დაგომისის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაგომისის შეთანხმება, სოჭის შეთანხმება — შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ. მიიღეს 1992 წლის 24 ივნისს სოჭში. შედგება შესავლისა და 6 მუხლისაგან. დაგომისის შეთანხმება მიღწეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის ფედერციის პრეზიდენტის ბორის ელცინის დაგომისში სამუშაო შეხვედრის შედეგად. შეთანხმების დადების მომენტიდან მხარეები კისრულობდნენ ვალდებულებას, განეხორციელებინათ ყველა ღონისძიება, რათა 1992 წლის 28 ივნისისათვის შეწყვეტილიყო შეიარაღებული შეტაკებები და ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში გაეყვანათ შეიარაღებული ფორმირებანი შეხების ხაზის მიმდებარე დერეფნის შექმნის მიზნით.

კონფლიქტში რუსეთის შეიარარებული ძალების ჩართვის გამორიცხვის მიზნით, რუსეთის მხარეს 20 დღის განმავლობაში უნდა გაეყვანა ცხინვალის რაიონში დისლოცირებული 37-ე ინჟინერ-მესანგრეთა და 292-ე საბრძოლო ვერტმფრენთა პოლკები.

აღნიშნულ ზონაში კონფლიქიტის მხარეების მონაწილეობით უნდა შექმნილიყო შერეული საკონტროლო კომისია, კომისიასთან კი - მეთვალყურეთა შერეული ჯგუფები. საკონტროლო კომისიასთან შეიქმნა შერეული ძალები მშვიდობის დამყარების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. კომისია შედგებოდა ოთხი მხარის — საქართველოს, სამხრეთი ოსეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის — წარმომადგენლებისგან.[1] შერეული ძალები ყალიბდებოდა სამი შენაერთისგან — რუსულისგან, ქართულისა და ოსურისგან.[2]

დაგომისის შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იმავე წლის 1 სექტემბერს საქართველომ შეწყვიტა დაგომისის შეთანხმების მოქმედება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]