება. მდედრმა აეს სედაებმა შეძლეს ამ ბნელი დროიდან ადამიანთა გამოყვანა. არხმტარი კაცების მიმართ კი თანდათან შიში გაბატონდა, რადგან ყველა გიჟდებოდა, თუ მანამდე არ შეაჩერებდნენ. თავად დრაკონიც კი უარყოფითთან ასოცირდა. აეს სედაის შორის გაჩნდნენ ქალები, რომელთა ერთადერთი ფუნქციაც ასეთ კაცებზე ნადირობა იყო, რათა ისინი დროულად მოეკვეთათ მხოლოდი ძალისაგან.

ამას მოჰყვა ისტორიის სამნახევარი ათასი წელი, დახასიათებადი ცივილიზაციათა აღმავლობებითა და უცილობელი დაქვეითებებით, ეს მღელვარება და ქაოსი ცხად კონტრასტს ქმნიდა ახლა უკვე მითიურ ლეგენდათა ეპოქასთან. ერები და ცივილიზაციები ეცემოდნენ, ძლიერდებოდნენ და ისევ ეცემოდნენ. მშვიდობიანობის იშვიათი შემთხვევები ისევ ომით გრძელდებოდა. მათ შორის ორი კონფლიქტის გამორჩევა შეიძლება, რომლებმაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ზოგადად ცივილიზაციაზე. პირველი იყო „ტროლოკთა ომები“, მეტ–ნაკლებად უწყვეტი ომი, რომელიც რამდენიმე ასეული წელი გრძელდებოდა და სადაც ბნელერთის მსახურებმა კიდევ ერთხელ სცადეს ცივილიზაციის განადგურება. ეს პერიოდი საბოლოოდ აეს სედაის მიერ გაძღოლილი ერთა გაერთიანების წყალობით დამთავრდა. მეორე იყო „ასწლიანი ომი“, გამანადგურებელი სამოქალაქო ომი, რომელსაც მაღალი მეფის, არტურ ჰოკინგის მიერ შექმნილი კონტინენტმომცველი იმპერიის დაცემა მოჰყვა.

ამ ომებმა ადამიანურ რასას ხელი შეუშალეს აღედგინათ ლეგენდათა ეპოქის ტექნოლოგიური სიმაღლეები და კაცობრიობა დანაწევრებული დარჩა. აეს სედაის პრესტიჟიც კი დაეცა, მათი საშინელი ძალის გამო და მათ წევრთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შეიქმნა ისეთი ორგანიზაცები, როგორიც არის სინათლის შვილები, სამხედრო ორდენი, რომელიც მხოლოდ ძალასთან დაკავშირებულ ადამიანებს სიბნელის მსახურებად მიიჩნევს. ადამიანური რასა ტექნოლოგიისა და კულტურის იმ დონეზე დაბრუნდა, რომელიც უხეშად ჩვენს 1450–1600 წლებს შეესაბამება (თუმცა მეცნიერების, ფორმალიზებული სწავლისა და ბრძოლაში დენთის გამოყენების გარეშე), იმ განსხვავებით, რომ უმრავლეს საზოგადოებებში ქალებს იგივე უფლებები აქვთ, რაც კაცებს და ზოგში აღემატებიან კიდეც. ამის ახსნად შეიძლება მდედრი აეს სედაების ძალაუფლება და გავლენა მივიჩნიოთ.

ბოლო მნიშვნელოვანი ომი, აიელთა ომად წოდებული, სერიის დაწყებამდე 20 წლით ადრე მოხდა, როცა თანამედროვე ხანის ხალხები აიელთა მებრძოლი კლანების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ეს კლანები დასავლეთ სამეფოებში ერთ–ერთი მეფისაგან წვნეული შეურაცხყოფისათვის შურის საძიებლად გადმოვიდნენ და შემდეგ ისევ უკან, აიელთა უდაბნოში დაბრუნდნენ. ზოგი ამბობს, რომ ისინი დამარცხდნენ და გაიქცნენ, ზოგიც ამბობს, რომ უკვე იძიეს შური და თავიანთი ნებით წავიდნენ. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტაა ცნობილი აღმოსავლეთის ამ მძლავრი მებრძოლების შესახებ.

