საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი.

დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, ქალაქ თბილისში. ჩამოყალიბდა საქართველოს ღარებკომის გამგეობის 1932 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით როგორც საუწყებო ორგანიზაცია — მშრომელ ებრაელთა კულტბაზის ფარგლებში; ოფიციალურად დაარსდა 1933 წლის 23 ნოემბერს — საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის ბრძანებით.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგამოფენო დარბაზი.

თავდაპირველად მუზეუმი განთავსდა ებრაელთა კულტბაზის შენობაში (ამჟამად, გ. აბესაძის ქ.10), ხოლო 1940 წლიდან ე. წ. „გუმბათოვან სინაგოგაში“ (ამჟამად, ანტონ კათალიკოსის ქ.3); 1910-იანი წლების შუახანებში აშენებული მუზეუმის შენობა — აგურისაა, გარედან მრავალკუთხა, შიგნით წრიული (3 აფსიდით), რომლის პერიმეტრზე, 8 წყვილ სვეტზე დაფუძნებულია რკინა-ბეტონისავე ორი, დიდი და მცირე გუმბათი; გადაკეთებათა შედეგად ნაგებობა 3 სართულიანია, დაახლოებით 20 მეტრი სიგრძე-სიგანისა და 21 მეტრი სიმაღლის. სსრკ-ში მიმდინარე ანტისემიტური მოძრაობის ტალღაზე მუზეუმი დაიხურა 1951 წელს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის წარდგენის საფუძველზე აღდგა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 30 ნოემბრის № 1017 დადგენილებით და მიენიჭა ცნობილი რაბინისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელი. მუზეუმი შევიდა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალა სამეცნიერო ხელმძღვანელობა; 2000—2004 წლებში მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.

უმწვავეს ავარიულ მდგომარეობაში არსებული ისტორიული ნაგებობისა და ეროვნულ-საერთაშორისო მნიშვნელობის სამუზეუმო დაწესებულების გადარჩენისათვის, მუზეუმისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივლისის № 654 განკარგულებით — „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციის ღონისძიებათა შესახებ“, დაისახა მუზეუმის, როგორც ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელი უნიკალური სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირებისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს № 493 ბრძანებულებით განისაზღვრა მუზეუმის ახალი სამართლებრივი სტატუსი და სახელწოდება — „ს. ს. ი. პ. დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი“. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მასზე სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა.

მუზეუმი მფლობელია მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა — ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, მხატვრული, არქივებისა და ა. შ., რომლებიც 1951 წელს, მუზეუმის გაუქმების შემდეგ, განთავსდა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ინსტიტუტსა და საცავში.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის № 654 განკარგულებით განსაზღვრულია შენობის რეკონსტრუქციის დამთავრებისთანავე, მუზეუმის კუთვნილი მასალების დაბრუნება.

გამოცემულია ებრაისტიკა — ქართველოლოგიისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო „შრომების“ V ტომი (I-1940, II-1941, III-1945, IV-2006, V-2008); ჩატარებულია ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა მხარეში; გამოფენები; საერთაშორისო კონფერენციები, მიძღვნილი საქართველოს ებრაელთა, საქართველო-პალესტინისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის საკითხებისადმი.

მუზეუმის საექსპოზიციო კონცეფცია და თემატური გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ისინი საფუძვლად დაედო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 2600 წლოვანი ისტორიისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას 1998 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში)

დევიზი:

ვიკიციტატა
„თუ დაგივიწყო იერუშალაიმ...
თუ დაგივიწყო საქართველო...“

კავკასია და საკუთრივ საქართველო, გეოპოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური, კონფესიური თვალსაზრისით ისტორიულადაც და განსაკუთრებით დღეს, თავისი მრავალეროვნულობითა და მრავალკონფესიურ-რელიგიურობით მეტად ფეთქებად და „აქტიური ველის” რეგიონს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთაშორისი ურთიერთობანი ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა და მისი ჰარმონიულად ჩამოყალიბება, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგში რჩება.

ამ მხრივ, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ბადალი იშვიათად, თუ სრულიადაც არ მოეძებნება მსოფლიოს ისტორიაში. საქართველოს ისტორიამ შემოგვინახა ორი უძველესი ერის მრავალსაუკუნოვარი მშვიდობიანი ურთიერთობის მაგალითი და მისი ჩვენება ქართველ ებრაელთა და მთლიანად, საქართველოს ებრაელთა ისტორიის ფონზე, გამოფენის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

ლაილაშის ბიბლია; X საუკუნე

ბიბლიური, არქეოლოგიური, ისტორიული და ენათმეცნიერული მონაცემების საფუძველზე გამოფენაზე შუქდება:

