დასავლეთი ახალი გვინეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთ ახალი გვინეა ინდონეზიის რუკაზე
დასავლეთ ახალი გვინეის ოლქების რუკა

დასავლეთი ახალი გვინეა (ირიან ჯაია, დასავლეთი ირიანი) — კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილის დასახელება, რომელიც ეკუთვნის ინდონეზიას და შედგება ორი პროვინციისაგან: პაპუა და დასავლეთი პაპუა. ინდონეზიის შემადგენლობაში დასავლეთი ახალი გვინეა შევიდა 1969 წელს, იგი ადრე ცნობილი იყო, როგორც ნიდერლანდების ახალი გვინეა და დასავლეთი ირიანი, ხოლო 1973—2000 წლებში როგორც ირიან-ჯაია.

დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორია ანექსირებული იქნა ინდონეზიის მიერ 1969 წელს თავისუფალი არჩევნის შესახებ აქტის თანახმად, რომლის კანონიერება ყველას მიერ არ არის აღიარებული. 2003 წელს ინდონეზიის მთავრობამ განაცხადა, რომ დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორია, რომელიც აქამდე ერთიანი პროვინცია იყო, დაყოფილი იქნება სამ პროვინციად: პაპუა, ცენტრალური პაპუა და დასავლეთი ირიან ჯაია. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროტესტები. შედეგად ინდონეზიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცენტრალური პაპუის პროვინციის შექმნა გაუქმდა. დასავლეთი ირიან ჯაია იმ მომენტში უკვე შექმნილი იყო (06.02.2006), მაგრამ მისი საბოლოო მომავალი ჯერაც არ არის გარკვეული. 2007 წლის 7 თებერვალს მას სახელად დაერქვა დასავლეთი პაპუას პროვინცია (Papua Barat).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი ახალი გვინეის ტოპოგრაფიული რუკა

დასავლეთ ახალ გვინეას ჩრდილოეთიდან გარს აკრავს წყნარი ოკეანის წყლები, დასავლეთიდან — კერამის ზღვის, სამხრეთიდან — არაფურის ზღვის წყლები, ხოლო აღმოსავლეთიდან ესაზღვრება პაპუა-ახალ გვინეას. დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორიის ფართობია — 421 981 კმ² — რაც ინდონეზიის მთელი სახმელეთო ტერიტორიის 22 %-ია. მთავარი ქალაქია — პორტი ჯაიაპურა. ტერიტორია მდებარეობს ეკვატორის სამხრეთით, მასში ჭარბობს მთიანი ადგილები. მაოკეს ქედი, გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ყოფს დასავლეთ ახალ გვინეას ორ ნაწილად. პუნჩაკის მწვერვალი სიმაღლით 5030 მეტრი ინდონეზიის ყველაზე მაღალი წერტილია. დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორიის დაახლოებით 75 % დაფარულია ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი — გაუვალი ტროპიკულია.

დასავლეთ ახალ გვინეაში არის ყველაზე გრძელი მდინარეები ინდონეზიაში, მაგალითად, ბალიემი, მემბერამო და ტარიკუ. სამხრეთ-დასავლეთში მდინარეები გახდა მიზეზი დიდი ჭაობიანი მანგროს ტყეების და მოქცევის ტყეების ჩამოყალიბებისა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი სანაპიროებზე უპირატესად ტროპიკული, ნოტიო და ცხელია; წვიმების სეზონი გრძელდება დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, მშრალი სეზონი — მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით; დამახასიათებელია ტემპერატურის უმნიშვნელო სეზონური ცვალებადობა. კლიმატი ცხელია და თითქმის ყველგან საკმაოდ ნოტიოა. ზაფხულში ტემპერატურა მერყეობს +24 °C-დან +32 °C-მდე, ზამთარში +24 °C-დან +28 °C-მდე. მთებში ტემპერატურა უფრო დაბალია, ალაგ-ალაგ გვხვდება მუდმივი თოვლის მინდვრები. წვიმები საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით ზაფხულში, ნალექების დონე 1300 მმ-დან 5000 მმ-მდე წელიწადში.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი ახალი გვინეა ითვლება სამოთხედ ბუნებისმცოდნეებისათვის, ის გამოირჩევა ფლორის და ფაუნის არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებით. მცენარეულთა სამყარო შედგება მთების, მდელოების, ჭაობების, ტროპიკული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების წარმომადგენლებისაგან, სადაც შეიძლება შევხვდეთ დაუსრულებლად ბევრ ბალახებს, ლიკოპოდიუმს, გვიმრებს, ხავსებს, ლიანებს, ყვავილებს და ხეებს. ტერიტორიის ფაუნა ასევე საკმაოდ მრავალფეროვანია. მცენარეთა მრავალფეროვნება აქ ქმნის ცოცხალ ხალიჩას, რომელიც თანდათან გადახლართულია ტროპიკულ ტყეებში. მტკნარი წყლის და ხმელეთის ხერხემლიანები თითქმის არაფრით არ განსხვავდება იმ ცხოველებისაგან, რომლებიც გვხვდებიან ავსტრალიაში, მათ შორის ჩანთოსნების ოჯახიდან. ტყეებში და ღია ბალახით დაფარულ სივრცეებში შეიძლება შევხვდეთ გველების, კუების, ჭიანჭველაჭამიების, მაჩვზღარბების, ოპოსუმების, ღამურების და ვირთაგვების (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის მემინდვრიები, რომლებსაც ხეებზე ცოცვაც შეუძლია) ბევრ სახეობებს, ასევე გიგანტურ ხვლიკებს, კენგურუებს, რომლებიც ცხოვრობენ ხეებზე და ჩანთოსან კვერნებს. დასავლეთი ახალი გვინეა ცნობილია თავისი პეპლების მრავალფეროვნებით და უნიკალური ფრინველების მრავალფეროვნებით (700), მათ შორის სამოთხის ჩიტის 80 ნაირსახეობით და უზარმაზარი არამფრინავი კაზუარები. სანაპირო წყლებში შეიძლება შეგვხვდეს ზღვის კუები და ზღვის ძროხები.