ახლა კაცობრიობა ცხოვრობს წინასწარმეტყველებასთან ერთად, რომ ბნელერთი შეძლებს გამოაღწიოს საპყრობილედან და დრაკონი კვლავ იშვება, რათა კვლავ დადგეს მის პირისპირ. მსოფლიოს კი, ქაოსსა და განადგურებას დაატეხს თავს, ბნელერთისგან მისი გადარჩენის ცდაში.

შინაარსი[რედაქტირება]

დროის ბორბლის წინაისტორიული წიგნი „ახალი გაზაფხული“ აღწერს აიელთა ომის დასასრულსა და აეს სედაის აღმოჩენას, რომ აღსრულდა დრაკონის წინასწარმეტყველებათაგან ერთ–ერთი, დრაკონი კვლავ იშვა. იგზავნებიან აეს სედაის აგენტები (მათ შორის მოირაინ დამოდრედი), რომ ბნელის მსახურებს დრაკონის პოვნა დაასწრონ.

თვითონ სერია იწყება დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, ანდორის სამეფოს თითქმის მივიწყებულ განაპირა რაიონში, ორ მდინარეში. აეს სედაი მოირაინი და მისი გუშაგი ლანი ჩამოდიან სოფელ ემონდის ველში და ფარულად იციან, რომ ბნელერთის მსახურები ამ მიდამოებში განსაკუთრებულ ყმაწვილს ეძებენ. მოირაინი ვერ ხვდება სამი ახალგაზრდიდან (რანდ ალ’თორი, მეთრიმ ქაუთონი და პერინ აიბარა) რომელია კვლავშობილი დრაკონი, ასე რომ ორი მდინარიდან სამივე მიჰყავს მათ მეგობარ იგვინ ალ’ვერესთან ერთად. მოგვიანებით, ქალაქ ბაერლონში მათ უერთდება ნაინივ ალ’მიერა – სოფლის უჩვეულოდ ახალგაზრდა სიბრძნე (თანამდებობა – მკურნალი და ბრძენქალი). კაცები განცვიფრებულები არიან, რომ მოირაინმა იგვინსა და ნაინივს ნება დართო მათთან ერთად წამოსულიყვნენ, სანამ გამჟღავნდება, რომ ორივე მათგანს შეუძლია მხოლოდი ძალის მართვა და აეს სედაად განსწავლა. მისტიური აედი, ტომ მერილინიც მათთან ერთად მგზავრობს და ამტკიცებს, რომ ორი მდინარის დატოვებისას უსაფრთხოებას ეძებს. პირველი წიგნი აღწერს ბნელის სხვადასხვა აგენტებისაგან მათ გაქცევასა და ცდას, რომ აეს სედაის ქალაქ ტარ ვალონს მიაღწიონ.

