დავით კაპანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაპანაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით გიორგის ძე კაპანაძე (დ. 15 აპრილი, 1898, თბილისი — გ. 7 მარტი, 1971, იქვე) — ქართველი მეცნიერი, ნუმიზმატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია. აქვე ჩაენერგა ისტორიის სიყვარული, დაიწყო ძველი ნივთების, განსაკუთრებით ფულების შეგროვება. ბავშვობის ეს გატაცება დ. კაპანაძემ ცხოვრებისეულ საქმედ აქცია და ნუმიზმატიკის დარგში გახდა ავტორიტეტული სპეციალისტი.

1937 წელს დ. კაპანაძე, როგორც უკვე გამოცდილი ნუმიზმატი, მიიწვიეს დმანისის, გეგუთის, მცხეთის გუდარეხის და ბიჭვინთის ექსპედიციებში. 1939 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტში, 1959 წლიდან კი განაგებს ამავე განყოფილებას, რომელიც მეცნიერმა გაამდიდრა უსასყიდლოდ გადაცემული საკუთარი კოლექციით.

1950 წელს დ. კაპანაძემ გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „ქართული ნუმიზმატიკა“, რომელშიც განხილულია ქართული ფულის 2500-წლოვანი ისტორია. 1955 წელს იგი შევსებული და გადამუშავებული სახით გამოიცა მოსკოვში.

დ. კაპანაძეს არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ საქმის სიყვარულმა და რუდუნებამ მაღალპროფესიონალ ავტორიტეტად აქცია. მას ნება დართეს 1948 წელს დაეცვა საკანდიდატო, ხოლო 1957 წელს სადოქტორო დიერტაციები. მის კალამს ეკუთვნის 70-მდე მეცნიერული ნაშრომი.

წლების მანძილზე დ. კაპანაძე ლექციების კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1968 წელს ღვაწლმოსილ პროფესორს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 206, თბ., 1994

რესურსებიინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]