ჯაიაპურიდან აღმოსავლეთით, იო-სუდარ-სოს უბის სანაპიროზე, მდებარეობს იოტეფას ბუნებრივი ნაკრძალი ბევრი ლამაზი პლაჟით, ზღვაზე საბრძოლო მოქმედებებისას რამდენიმე ჩაძირული გემებით. სორონგიდან ადვილად მისაღწევია რაჯა ემპატის კუნძულოვან ნაკრძალამდე.

ჩენდრავასიჰის ნახევარკუნძულის წყლებში დარეგისტრირებულია მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე მაღალი მყარი მარჯანის კონცენტრაცია — მათი 250-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა ერთ ჰექტარზე. ეს ოთხჯერ უფრო მეტად აჭარბებს მარჯნის სახეობების რაოდენობას მთელ კარიბის ზღვაში. აღმოჩენილია ეპოლეტური ზვიგენების 2 ახალი სახეობა. ასევე კიბორჩხალების 8 ახალი სახეობა, თევზების 24 სახეობა და 20 მარჯანი, რომელთაგან ბევრი ენდემურია. ფოჯას (Foja) ქედის შიდა ხეობაში, რამდენიმე ასეული კილომეტრში ჩენდრავასიჰის ნახევარკუნძულიდან აღმოჩენილია ბევრი ახალი, მეცნიერებისთვის ადრე უცნობი ცხოველთა და მცენარეულობის სახეობები: გიგანტური ყვავილები და იშვიათი ხის კენგურუ; ფორთოხლისფერი კვერნა: ფრინველის პირველი ახალი სახეობა, რომელიც ნაპოვნი იქნა გიგანტურ კუნძულზე 60 წლის მანძილზე. ფოჯას (Foja) ქედი და ჩენდრავასიჰის ნახევარკუნძულის წყლები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურად პლანეტაზე რაიონების ბიოლოგიური ნაირსახეობის თვალსაზრისით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი გვინეა ადამიანებით დასახლდა სულ ცოტა 50 000 წლის წინ და თანამედროვე დასავლეთ ახალი გვინეის ტერიტორია ცნობილი იყო ინდონეზიელი და აზიელი მეზღვაურებისთვის რამდენიმე საუკუნით ადრე, სანამ პორტუგალიელებმა პირველად დაინახეს იგი 1511 წელს. 1828 წელს ნიდერლანდებმა დაიპყრო ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილი და ჩართო ის ჰოლანდიის ოსტინდოეთის შემადგენლობაში, ამასთან ოფიციალური ანექსია მოხდა 1848 წელს.

ირიან ჯაიას სეპარატისტული მოძრაობა (ეს კუნძულ ახალი გვინეის დასახელებაა) შეიქმნა 1961 წელს. ეს მოძრაობა იბრძვის მთელი კუნძულის დამოუკიდებლობისთვის. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა 1961-1962 წლებში.

