დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა — მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით III-ის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რომლის გამოც შემდეგში ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის.

დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“ (გიორგი მთაწმიდელი). XI საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრიტის ხეობაში. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ (989 წელს) იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დათანხმებულიყო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები იმპერიას შეერთებოდა. მკვლევართა შორის არაა თანხმობა, თუ რა ქვეყნები უნდა გადასცემოდა ბიზანტიას ამ დათმობის შედეგად. ერთნი ფიქრობდნენ, რომ აქ მხოლოდ „ზემონი ქუეყანანი“ უნდა იგულისხმებოდეს, სხვებს მიაჩნიათ, რომ დავით III-მ მისი სამფლობელო უანდერძა იმპერატორს. მეორე მოსაზრება უფრო სწორი უნდა იყოს, რადგან „ზემონი ქუეყანანი“ მას ისედაც დროებით, მხოლოდ სიცოცხლის მანძილზე გადაეცა სამფლობელოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969;