დიდი ომი (1409-1411)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ომი

დიდი ომი (პოლ. Wielka wojna) (1409—1411) — სამხედრო კონფლიქტი ერთი მხრივ ტევტონის ორდენის რაინდთა და მეორე მხრივ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და პრუსიულ სათავადოებს შორის. კონფლიქტი წარმოიშვა ლიტვის მისწრაფების გამო ჟემოიტიის მიწების დაბრუნებისთვის, ტევტონთა ორდენის რაინდები კი რეჩი-პოსპოლიტას სასაზღვრო მიწების ანექსირებაზე ხელის აღებას არ ფიქრობდნენ, მათივე სურვილით, პოლონური და ლიტვური მიწები რომის კათოლიკურ ეკლესიას უნდა დაქვემდებარებოდნენ.

დასაწყისი და საომარი მოქმედებები 1409 წელს[რედაქტირება]

ლიტველებსა და ტევტონელებს შორის კონფლიქტმა თავი ჯერ კიდევ დიდი მთავრის მინდვიგის მმართველობისას იჩინა. იმხანად დიდმა მთავარმა ტევტონელები დაამარცხა საულთან და დურბეს ტბასთან ბრძოლებში. XIV საუკუნეში ორდენი ლიტვის დიდი სამთავროს მიწების, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ბელორუსის ტერიტორიაზე მდებარე სათავადოების დამორჩილებას ლამობდა. ლიტვაზე რაინდებმა თავდასხმებს უხშირეს, სიტუაცია მხოლოდ მაშინ შერბილდა, როდესაც იაგაილომ და იადვიგამ დაიწერეს ჯვარი და კრევის უნია გაფორმდა. პოლონეთ-ლიტვის კავშირმა ამოისუნთქა და ჯარების მზადებას შეუდგა ტევტონელებისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად.

კონფლიქტი ჟემოიტთა მიწების ირგვლივაც გაღვივდა, რომლებიც არაერთხელ მოქცეულა ლივონიის საზღვრებში (1254, 1382, 1388), თუმც ჟემოიტელებს ცდა არ დაუკლიათ XIV - XV სს გერმანელების წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ. სწორედ ამ ტერიტორიის დაბრუნება განიზრახა ლიტვამ ”დიდი ომის”” მსვლელობისას.

1409 წლის 6 აგვისტოს ორდენის დიდმა მაგისტრმა ულრიხ ფონ იუნგინგენმა ომი გამოუცხადა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდ სამთავროს. რაინდები დაუყოვნებლივ შეიჭრნენ სასაზღვრო მიწებზე და რამდენიმე პოლონური და ლიტვური ციხესიმაგრე დაიკავეს. ამის პასუხად პოლონეთის მეფე იაგაილომ ”ქუდზე კაცი” გამოიძახა და ვიტოვტთან მოლაპარაკების შემდეგ 1409 წლის შემოდგომით სიმაგრე ვიდგოში დაიკავა. ორივე მხარე ერთობ გაუბედავად მოქმედებდა, ამიტომ, მოკლე ხანშივე ზავი იქნა ჩამოგდებული.

მშვიდობამ ცოტა ხანს გასტანა და უკვე 1409 წლის დამლევს ტევტონთა ორდენი, ლიტვა და პოლონეთი ახალი ომისთვის შეუდგნენ მზადებას. ორდენის მაგისტრმა ულრიხმა საღვთო რომის იმპერატორთან და უნგრეთის მეფე სიზიგმუნდ ლუქსემბურგთან კავშირი შეკრა, რითაც დასავლეთევროპული ფეოდალური სახელმწიფოებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო. საომრად უცხოელი დაქირავებულებიც გამოვიდნენ, ასე რომ, 1410 წლისთვის ორდენოსნების მხარეს უკვე 60 ათასი მეომარი იდგა. მათი სამხედრო მწყობრი ოთხი ხაზისგან შედგებოდა, რომელთა სათავეებსაც გამოცდილი და კარგად აჭღურვილი რაინდები სარდლობდნენ.

პოლონეთის ჯარი შედგებოდა შეკრების ადგილზე მისული ფეოდალებისგან, რომელთაც თან იარაღი, ცხენები და საკუთარი შენაერთი უნდა ხლებოდათ, გარდა ამისა, მოხალისეები და მცირე, მაგრამ, კარგად შეჭურვილი დაქირავებულები. თითოეულ შენაერთში 500-ზე მეტი მებრძოლი შედიოდა. ლიტვა ჯარებს ტერიტორიული პრინციპით აყალიბებდა, ანუ ყველა სამთავრო საკუთარ შენაერთს წარმოადგენდა. ლიტვის სპაში შედიოდა უკრაინული, ბელორუსული, რუსული და ჩეხური რაზმები, რომელთაც ბელადი იან ჟიჟკა მეთაურობდა, გარდა ამისა, საკუთარი შენაერთები გამოიყვანა ნოვგოროდისა და მსტისლავის მთავარმა ლუგვენი ოლგერდოვიჩმა, ხოლო თათრების ხანმა ჯალალ-უდ-დინმა საკუთარი კავალერია იახლა.

