დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია
დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°17′26″ ჩ. გ. 39°43′19″ ა. გ. / 47.29056° ჩ. გ. 39.72194° ა. გ. / 47.29056; 39.72194
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1786-1792

დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია (სომხ. Սուրբ Խաչ, რუს. Церковь Святого Креста) — სომხური ეკლესია დონის როსტოვში. ერთ-ერთი გადარჩენილი შენობა, რომელშიც ადრე მოქმედებდა მონასტერი. აგებულია XVIII საუკუნის ბოლოს ყირიმიდან გადმოსახლებული სომხების მიერ ყირიმში არსებული ამავე სახელწოდების მონასტრის სახელზე. ეკლესია არის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, რომელიც შემორჩენილია როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია გარშემორტყმულია დონის როსტოვის ვოროშილოვგრადის რაიონის საცხოვრებელი კვარტლებით. ეკლესია დგას მაღლობზე, რომელზეც ქვის კიბეებით ხდება ასვლა. ტაძარი აგებულია კლასიციზმის სტილში. შენობის მთავარი ელემენტია პორტიკი. ტაძარი გეგმით სწორკუთხაა, მცირე რიზალიტებით აღმოსავლეთით აფსიდის მხარეს[2]. ეკლესიიდან მდინარე ტემერიკამდე ჩაუყვება ქვის კიბე.

ეკლესიის მთავარი რელიქვიაა VI საუკუნის ხაჩქარი სურბ-ხაჩი, რომელიც გადმოცემის თანახმად მოტანილია სომხეთის ძველი დედაქალაქიდან, ანისიდან ყირიმში, ხოლო დონის როსტოვში მოხვდა XVIII საუკუნის ბოლოს, სადაც მოიტანეს ყირიმიდან გადმოსახლებულმა სომხებმა. ეკლესიის კედლებთან დაკრძალულნი არიან სომეხი მწერლები და პოეტები არუთიუნ ალამდარიანი, მიქაელ ნალბანდიანი და რაფაელ პატკანიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დაარსდა 1783 წელს, ხოლო ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1786 წელს და გრძელდებოდა 6 წლის მანძილზე. 1792 წლის 27 ნოემბერს ეკლესია აკურთხეს. 1862 წელს დასავლეთი ფასადის ახლოს ააგეს სამრეკლო. ეკლესიიდან აღმოსავლეთით მდებარეობს ორსართულიანი მთავარეპისკოპოსის სახლი, სადაც 1791 წელს დაარსდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა სემინარიად, რომეთან ერთადაც არსებობდა პანსიონატი. სემინარიასთან ააშენეს ბიბლიოთეკა, რომელიც 1883 წელს გადაიტანეს დონის ნახიჭევანში. შენობაში ასევე განთავსებული იყო სამხრეთ რუსეთში პირველი სტამბა, რომელიც მოქმედებდა 1790-1796 წლებში. ამ ექვსი წლის განმავლობაში აღნიშნულ სტამბაში დაიბეჭდა 20 წიგნი[2]. სამრეკლო და მთავარეპისკოპოსის სახლი განადგურდა XX საუკუნეში.

რევოლუციამდე ეკლესიას ეკუთვნოდა 50 ჰა მიწის ნაკვეთი. მონასტერი მოქმედებდა 1931 წლამდე. 1931 წლიდან აიკრძალა ღვთისმსახურება და შენობა კოლექტივს გადაეცა, რომელსაც ხორბლის საწყობად იყენებდნენ[3].

1968-1972 წლებში ადგილობრივი მცხოვრების მარკ გრიგორიანის პროექტით მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები. რესტავრაციის დასრულების შემდეგ შენობაში გაიხსნა რუსულ-სომხური მეგობრობის მუზეუმი, რომელიც მოითვლიდა 10 000 ექსპონატს.

ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა 2000 წელს[1][4].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Монастырь Сурб-Хач в Ростове-на-Дону возвращён Армянской Церкви. Патриархия.ru. ციტირების თარიღი: 2009-07-16.
  2. 2.0 2.1 В.П. Грудев, Ю.Н. Солнышкин, А.В. Тарасов, М.А. Честнов. Проект реставрации б. церкви монастыря Сурб Хач. — Ростов-на-Дону, 1988.
  3. Вячеслав Грантович Вартанян. Саркис Суренович Казаров. История Армянской апостольской церкви на Дону (XVIII-XX вв.). — Изд-во Таганрог. ин-та упр., 2008. — 120 с.
  4. Музей русско-армянской дружбы. Музей русско-армянской дружбы. Российская сеть культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-01. ციტირების თარიღი: 2009-07-16.