დედა-სომხეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედა სომხეთი, მონუმენტი დგას გამარჯვების პარკში, აზათუთიანი გამზირზე (კასკადთან), ერევანი, სომხეთი

დედა-სომხეთი (სომხ. Մայր-Հայաստան) — საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად დადგმული ქანდაკება ერევანში, სომხეთი. მონუმენტის სიმაღლეა 54 მ, მასში 22 მ თვით ქანდაკების სიმაღლეა. მდებარეობს ახტანაკის (გამარჯვების) პარკში, ქალაქის ცენტრში.

მონუმენტის კვარცხლბეკი (1950, არქ. რაფაელ ისრაელიანი) შესრულებულია გრანიტით, მასში გამოყენებულია ეროვნული ორანამენტების მოტივები. თავდაპირველად ამ კვარცხლბეკზე აღმართული იყო სტალინის ქანდაკება (მოქ. სერგეი მერკუროვი), რომელიც 1962 წელს ჩამოიღეს. ქანდაკება „დედა-სომხეთი“ (1967, მოქ. არა არუთიუნიანი) შესრულებულია ჭედური სპილენძით და ის სამშობლოს ძლიერებას განასახიერებს. ქანდაკება გამოსახავს დედას, რომელიც ხმალს ქარქაშში აგებს. მას ფერხთით ფარი უდევს. ფიგურას სტილიზებული ფორმის ხელები და ტანსაცმლის მკაცრი ნაკვთები აქვს. მონუმენტის ქვედა ნაწილში მოთავსებულია თავდაცვის სამინისტროს მუზეუმი, რომელშიც მეორე მსოფლიო და ყარაბაღის ომების დროინდელი ექსპონატებია გამოფენილი: გმირების პირადი ნივთები, იარაღი, დოკუმენტები და პორტრეტები. კვარცხლბეკის ირგვლივ გამოფენილია იმ პერიოდის შეიარაღების ნიმუშები.