დიოსკურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიოსკურები — დიდიმები, კასტორი და პოლიდევკე, ლაკონიის ამიკლეში შობილი ბუმბერაზი ტყუპი ძმები, ზევსისა და ლედას შვილები, ელენეს და კლიტემნესტრას ძმები. ზოგი მითი და ჰომეროსიც, ტინდარევსის შვილებად თვლის და ამიტომ ტინდარიდებსაც ეძახიან, მაგრამ თვით სახელწოდება მოწმობს, რომ ციური მეფის ვაჟები არიან. ჰესიოდეს თანახმად, ძევის გედის სახით მოევლინა და შეუკავშირდა ევროტში მობანავე ლედას, ეტოლიის მეფის ასულს. ამის შემდეგ ლედამ დადო კვერცხი, საიდანაც იშვა ტყუპი ძმები. სხვა ვერსიით, ელენე და პოლიდევკე ზევსის შვილები არიან, კასტორი და კლიტემნესტრა – ტინდარეოსის. მაგრამ რამდენადაც ეს საქმე საიდუმლოების ნისლითაა მოცული, იმდენად ნათელია დიოსკურების სახე, ძმური სიყვარულისა და გმირული შემართების განსახიერება.

ცნობილია ძმათა რამდენიმე საგმირო საქმე. პირველად ათენში გაილაშქრეს, რადგან მათი ნორჩი და ელენე თესევსისგან გამოეხსნათ. ისარგებლეს თესევის ჰადესში ყოფნით და ელენე შინ დააბრუნეს. ათენელები მოერიდნენ მრისხანე ძმებთან შეტაკებას. მორიგი გმირობა იყო არგონავტების ლაშქრობაში მონაწილეობა. ბებრიკთა ქვეყანაში პოლიდევკემ სძლია მეფე ამიკოსს და სასიკვდილოდ დააშავა.