დოსითეოზ თბილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოსითეოზ თბილელი
გარდაიცვალა 1795

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (გ. 25 სექტემბერი, 1795) — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 სექტემბერი (12 სექტემბერი).

წმინდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.

საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა. 1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს, მაგრამ აღარ გაუშვეს, ძალით გაიყვანეს გაღმა. ხიდზე გასულმა მეფემ წმინდა აბოს შეავედრა საქართველო. 11 სექტემბერს, ღამით, მთელი თბილისი ცეცხლის ალში გაეხვია, ძარცვავდნენ და კლავდნენ მოსახლეობას, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, დაარბიეს სტამბა, გაძარცვეს ეკლესიები, გაიძარცვა მეფე ერეკლეს სასახლეც. ურჯულოები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სასულიერო პირებს, თავებს ჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ მათ წმინდა სხეულებს.

ქალაქის დარბევისა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმინდა დოსითეოზი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად.

ვერანაირი სატანჯველებით ვერ გატეხეს ღვთისმსახურთა სარწმუნოება, წმინდა დოსითეოსმა და მთელმა მისმა სამღვდელო დასმა სიკვდილი ირჩია ქრისტესთვის. უსჯულოები ხელ-ფეხშეკრულ სამღვდელოებს სათითაოდ აგდებდნენ მდინარეში, წმინდა დოსითეოსს კი „სამღვდელმთავრი შეღავათი მისცეს“ — წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.