ამის შემდეგ ისტორია ფართოვდება და საწყისი პერსონაჟები ხშირად იყოფიან სხვადასხვა ჯგუფებად, ზოგჯერ ათასობით მილითაც შორდებიან, რათა ხელი შეუწყონ კვლავშობილი დრაკონის (გაცხადებულია როგორც რანდ ალ’თორი) მხარეს. ორი მდინარის საწყისი პერსონაჟები იძენენ ახალ გამოცდილებას, ახალ მოკავშირეებს და გარკვეული ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ადამიანებად იქცევიან. მათი ცდები, ბნელერთის ძალების წინააღმდეგ გააერთიანონ დასავლეთ სამეფოები, რთულდება სხვადასხვა ერთა მმართველების უარით, რომელთაც არ უნდათ ძალაუფლების დათმობა, ასევე სინათლის შვილების მსგავსი დაჯგუფებებით, ვისაც არ სწამს წინასწარმეტყველებების და შონჩანით, არტურ ჰოკინგის იმპერიის დასავლეთ ოკეანისმიღმა დიდი ხნის დაკარგული კოლონიის შთამომავლებით (ერთ დროს ჰოკინგმა მთავარი კონტინენტი საკუთარი მმართველობის ქვეშ გააერთიანა და თავისი შვილი ოკეანის მიღმა გაგზავნა, რომ ის მიწებიც გაეერთიანებინა), რომლებიც დაბრუნდნენ იმ რწმენით, რომ მსოფლიოს დაპყრობა მათი ბედისწერაა. აეს სედაიც იქსაქსება წინა ლიდერის (ამირლინ ტახტი), სიუან სანჩეს, ჩამოგდებისა და ელაიდა ა’როიჰანის წინამძღოლად მოთავსების გამო. ეს ორი მხარე იდეოლოგიურად იყოფა, რომელთაგან ერთი ნაწილისათვის, ასეთ რთულ დროში აეს სედაი რამენაირად ერთიანობად უნდა შენარჩუნდეს და მეორე ნაწილისათვის ელაიდა, როგორც ტახტზე უკანონოდ ასული ლიდერი, მიუღებელია. ისტორიის გაფართოებასთან ერთად, ახალი პერსონაჟები შემოდიან და ახალ ფრაქციებს ქმნიან: მიუხედავად იმისა, რომ ეს გაფართოება მზარდი დაპირისპირებების მასშტაბურობას კიდევ უფრო ცხადად წარმოსახავს, მას აკრიტიკებენ, როგორც ტემპის შემნელებელს, რასაც საწყისი პერსონაჟები ზოგჯერ უკანა პლანზე გადაყავს. მეთერთმეტე წიგნისთვის ცხადი ხდება, რომ ტარმონ გაი’დინი, იგივე უკანასკნელი ბრძოლა, როდესაც ბნელერთი მსოფლიოზე ზემოქმედებას უშუალოდ შეძლებს, გარდაუვალია.

საზოგადოებები[რედაქტირება]

დროის ბორბლის სამყაროში ყოველი ადამიანი თავს რომელიმე სოფლის, ქვეყნის, ერის ან რასის წარმომადგენლად მიიჩნევს; საკუთარი, განმასხვავებელი ტრადიციების მიმდევარია და ფლობს შესაბამის თვისებებსა და უნარ–ჩვევებს. მაგრამ ამ ტრადიციული განმასხვავებელი ნიშნების გარდა, სერიის მნიშვნელოვან ფიგურათა უმრავლესობა რაიმე უფრო დიდი და სპეციფიკური მიზნების მქონე დაჯგუფების წევრია. ასეთი დაჯგუფებები საერთო სურვილების, ინტერესების, უნარების ან მიზნების მქონე ადამიანების მიერ ყალიბდებიან და დროის ბორბლის მსოფლიოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენენ. ეს კარგად ორგანიზებული იდეური, პროფესიული თუ სულიერი საზოგადოებები იერარქიული ორდენის ტიპისაა, თითოეული საფეხურისათვის კარგად განსაზღვრული ცოდნის მისაწვდომობითა და მოვალეობებით. ამ საზოგადოებათაგან ზოგიერთის მიერ დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება და ძალა კი იმხელაა, რომ არათუ თავდაპირველად დასახულ მისიას ასრულებენ, არამედ უფრო მეტი ამბიცია უჩნდებათ და თავად მონარქებზეც კი ახდენენ გავლენას.

ზოგიერთი ჯგუფი დროის ბორბლის სამყაროში:

  • აეს სედაი
  • სინათლის შვილები
  • შავი აია
  • ნათე
  • უარმყოფლები
  • ტუათა’ანი
  • აშა’მანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]