დავით ყიფშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფშიძე.

დავით ყიფშიძე (დ. 1902 სოფ. ალავერდი, ზესტაფონის რაიონი, რუსეთის იმპერია — გ. 31 აგვისტო, 1957) — ქართველი პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1925 წელს დაასრულა პედაგოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის კურსი.

1925–1927 წლებში დ. ყიფშიძე იყო სოფელ კიცხის გლეხთა და ახალგაზრდობის სკოლის გამგე. 1927–1932 წლებში მუშაობდა ქალაქ ზესტაფონში საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ. 1932–1934 წლებში სწავლობდა ლენინგრადის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1934–1937 წლებში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა პედაგოგიკის ისტორიას. 1937–1938 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ.

1938 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის თებერვლამდე დიმიტრი ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. 1942 წლიდან 1949 წლამდე — საქართველოს სსრ პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი. 1947 წელს დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგედ და გარდაცვალებამდე შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის კათედრის დოცენტად. 1947 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პედაგოგიკის საგანი“, რისთვისაც მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

დიმიტრი ყიფშიძე სისტემატურად თანამშრომლობდა პედაგოგიურ პრესაში, მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებზე. გარდაიცვალა 1957 წლის 31 აგვისტოს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით ყიფშიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-03. ციტირების თარიღი: 2018-12-01.