დავით კეზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით კეზელი
დაბადების თარიღი 25 ივლისი, 1854(1854-07-25)
გარდაცვალების თარიღი 1907
საქმიანობა მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

დავით ივანეს ძე კეზელი (დ. 25 ივლისი, 1854 ― გ. 1907) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი.

70-იანი წლების I ნახევარში ხელმძღვანელობდა თბილისის სემინარიის მოსწავლეთა ფარულ წრეს. აღმოაჩნდა ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის წერილი და პროკლამაცია „საქართველოს ახალ თაობას“. რევოლუციურ საკითხში ხალხოსნურ პოზიციაზე იდგა: გადამწყვეტ როლს ანიჭებდა რჩეულ ადამიანებს, ტალანტებს, გმირებს. დააპატიმრეს 1873 წლის დეკემბერში. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ არასრულწლოვანების გამო 8 თვის პატიმრობა მიესაჯა. 70-90-იან წლებში და XX საუკუნის დამდეგს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ივერიაში“, „შრომაში“, „ცნობის ფურცელისა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. 1905-07 რევოლუციის პერიოდში აქვეყნებდა წერილებს გორის მაზრის გლეხთა მოძრაობაზე. აღსანიშნავია კეზელის დრამატული საქმიანობა: მისი პიესები („ორცოლიანი“, „ბიძიასთან გამოხმაურება“, „დედა და შვილი“ და სხვა) წარმატებით იდგმებოდა თბილისის, თელავის, გორისა და სხვა ქალაქების სახალხო თეატრების სცენებზე. კეზელმა ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები და 1886 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. ამ თემაზე მრავალი წერილი დაბეჭდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. პრესაში თანამშრომლობდა „ზოილის“, „დავით სოსლანის“, „არაგველის“ ფსევდონიმებით. კეზელმა სახალხო გმირის, არსენა ოძელაშვილის უკვდავსაყოფად მის საფლავზე ქვა დადო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთელავა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX საუკუნის მეორე ნახევარი), თბ., 1967;
  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960;