ინდონეზიის ბრძოლა ყოფილი ნიდერლანდების კოლონიის დასავლეთ ახალი გვინეის შესაერთებლად მიმდინარეობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ხელშეწყობით (შეიქმნა ტაქტიკური ავია და საზღვაო დაჯგუფებები). მაგრამ, საბრძოლო მოქმედებები არ ჩატარებულა, კონფლიქტი დარეგულირდა მშვიდობიანი გზით, ნიდერლანდურმა კოლონიურმა ჯარმა დატოვა დასავლეთ ახალი გვინეის ტერიტორია. ნიდერლანდების მთავრობამ საბოლოოდ უარი თქვა ამ ტერიტორიაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასარგებლოდ. 1962 წლის 21 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო «შეთანხმება ინდონეზიის რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დასავლეთი ახალი გვინეის (დასავლეთ ირიანის) შესახებ» (გაეროს უსაფრთხოების ძალების დაწესება ახალი გვინეის (დასავლეთ ირიანის) დასავლეთ ნაწილში გაეროს დროებითი აღმასრულებელი ორგანოს დასახმარებლად (ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში). ირიან-ჯაია რჩებოდა ნიდერლანდების კოლონიად 1962 წლამდე.

ჰოლანდიური მმართველობის დასასრული დაემთხვა კონფრონტაციის კომპანიას, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა სუკარნომ და რომელმაც დასავლეთ ახალ გვინეაში გააგზავნა 2000-ზე მეტი ინდონეზიელი სამხედრო მოსამსახურე ანტიჰოლანდიური აჯანყების პროვოცირებისთვის, რომელიც მარცხით დამთავრდა. ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილი, რომელმაც მიიღო ახალი სახელი — დასავლეთი ირიანი, თანდათან გადავიდა ინდონეზიის მთავრობის მმართველობის ქვეშ და ამ ტერიტორიის ინდონეზიასთან მიერთების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო რეფერენდუმის ჩატარების გზით. 1963 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოხდა დამოუკიდებელი დასავლეთ პაპუის რესპუბლიკის გამოცხადების პირველი მცდელობა, რომელიც ძალის გამოყენებით ჩაახშეს ინდონეზიელმა ხელისუფლებმა.

რეფერენდუმი ჩატარდა 1969 წელს, მაგრამ, მთელი მოსახლეობის ხმის მიცემის ნაცვლად, გადაწყვეტილება მიიღო 1025 სპეციალურად არჩეულმა დელეგატმა. დასავლეთი ირიანი გახდა ინდონეზიის ნაწილი 1969 წლის აგვისტოში. ასეთმა შეზღუდულმა კენჭისყრამ წარმოაჩინა ურთიერთობის საკმაოდ რეალური პრობლემები ტერიტორიის დანარჩენ 650 000 მაცხოვრებელთან. შედეგად ამ პრობლემებმა მოიტანეს თავისუფალი პაპუისათვის მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელიც ამტკიცებდა, რომ სრულფასოვანი რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ხალხი ხმას მისცემდა ამ ტერიტორიის ინდონეზიისაგან დამოუკიდებლობას. 1971 წლის 1 ივლისს მოძრაობამ წამოიწყო ახალი, ასევე წარუმატებელი, დასავლეთ პაპუის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობა. მას შემდეგ ეს ორგანიზაცია ინდონეზიის ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა შეიარაღებულ ბრძოლებს. 1984 წელს ხელახლა გამოცხადდა დასავლეთ პაპუის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დასავლეთ მელანეზიის რესპუბლიკის სახელწოდებით, მაგრამ მოძრაობის ლიდერები დაპატიმრებულები იქნენ. 1973 წლიდან ინდონეზიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტერიტორიის სამუდამო მფლობელობის აღნიშვნისათვის, მას რომელსაც აქამდე ერქვა დასავლეთ ირიანი შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ირიან-ჯაია («გამარჯვების ირიანი»).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი ახალი გვინეა — ინდონეზიის ყველაზე უფრო ნაკლებად დასახლებული ტერიტორიაა, მისი მოსახლეობა დაახლოებით 3,59 მილიონ ადამიანს შეადგენს (2010), რაც საშუალოდ შეადგენს 8,64 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე. მოსახლეობის ¾-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში მცირე გაფანტული ჯგუფებით. ყველა დასახლება, როგორც წესი, მდებარეობს სანაპირო ზონაში ან რამდენიმე ნაყოფიერ დაბლობზე, ასევე არსებობს რამდენიმე საზღვრისპირა ქალაქი ტერიტორიის შიგნით. ტერიტორიის შიგნით ვრცელი ტერიტორიები დაუსახლებელია. ქალაქებს შორის ხალხი გადაადგილდება თვითმფრინავებით ან ზღვის საშუალებით. ძირითადი დასახლებული პუნქტებია ჯაიაპურა, მანოკვარი, სორონგი, მერაუკე და ბიაკი.

