დიდი თონეთი
დიდი თონეთი — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, (თონეთის თემის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1280 მეტრზე, თეთრი წყაროდან დაშორებულია 47 კილომეტრით.
[რედაქტირება] ისტორია
დიდი თონეთი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როგორც სათვანეთი, სთონეთი, სთორნეთი, თორნეთი და თონეთი. დიდი თონეთი ეწოდა საბჭოთა მმართველობის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მის მეზობლად მდებარე სოფელ დვალთას ეწოდა პატარა თონეთი. დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. სოფლის მკვიდრი მოსახლეობის გვერდით აქ XIX საუკუნეში ქართველი მთიელი მოახალშენენიც დასახლდნენ.
სოფლიდან 2 კმ-ზე, მდინარე ალგეთის ნაპირას, აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – თონეთის სიონი. ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები აქვს. ეკლესიაში XI საუკუნის რამდენიმე წარწერაა შემონახული. შეიმჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალიც. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრზე, ნასოფლარი და კვირაცხოვლის (XI ს.) ეკლესიის ნანგრევებია, სამხრეთით 1 კმ-ზე – ღვთისმშობლის ეკლესიაა (ფრაგმენტების მიხედვით XI-XIII სს.). თვით დიდ თონეთში დგას XVIII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თ. თოდრია, ი. ციციშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 525, თბ., 1978 წელი.