დეივიდ ლივინგსტონი
| დეივიდ ლივინგსტონი | |
დეივიდ ლივინგსტონი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
დეივიდ ლივინგსტონი (ინგლ. David Livingstone; დ. 19 მარტი 1813, ბლანტაირი, ლანარკის საგრაფო, შოტლანდია — გ. 1 მაისი 1873 ჩიტამბო, ზამბია) — შოტლანდიელი მოგზაური. აფრიკის გამოჩენილი მკვლევარი. განათლებით მედიკოსი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1840 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოებამ გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში, 1841-1852 წწ. ცხოვრობდა ბეჩუანებს შორის კალაჰარის მახარეში. 1849 წელს ევროპელთაგან პირველმა მიაღწია ნგამის ტბას, 1851 წელს მდინარე ლინიანტის.
1853-1854 წწ. აუყვა მდინარე ზამბეზის შენაკად შეფუმაგემდე, აღმოაჩინა ზამბეზისა და კასაის (კონგოს სისტემა) წყალგამყოფი, გაემართა დასავლეთით და მიაღწია ქალაქ ლუანდას (ატლანტის ოკეანე). 1855 წელს დაბრუნდა ზამბეზის ზემოთში, ჩაუყვა მდინარეს დელტამდე, აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია და 1856 წელს მიაღწია ქალაქ კელიმანეს (ინდოეთის ოკეანე). ლივინგსტონი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და 1857 წელს გამოსცა წიგნი „მისიონერის მოგზაურობანი და გამოკვლევები სამხრეთ აფრიკაში“. ამ მოგზაურობისათვის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ლივინგსტონს ოქროს მედალი მიაკუთვნა. იგი დანიშნეს ინგლისის კონსულად კელიმანეში და მთავრობის კვლევითი ექსპედიციის უფროსად, რომელიც 1858 წელს ჩავიდა ზამბეზის დელტაში.
1859 წელს აღმოაჩინა ტბა შირვა და მიაღწია ნიასის ტბას, 1860 წელს აუყვა მდინარე ზამბეზის მდინარე ლინიანტიმდე. 1865 წელს ლივინგსტონმა დიდ ბრიტანეთში გამოსცა თავის ძმასა და თანამგზავრ ჩარლზთან ერთად დაწერილი წიგნი „მოთხრობა ზამბეზისა და მის შენაკადებზე მოგზაურობის შესახებ“.
1866 წელს ისევ დაბრუნდა აღმოსავლეთ აფრიკაში, 1867-1871 წწ. გამოიკვლია ტანგანიიკის ტბის სამხეთი და დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა ბანგვეულუს ტბა და მდინარე ლუალაბა (ზემო კონგო), მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა უკან, დაბინავდა უჯიჯიში (ტანგანიიკის ტბის აღმოსავლეთ სანაპირო), სადაც 1871 წლის ოქტომბერში მოძებნა ჰენრი სტენლიმ.
მათ ერთად გამოიკვლიეს ტანგანიიკის ტბის ჩრდილოეთ ნაწილი. 1872 წელს ლივინგსტონმა სტენლის დიდ ბრიტანეთში გაატანა თავისი მასალები, თვითონ კი გაემართა მდინარე ლუალაბაზე კვლევის გასაგრძელებლად და გარდაიცვალა ჩიტამბოში, ბანგვეულუს ტბის სამხრეთით. მისი ნეშთი ჩაიტანეს დიდ ბრიტანეთში და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.
1874 წელს გამოიცა მისი 1865-1872 წლების ჩანაწერები სათაურით „დეივიდ ლივინგსტონის უკანასკნელი დღიურები ცენტრალურ აფრიკაში“.
[რედაქტირება] კვლევის შედეგები
თავისი მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა განსაზღვრა 1000-ზე მეტი პუნქტის მდებარეობა; მან პირველმა შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები, შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიიკის ტბების მეცნიერულ კვლევას.
[რედაქტირება] ხსოვნა
მის სახელს ატარებს ქალაქი ზამბიაში, მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩანჩქერები მდინარე კონგოზე; შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოს მახლობლად, არის ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Livingstone Online – Explore the medical writings of David Livingstone The leading internet site for David Livingstone's writings and the only site to offer images of original documents alongside transcribed, critically edited versions
- Stanley and Livingstone Original reports from The Times
- Works by or about David Livingstone at Internet Archive (scanned books original editions colour illustrated)
- David Livingstone - ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ (plain text and HTML)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 226, თბ., 1983;
- Адамович М., Ливингстон, М., 1939;
- Simmons J., Livingstone and Africa, L., 1955.