ჯაიაპურა, პაპუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი და მისი ყველაზე დიდი ქალაქია (მოსახლეობა 256 705 ად. 2010 წელს), დაარსებულია ნიდერლანდელების მიერ. ჯაიაპურას აღმოსავლეთის გარეუბნებში მდებარეობს ჩენდ-რავასიჰის უნივერსიტეტის შენობა. უნივერსიტეტში მდებარეობს ანტროპოლოგიური მუზეუმი, რომელშიც ინახება ასმატის ტომის მატერიალური კულტურის საგნების კოლექცია. აქ წარმოდგენილი ფიგურები და ამ ტომის ოსტატების სამუშაო იარაღის გამოირჩევა აბსოლუტური ჰარმონიით და ესთეტიკური სრულყოფით და იძენს მაღალ შეფასებას პრიმიტიული ხელოვნების მცოდნეებისაგან. ასმატის ტომი ცხოვრობს ახალი გვინეის სამხრეთ სანაპიროზე. იო-სუდარ-სოს უბის სანაპიროს გასწვრივ, მდებარეობს სეპიკის ტომის დასახლება, რომელიც ცნობილია ხის ქერქზე პრიმიტიული ნახატებით და ხეზე ამოჭრილი ფიგურების დამზადებით.

მოსახლეობის დაახლოებით 80 % ლაპარაკობს პაპუასურ და მელანეზიურ ენებზე, პაპუასები ცხოვრობენ მთიან ადგილებში, მელანეზიელები — სანაპიროს გასწვრივ. პაპუასების უმრავლესობა ცხოვრობს მცირე კლანურ ჯგუფებად, ერთმანეთისგან იზოლირებულად. დასავლეთი ახალი გვინეის მაღალმთიანი რაიონებიდან ყველაზე უფრო ვრცელი და მისადგომია მის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გრანდ-ბალიემის დაბლობი — 72-კილომეტრიანი ქვის კორიდორი, რომლითაც მოედინება მდინარე ბალიემი. აქ მომცრო, მთელ ამ ვრცელ დაბლობზე გაბნეულ სოფლებში ცხოვრობს 100 ათასზე მეტი ადამიანი დანის ტომიდან. აქ მოღწევა და აქედან გაღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჰაერიდან. ბილიკები და სულ უფრო მრავალრიცხოვანი საავტომობილო ბორბლების კვალი აერთებს ვამენის დაბლობის ცენტრს დანარჩენ სოფლებთან.

ირიან-ჯაიაში ასევე არსებობს ინდონეზიის სხვა ხალხების კომპაქტურად დასახლებული ადგილები, მათ შორის ჩინელების და ნიდერლანდელების შთამომავლების დასახლებები. დასავლეთ ახალ გვინეაში ლაპარაკობენ დაახლოებით 300 ენაზე, რომელთაგან უმრავლესობა ერთმანეთს არ ჰგავს. ინდონეზიური ენა ადგილობრივ დიალექტებთან ერთად გამოიყენება, როგორც საერთო ენა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი ახალი გვინეა ინდონეზიის ყველაზე დაშორებული და ნაკლებად განვითარებული ნაწილია. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარჯზე, რასაც ამატებენ ნანადირევს და ტყეში მოკრეფილ ხილს და კენკრას. ტერიტორიის თანამედროვე ეკონომიკა კონცენტრირებულია სანაპირო ქალაქებში და ტერიტორიის ცენტრალური ნაწილის ზოგიერთქალაქში და დაფუძნებულია დასავლეთი ახალი გვინეის მინერალურ სასარგებლო წიაღისეულზე. ესენია მსოფლიოში ყველაზე დიდი სპილენძის მარაგი ტემბაგაპურაში, და ინდონეზიაში ყველაზე დიდი ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოები — პუნჩაკ ჯაიაიდან სამხრეთ-დასავლეთით 40 კმ-ში. არსებობს ოქროს და ურანის მნიშვნელოვანი მარაგი. დასავლეთ ახალ გვინეაში არსებობს ტყის და თევზის დიდი მარაგი. სპილენძის და ნავთობის მოპოვება, ტყის გადამუშავება და თევზჭერა ნაკლებ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. ასეთმა სიტუაციამ ხელი შეუწყო სეპარატისტულ ორგანიზაცია ოპერასი პაპუა მერდეკას (მოძრაობა პაპუას განთავისუფლებისათვის) მიეღო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ ორგანიზაციამ საკუთარ მიზნად დაისახა ტემბაგაპურას სპილენძის საბადო და რამდენიმეჯერ აიძულა ხელისუფლება შეეწყვიტა მისი მუშაობა.

მას შემდეგ რაც ნახევარი საუკუნის წინ ახალი გვინეის დასავლეთით აღმოაჩინეს ნავთობი, აქ გაიზარდა საპორტო ქალაქი სორონგი (40 ათასი მოსახლე) ოტელებით და ბარებით, სადაც მომუშავეებმა ჩამოსვლა დაიწყეს ინდონეზიის სხვადასხვა მხრიდან.