  • საქართველო (კავკასია) - პალესტინის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობანი (ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და შუასაუკუნეების პერიოდების), რაც საერთო ისტორიულ-კულტურული არეალის არსებობით აიხსნება;
  • საქართველოში ებრაელთა მოსვლის, განსახლებისა და დამკვიდრების სხვადასხვა პერიოდი: ძვ.წ. VIII ს. - სალმინასარის, ძვ.წ. VI ს. (586 წ. შემდეგ) ნაბუქოდონოსორ II-ის, ძვ. წ. II-I სს. - ა.წ. I ს., VI-VII სს., XIX-XXსს.;
  • ქართველი ებრაელის ფენომენი (ანთროპოლოგიური, ეთნიკური, სოციალური, იურიდიული, კონფესიური, კულტურული, ეთნოგრაფიული...);
  • ქართველ ებრაელთა ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო სფეროებში;
  • ქართველ ებრაელთა მისია საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში;
  • ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები „წმიდა მიწაზე”;
  • საქართველოს მეფეთა წარმომავლობის იზოთეისტური თეორია (რომლის მიხედვითაც ქართველი მეფენი - ბაგრატიონნი ებრაელთა ბიბლიური მეფეების დავით-სოლომონისა და ღვთისმშობლის მეუღლის იოსების შთამომავლები არიან და ამ ხაზით, უფალთან ნაზიარებნი);
  • ბიბლიურ მეფე დავით წინასწარმეტყველთან დაკავშირებული სიმბოლოები (ჰექსაგრამა, ბაგრატოვანთა გერბი) შუასაუკუნეების ქართულ მატერიალურ კულტურაში;
  • საქართველოს ებრაელთა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები, რელიგიური ცხოვრება, ტრადიციები;
  • საქართველოს ებრაელთა ყოფა და კულტურა;
  • საქართველოში ისტორიულად და სახელმწიფოებრივად თუ რატომ არ ყოფილა ანტისემიტიზმი. აღინიშნება ქართველთა თავდადება და თავგანწირვა ებრაელთა გადასარჩენად XX ს. დასაწყისში რუსეთში აღზევებული ანტისემიტური „პოგრომებისა” და ებრაელი ტყვეების გადარჩენა მეორე მსოფლიო ომის დროს;
  • საქართველოდან ებრაელთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პერიოდები - XIX ს. - XX ს. დასაწყისი, XX ს-ის 70-იანი წლებიდან... ახსნილია ამ მოვლენის მეტაფიზიკური, ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები; საქართველოსთან, როგორც თავიანთ „მეორე სამშობლოსთან” ქართველი ებრაელობის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ფაქტები, საქართველო-ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოებრივი, სამეცნიერო-კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობანი;
  • საქართველოში მოღვაწე ებრაული, ქართულ-ებრაული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
  • გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ფოტო, ტექსტობრივი, საგნობრივი მასალა: საქართველოში ებრაელთა ისტორიული განსახლების
შინაური ფრინველის დაკვლა რელიგიური წერების დაცვით, შალომ კობოშვილი, 1940.

რუკები, პეიზაჟები, უბნები, სასულიერო და საერო ნაგებობების, სასაფლაოების ხედები, დემოგრაფიული მონაცემები, მდიდარი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ბეჭდვითი მასალა, ნიჭიერი ქართველი ებრაელი „პრიმიტივისტი” მხატვრის შალომ კობოშვილის, მსოფლიოში ცნობილი ებრაელი მხატვრის სოლომონ გერშოვისა (რომლის უდიდესი ‎კოლექციაც ინახება საქართველოში) და სხვა მხატვრების ნამუშევრები. გამოფენის ლაიტმოტივი - ქართველმა ებრაელობამ ღირსეულად განვლო საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გზა და მტკიცედ დაიმკვიდრა თავი მის ისტორიაში, რაც ორივე ერის ტოლერანტობის, ბიბლიური სიბრძნის ნათელი გამოვლენაა. ყოველივე ამის გამო, საქართველოს სრული საფუძველი აქვს მსოფლიოს აუწყოს და აღნიშნოს ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის ისტორიული ფენომენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი, „თბილისი“, ენციკლოპედია, თბ.,2002
  • ა. გეგეჭკორი, აშკენაზთა სინაგოგები თბილისში, „მენორა-10“, თბ. 2003
  • გ. ჭანიშვილი, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა, თბ., 2003
  • გ. ღამბაშიძე, დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი: ისტორიანი-მომავლის ხედვა. დავიდ ბააზოვის დაბადებიდან 120 და გერცელ ბააზოვის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, იერუშალაიმი, 2005
  • შ. წიწუაშვილი, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (1933—1951 წწ). დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის „შრომები“, IV, თბ., 2006 (ქართულ-ინგლისურად)
  • თ. ცაგარეიშვილი, აკად. გიორგი ჩიტაია და საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის „შრომები“, IV, თბ., 2006 (ქართულ-ინგლისურად)
  • დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის „შრომები“, V, თბ., 2008 (ქართულ-ინგლისურად)
  • სინაგოგები, „თბილისი“, საქართველოს ძველი ქალაქები, თბ., 2006 (ქართულ-ინგლისურად)
  • საქართველოს მუზეუმები, გზამკვლევი, თბ., 2006 (ქართულ-ინგლისურად).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3723