დანინგ-კრუგერის ეფექტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდება კოგნიტურ ტენდენციას, როდესაც არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან მოჩვენებით უპირატესობას სხვათა მიმართ, არასწორად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და საკუთარ თავს ანიჭებენ საშუალოზე ბევრად უფრო მაღალ დონეს. ეს ტენდენცია მიეწერება არაკვალიფიციური ადამიანების მეტაკოგნიტურ უუნარობას, შეამჩნიონ და აღიარონ თავიანთი შეცდომები[1].

ამის საპირისპიროდ, ნამდვილ კომპეტენტურობას შეიძლება ახლდეს შედარებით დაბალი თვითშეფასება, ვინაიდან კომპეტენტური ადამიანები შეცდომით ვარაუდობენ, რომ სხვებსაც აქვთ მათი მსგავსი შესაძლებლობები და მოვლენების წვდომის უნარი.

დევიდ დანინგი და ჯასტინ კრუგერი ასკვნიან რომ: „არასწორი შეფასება არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან უკავშირდება საკუთარ თავზე მცდარ შეხედულებებს, მაშინ, როდესაც კომპეტენტური ადამიანების არასწორი შეფასება უკავშირდება სხვების მცდარ შეფასებას“[2].

ისტორიული წყაროები[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დანინგ-კრუგერის ეფექტის შესახებ ოფიციალური მონაცემები 1999 წელს დაიდო, მკვლევარები მიუთითებენ ჩარლზ დარვინსა („უმეცრება უფრო ხშირად წარმოშობს თავდაჯერებულობას, ვიდრე განათლებულობა“) და ბერტრან რასელზე („ჩვენი დროის ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული თემა არის ის, რომ ისინი, ვინც თავდაჯერებულობას გრძნობენ, სულელები არიან, ხოლო ისინი, ვისაც აქვთ წარმოსახვისა და გაგების უნარი, ეჭვითა და გაუბედაობით არიან სავსე“), რომლებმაც პირველად აღწერეს ეს ფენომენი. გ. ფულერიც, რომელმაც კომენტარი დაურთო დანინგ-კრუგერის ნაშრომს, აღნიშნავს, რომ შექსპირიც საუბრობს აღნიშნული ფენომენის შესახებ თავის ერთ-ერთ პიესაში („სულელი ფიქრობს რომ ბრძენია, მაგრამ ბრძენმა კარგად იცის საკუთარ თავზე, რომ სულელია“).

ჰიპოთეზები[რედაქტირება]

ამ ფენომენის შესხახებ არსებული ჰიპოთეზები დამტკიცდა სხვადასხვა ექსპერიმენტულ სერიაში, რომელიც დანინგმა და კრუგერმა კორნელის უკივერსიტეტში ჩაატარეს. მათ გაითვალისწინეს ადრე ჩატარებული კვლევების შედეგები, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის შესრულების სტანდარტების არცოდნა. ეს კანონზომიერება გამოვლინდა უნარების ფართო სპექტრის შესწავლისას, ისეთების, როგორიცაა წაკითხულის გაგება/აღქმა, ავტომანქანის მართვა, ჭადრაკისა და ტენისის თამაში.

დანინგმა და კრუგერმა ივარაუდეს, რომ სხვადასხვა უნარის მიმართ არაკომპეტენტურ პირებს ექნებოდათ შემდეგი რეაქციები:

  • საკუთარ უნარებზე გადაჭარბებული წარმოდგენის ტენდენცია;
  • სხვისი ჭიშმარიტი უნარების არაღიარება;
  • თავიანთი არაადეკვატურობის ვერშემჩნევა;
  • საკუთარი უუნარობის აღიარება და ცნობა იმ შემთხვევაში, თუ ამ უნარების განსავითარებლად ჩუტარდებათ სპეციალური ტრენინგები.

ამ საკითხთან მიმართებით დანინგს მოჰყავს ანოსოგნოსიის ანალოგია. ანოსოგნოსია არის დაავადება, როდესაც ადამიანი არის ფიზიკურად უუნარო ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში არსებული დაზიანების გამო, თუმცა თვითონ ვერ აღიქვამს ამ უუნარობას და უარყოფს კიდეც მას, მათ შორის, ისეთ დრამატულ დაზიანებებსაც კი, როგორიცაა სიბრმავე და დამბლა.

მხარდამჭერი კვლევები[რედაქტირება]

დანინგმა და კრუგერმა ეს ჰიპოთეზები შეამოწმეს კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარებულ ექსპერიმენტებში. მკვლევარები შეისწავლიდნენ სტუდენტების უნარებსა და თვითშეფასებას ისეთ თემებთან მიმართებით, როგორებიცაა: ლოგიკური აზროვნების უნარი, გრამატიკული უნარები და იუმორი. ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს სპეციალური ტესტების ამოხსნა, შემდეგ კი საკუთარი შედეგების წინასწარი შეფასება.

აღმოჩნდა, რომ არაკომპეტენტურმა მონაწილეებმა, რომლებმაც საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, გადაჭარბებული წარმოდგენა გამოავლინეს საკუთარ თავზე (მონაწილეების რეალური შედეგი იყო 12%, ხოლო მათი მოლოდინები კი აღწევდა 62%-ს მაშინ, როდესაც საშუალო მაჩვენებელი იყო 50%).

ამასთან, იმ ადამიანებმა, ვისაც ჰქონდათ ტესტების ამოხსნისათვის საჭირო მონაცემები, გამოავლინეს საკუთარი განსაკუთრებული შესაძლებლობების უგულებელყოფის ტენდენცია და მიუთითეს, რომ ტესტი არის ადვილი და ყველას შეეძლება მისი ამოხსნა.

ჯილდოები[რედაქტირება]

2000 წელს დანინგსა და კრუგერს მინიჭათ Ig ნობელის პრემია ნაშრომისათვის: „Unskilled and Unaware of It: How Difficulties in Recognizing One's Own Incompetence Lead to Inflated Self-Assessments“.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Morris, Errol. “The Anosognosic's Dilemma: Something's Wrong but You'll Never Know What It Is (Part 1)“, New York Times, 2010-06-20. წაკითხვის თარიღი: 2011-03-07. 
  2. Kruger, Justin; David Dunning (1999). „Unskilled and Unaware of It: How Difficulties in Recognizing One's Own Incompetence Lead to Inflated Self-Assessments“. Journal of Personality and Social Psychology 77 (6): გვ. 1121–34. DOI:10.1037/0022-3514.77.6.1121. PMID 10626367. თარგი:Citeseerx.