დედაბოძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედაბოძი — მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლის ცენტრალური ბოძი, რომელსაც ეყრდობოდა გვირგვინიანი გადახურვა. დედაბოძზე იყო განიცი კოჭი, თავხე. ბოძსა და თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად დებდნენ ე. წ. „ბუღაურას“, ანუ „დათვას“, ხის გრძელ ბალიშს, რომელიც დედაბოძთან ერთად მთლიან ელემენტს ქმნიდა. დედაბოძზე გამოსახავდნენ გეომეტრიულ ორნამეტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ადამიანის ხელს, სხვადასხვა ტიპის ჯვარს, რადიალურად განსხივებულ მზეს, ბორჯღალას, კონცენტრულ წრეებს, ვარსკვლავებს და სხვა.

ხალხის წარმოდგენით, დარბაზული სახლის კერა, დედაბოძი და გვირვინი ერთ კომპლექსს შეადგენდა და ოჯახის წმინდათაწმინდად იყო მიჩნეული. ყველა რიტუალი სახლში დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა. დედაბოძის წარმოშობაზე არსებული ხალხური თქმულებები მიუთითებენ, რომ დედაბოძის თაყვანისცემა უკავშირდება ჩვენში ოდესღაც გავრცელებულ ხის კულტს (ერთ-ერთი თქმულების თანახმად, ღვთაება კერაში ამოსული, გველშემოხვეული ხის სახით გამოეცხადებოდა თავის საყმოს) და სიცოცხლის ხის მოტივს. ძველ ქვეყნებში და, კერძოდ, კავკასიაში სიცოცხლის ხე წარმოდგენილი ჰქონდათ ცის საყრდენად, მნათობთა სადგურად და ღვთაებათა მშობლად. სწორედ ასეთი ხის ყველაზე სრულყოფილი სიმბოლო ჩვენში დედაბოძი იყო. ხალხური წარმოდგენით, იგი ისე ებჯინებოდა გვირგვინს, როგორც სიცოცხლის ხე ცას. არქეოლოგიური მონაცემებით, საცხოვრებლის წმინდა სვეტების თაყვანისცემა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრინდელი სამიწათმოქმედო ხანაში ყოფილა გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 420-421.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 69, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 1 - მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1946
  • ჩიტაია გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1;
  • ჩუბინაშვილი გ., ქართლის დარბაზი, ნაკვ. 1-4, ტფ., 1926-1927;