დავით ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ღვალაძე (დ. 1775, სვერი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 12 აპრილი, 1863, იქვე) — ქართველი სამხედრო და სასულიერო მოღვაწე, კეთილმოწესე დეკანოზი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ სვერში (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), სვერის ციხის ნაცვალის (გარნიზონის უფროსის თანაშემწე) ოჯახში. მიიღო საერო (ოჯახში) და სასულიერო განათლება.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ღვალაძე 1795-1810 წლებში იყო სვერის ციხის უკანასკნელი ნაცვალი (გარნიზონის უფროსის თანაშემწე). ცარისტული რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმების და იმერეთის ანტიცარისტული ამბოხების (რომლის აქტიური მონაწილე იყო) ჩახშობის შემდეგ, 1811 წელს, იგი აღიკვეცა და 1814 წლამდე მსახურობდა სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, რომელიც 1800 წელს მისი თაოსნობით იქნა აგებული. 1814-1838 წლებში იყო სოფელ სკინდორის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1853 წელს განამწესეს სოფელ მორძგვეთის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. იქ მსახურობდა გარდაცვალებამდე.

დავით ღვალაძე გარდაიცვალა 1863 წელს, დაკრძალულია სვერის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვალაძეს ჯაფარიძის ქალისაგან ჰყავდა 7 შვილი. მისი პირდაპირი შთამომავლები (შვილიშვილის შვილები) იყვნენ პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელეფთერ ღვალაძე (1879-1955), ბიოქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი ვარლამ ღვალაძე (1893-1944) და ადვოკატი და პუბლიცისტი, 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ევგენ ღვალაძე (1900-1937).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. კეზევაძე. ეგზარქოსობის დროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ქუთაისი, 2008