ოდისეი დიმიტრიადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრიადი, ოდისეი)
ოდისეი დიმიტრიადი

ოდისეი დიმიტრიადი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ოდისეი დიმიტრიადი
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1908
დაბ. ადგილი ბათუმი, საქართველო
გარდ. თარიღი 28 აპრილი, 2005
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია თბილისი
საქმიანობა დირიჟორი
პედაგოგი

ოდისეი დიმიტრიადი (დ. 7 ივლისი, 1908, ბათუმი, საქართველო — გ. 28 აპრილი, 2005, თბილისი, საქართველო) — ქართველი დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი (1958). თბილისის, ბათუმისა და ათენის საპატიო მოქალაქე.

1926-1930 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო განხრით (მ. ბაგრინოვსკისა და ს. ბარხუდარიანის კლასები). კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოხუმში, დაწერა მუსიკა სოხუმის ბერძნული დრამატული თეატრის სპექტაკლებისათვის, საორკესტრო და საფორტეპიანო პიესები. 1933-1936 წლებში დიმიტრიადი სწავლას განაგრძობს ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილებაზე (ა. გაუკისა და ი. მუსინის ხელმძღვანელობით).

1937-1947 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1947-1952 წლებში საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. მისი ხელმძღვანელობით აჟღერდა ანდრია ბალანჩივაძის, შალვა მშველიძის, ალექსი მაჭავარიანის, ოთარ თაქთაქიშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.

ომისშემდგომ წლებში დიმიტრიადი იწყებს ფართო საგასტროლო მოღვაწეობას სსრკ-ში. კლასიკური რეპერტუარიდან დიმიტრიადი წარმატებით ასრულებდა ბეთჰოვენის V და VII სიმფონიებს, ბერლიოზის „ფანტასტიკურ სიმფონიას“, დვორჟაკის V სიმფონიას „ამერიკიდან“, ბრამსის I სიმფონიას, ვაგნერის საორკესტრო ფრაგმენტებს ოპერებიდან, ჩაიკოვსკის I, IV, V, და VI სიმფონიებს, „მანფრედს“, რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერეზადას“ და სხვა.

1952-1965 წლებში დიმიტრიადი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო. ამ პერიოდში მან უხელმძღვანელა მრავალი კლასიკური და თანამედროვე ოპერის დადგმას, რომელთაგანაც აღსანიშნავია ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1953), შალვა მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961), პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (1953) და „ორლეანელი ქალწული“ (1957), სერგეი პროკოფიევის „სემიონ კოტკო“ (1964), კონსტანტინე დანკევიჩის „ბოგდან ხმელნიცკი“ (1954) და სხვა. საბალეტო სპექტაკლებიდან — ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო“, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე (1958).

1965-1975 წლებში დიმიტრიადი სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი იყო. 1958 წელს დიმიტრიადი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად გამოდიოდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მისი დირიჟორობით სოფიაში დაიდგა ჯუზეპე ვერდის „აიდა“ (1960), მეხიკოშიმოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (1960), ათენშიპეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „პიკის ქალი“ (1965).

დიმიტრიადი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (სადირიჟორო კლასი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.

ოდისეი დიმიტრიადი 2005 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში ზაქარია ფალიაშვილის, ზურაბ ანჯაფარიძისა და ვანო სარაჯიშვილის გვერდით.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1954. №4. გვ. 3.