დეკაბრისტთა აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დეკაბრისტები)
კარლ კოლმანის „დეკაბრისტთა აჯანყება“

დეკაბრისტთა აჯანყება (რუს. Восста́ние декабри́стов) — სახელმწიფო გადატრიალების ცდა, რომელიც მოხდა რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში, 1825 წლის 26 დეკემბერს. ეს აჯანყება წინა მცდელობებისგან განსხვავდებოდა მონაწილეთა დიდი რაოდენობით — სენატის მოედანზე დაახ. 3 ათასი ჯარისკაცი გამოვიდა. აჯანყებას შეეწირა 1271 ადამიანი, რაც რეკორდია რუსეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით. დეკაბრისტები იყვნენ რუსი თავადაზნაური რევოლუციონერები, რომლებიც იბრძოდნენ ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.[1]

დეკაბრისტები და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების ჩახშობის შემდეგ მთავრობა კავკასიაში ასახლებდა ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს. საქართველოში მსახურობდნენ პოეტი ვ.კიუხელბეკერი, ლიტერატორები ე. ლაჩინოვი და პ. მუხანოვი, აგრეთვე ფარული საზოგადოების წევრები ან აჯანყების მონაწილეები: ა. იაკუბოვიჩი, თ. ბაშმაკოვი, ა. ავენარიუსი, დეკაბრისტულ წრეებთან დაახლოებული ა. გრიბოედოვი და სხვ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ თბილისში და მსჯელობდნენ აქტუალურ პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებზე. მაგ., ვ. კიუხელბეკერი 1821 წლის მიწურულიდან თბილისში მსახურობდა და ხშირად ხვდებოდა თავის მეგობარ ა. გრიბოედოვს. საქართველოს მან რამდენიმე ნაწარმოები მიუძღვნა (ლექსი „ბედმა ალერსი მე არ მარგუნა“, პოემა „იური და ქსენია“ და სხვ.). რუსეთ-ირანის 1826–1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828–1829 წლების ომების დროს კავკასიაში გადაიყვანეს 65-მდე დეკაბრისტი ოფიცერი, აჯანყების მონაწილე 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ამ მოძრაობასთან დაკავშირებული მრავალი მოღვაწე.

დეკაბრისტების გარკვეული გავლენა განიცადეს ქართველი მოღვაწეების 1832 შეთქმულების რადიკალურად განწყობილმა მონაწილეებმა, კერძოდ, სოლომონ დოდაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა. ამ უკანასკნელმა კ. რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“ ქართულად გადმოაკეთა და ფარული საზოგადოების კრებაზე წაიკითხა. გადმოსახლებულთა შორის იყვნენ ლიტერატორები და ჟურნალისტები, მაგ., ვ. სუხორუკოვი, ა. ვედენიაპინი, გ. ორჟიცკი, ი. ბურცოვი, ნ. ცებრიკოვი, ძმები ბესტუჟევები. 30-იან წლებში მათ შეუერთდათ ს. კრივცოვი, ვ. ნოროვი, ა. კორნილოვიჩი, ა. ოდოევსკი და სხვ. ა. ბესტუჟევმა (მარლინსკი) და ა. ოდოევსკმა მრავალი ფურცელი უძღვნეს საქართველოს და კავკასიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sherman, Russell & Pearce, Robert (2002) Russia 1815–81, Hodder & Stoughton;
  • Crankshaw, E. (1976). The Shadow of the Winter Palace : Russia's Drift to Revolution, 1825–1917. New York: Viking Press;
  • ბარამია ლ., დეკაბრისტები საქართველოში, თბ., 1955; რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, შემდგ. ვ. შადური, ტ. 1, თბ., 1949;
  • სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]