დვინის საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დვინის საეკლესიო კრებასომხეთის საკათალიკოსო რეზიდენციაში ქალაქ დვინში 506 წელს, ბიზანტიის ინიციატივით მოწვეული ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიების საერთო კრება. ქართული ეკლესიის დელეგაცია შედგებოდა 24 ეპისკოპოსისაგან, ხელმძღვანელობდა ქართლის კათალიკოსი გაბრიელი. სომხეთის დელეგაციას სათავეში ედგა ბაბგენ კათალიკოსი. დვინის საეკლესიო კრებამ დაგმო ნესტორიანელობა და მიიღო ზენონ კეისრის დიოფიზიტ-მონოფიზიტთა შემარიგებელი „ჰენოტიკონი“. აქტები შედგა ქართულ, სომხურ, ალბანურ და ბერძნულ ენებზე.

დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ეკლესიებმა ირანის ქვეშევრდომ ქვეყნებში მცხოვრებ მართლმადიდებლებთან თავიანთ ენაზე შედგენილი ეპისტოლეები გაატანეს ნესტორიანელებისაგან თავის დასაცავად ირანიდან ჩამოსულ დელეგაციას. ეპისტოლეებში გადმოცემული იყო ამიერკავკასიის ეკლესიების მრწამსი და მათი რელიგიური პოლიტიკა. ჩვენამდე მოაღწია სომხური დელეგაციის ეპისტოლემ, რომელიც შესულია „ეპისტოლეთა წიგნისა“ (სრულად) და „სარწმუნოების ბეჭდის“ (ფრაგმენტი) სახელით ცნობილ კრებულებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]