პოლონელ-ლიტველთა საბრძოლო მწყობრი 3 რიგად იყო გაწყობილი: ავანგარდი — რომელიც დარტყმას იღებდა და მოწინააღმდეგეთა რიგებში არეულობა შეჰქონდა, მეორე რიგი, რომელიც მოწინააღმდეგეს ძირითად დარტყმას აყენებდა და სარეზერვო რიგი. 1409/10 ზამთარში პოლონეთ-ლიტვის სარდლობამ ყრილობა გამართა ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში. გეგმის თანახმად, 1410 წლის ზაფხულისთვის პოლონეთის ჯარების ლოკაცია ვოლბორჟთან უნდა მომხდარიყო, ხოლო ლიტვური და რუსული ჯარები მდინარე ნარევზე უნდა მისულიყვნენ. ამის შემდგომ, ჯარები უნდა შეერთებულიყო და ორდენის დედაქალაქ მალბორკისთვის (მარიენბურგი) უნდა შეეტია.

ომის მსვლელობა[რედაქტირება]

საომარი მოქმედებების დასაწყისში პოლონეთის არმია 42 - პოლონურ ხორუგვას, 7 რუსულას და 2 დაქირავებულთა ხორუგვას მოითვლიდა; ლიტვისა კი - 40 ხორუგვას. მოკავშირეთა საერთო რაოდენობა 60 ათასს აღემატებოდა, ანუ რაინდთა მეომრებზე რიცხვობრივად მეტნი იყვნენ. 9 ივლისს მოკავშირეებმა პრუსიის საზღვარი გადალახეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი დაიკავეს. 10 ივლისს ისინი მდინარე დრვენცაზე გავიდნენ, ტორუნთან ახლოს. სწორედ მდინარეზე გადასვლისას გეგმავდნენ რაინდები პოლონურ-ლიტვურ ლაშქარზე შეტევას, მაგრამ, იაგაილო და ვიტოვტი მოწინააღმდეგეს ჩანაფიქრს მიუხვდნენ და ჯარები ქალაქ ძიალდოვოში გადაიყვანეს რათა ტევტონთა გამაგრებული ადგილებისთვის გვერდი აევლოთ. უკვე 14 ივლისს პოლონურ-ლიტვური მხედრობა ტონენბერგსა და გრიუნვალდს შორის გაჩერდა, სადაც 15 ივლისს დიდი ომის გადამაწყვეტი ბრძოლა მოხდა.

გრიუნვალდის ბრძოლა[რედაქტირება]

გრიუნვალდის ბრძოლა

გრიუნვალდის ბრძოლამ გადაწყვიტა ომის ბედი პოლონელ-ლიტველთა სასარგებლოდ. მოკავშირეთა ჯარებს მაკლენბურგისკენ მიმავალ გზაზე არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდრიათ. 25 ივლისს ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, თუმცა, მაკლენბურგის აღება, დაუგეგმავი და გაფანტული შეტევების გამო, ვერ მოხერხდა. მოკლე ხანში პოლონელთა ჯარის დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა; ქალაქის ალყა ორ თვეს გაგრძელდა, მაგრამ ჯარები გაუბედავად მოქმედებდნენ. ამასობაში კი ქალაქში შენაერთი მომზადდა ჰენრიხ პლაენის მეთაურობით, გერმანიაში კი მოხალისე ტევტონები იკრიბებოდნენ, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კი ლივონელები დაიძვრნენ. პლაუენის რაზმის სწორმა ქმედებამ პოლონელები დაასუსტა; მათი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. მალე მოკავშირეებში ეპიდემიამ იფეთქა, ამას ლიტველებსა და პოლონელებს შორის განხეთქილებაც მოჰყვა. ვივონტმა ალყის მოხსნა და სამშობლოში გაბრუნება ბრძანა. ალყა მოკლე ხანში იაგაილომაც მოხსნა, ამრიგად, ტევტონთა ორდენის დედაქალაქი განადგურებას გადაურჩა.

ომის შედეგი[რედაქტირება]

1411 წლის თებერვალში ქალაქ ტორუნში პოლონეთმა და ლიტვის დიდმა სამთავრომ ტევტონის ორდენთან ზავი დადო: ორდენი პოლონეთსა და ლიტვას მანამდე წართმეულ ყველა ტერიტორიას უბრუნებდა და კონტრიბუციის გადახდასაც კისრულობდა, პოლონეთი კი სამოგიტიას იბრუნებდა. პოლონეთი ამავდროულად მოვალე ხდებოდა პრუსიული მიწები დაებრუნებინა და დატყვევებული რაინდები გაეთავისუფლებინა. ორდენის მარცხმა აგრესიის წინააღმდეგ საბრძლოველად ხალხთა ძალისხმევის აუცილებლობა დაამტკიცა. ლიტვამ და პოლონეთმა ორდენის დამპყრობლური საქმიანობა შეწყვიტეს პოლონურ-ლიტვურ და ბელორუსულ მიწებზე. დიდი ომის შედეგმა ცენტრალურ ევროპაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა გააადვილა.

ლიტერატურა[რედაქტირება]