გურიის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურიის აჯანყება
თარიღი 22 მაისი - 13 სექტემბერი, 1841
მდებარეობა ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
Casus belli ფულადი გადასახადების შემოღება
შედეგი აჯანყების დამარცხება
მხარეები
რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია აჯანყებული გლეხები და თავადაზნაურობის ნაწილი
მეთაურები
რუსეთის იმპერია პოლკოვნიკი ალექსეი ბრუსილოვი,
რუსეთის იმპერია პოლკოვნიკი მოსე არღუთინსკი,
ოდიშის სამთავრო დავით დადიანი
ამბაკო შალიკაშვილი,
დავით გუგუნავა
აბესა ბოლქვაძე
ოსმალეთის იმპერია ჰასან-ბეგ თავდგირიძე
ძალები
4000 კაცი

10 ქვემეხი

7200 კაცი
დანაკარგები
32 მოკლული

115 დაჭრილი
17 ტყვე.[1]

~ 65 მოკლული

~100 დაჭრილი
50 ტყვე

გურიის აჯანყება — 1841 წელს გურიის გლეხთა შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მოჯანყეთა მარცხით დასრულდა. აჯანყების მიზეზები იყო გურიაში რუსული სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება და ოზურგეთის მაზრის შექმნა და ფულადი გადასახადების დაწესება. აჯანყებამ ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო და ანტირუსული შინაარსი შეიძინა და გლეხობის გარდა თავადაზნაურობის დიდი ნაწილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთის მაზრა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად მოქმედებდა გურიის სამთავროს გაუქმებისთვის. 1804 და 1810 წლებში გურიის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ რუსეთი ცდილობდა, დაემყარებინა მისი ადმინისტრაციის უშუალო მმართველობა. 1819-1820 წლებში რუსეთმა ჩაახშო აჯანყება გურიაში, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი. 1826-1829 წლებში კი ბრძოლა დაუწყო გურიის უკანასკნელ მთავარ სოფიოს სამთავროს გაუქმებისთვის. 1829 წელს გაუქმდა გურიის სამთავრო, 1840 წელს კი ის ჩამოყალიბდა გურიის მაზრად და იქცა რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად.

რუსული მმართველობის დამყარების პროცესი იყო მტკივნეული როგორც ადგილობრივი თავად-აზნაურობისთვის, ასევე გლეხობისთვის. ამ პროცესის ნაწილი იყო ადგილობრივი კანონმდებლობის შეცვლა რუსულით, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეების დანიშვნა ზემოდან, მათი ძალმომრეობა და თვითნებობა, კორუფციის ზრდა, ანტირუსული ძალების დევნა და რეპრესია, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, საქმისწარმოების გადაყვანა რუსულ ენაზე. აჯანყების უშუალო კატალიზატორად იქცა განის რეფორმები და მისი ფინანსური მხარე, რომლის მიხედვით გადასახადები ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო. ასევე ვრცელდებოდა ხმები, რომ ხელისუფლება აპირებდა ჩაეტარებინა მოსახლეობის ქონების აღწერა. ნატურალური გადასახადის ფულადით ჩანაცვლება შეუსაბამო აღმოჩნდა გურიის ადგილობრივი ეკონომიკური სიტუაციისთვის.

ვიკიციტატა
„რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური. რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ“
(გოგია ვადაჭკორია[2])

რეფორმის მიხედვით სახაზინო გლეხს უნდა გადაეხადა სულადობრივი გადასახადი 1 მანეთი და დამატებით კომლზე 35 კაპიკი,, ხოლო საბატონო და საეკლესიო გლეხებს — 50 კაპიკი სულადობრივი და დამატებით 9 კაპიკი კომლზე. მანეთი ვერცხლით. გადასახადების აკრეფა ხელისუფლებამ პირველად ლანჩხუთში სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. უბნის ბოქაული ბარათაშვილი ამის შემდეგ აკეთში გაემგზავრა და იქ სცადა, აეკრიფა გადასახადები. ამასთან, გლეხობა არ თავისუფლდებოდა შრომითი ბეგარისგან. 1829 წლის, რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გურიაში რუსული ფული შედიოდა მხოლოდ დროებითი მმართველობის უფროსის ხელფასის სახით, რაც თვეში 600 მანეთს შეადგენდა. დროებითი მმართველობის სხვა წევრებიც კი ხელფასს ნატურით იღებდნენ. რეფორმამდე არსებული გადასახადები იყო სასურსათო ბეგარა და შრომითი ბეგარა, რომელთაც ხალხი ნატურით (პროდუქციითა) და შრომით იხდიდა. ხალხში ფულად ტრიალებდა მხოლოდ ოსმალური ვერცხლის ფული მაგრამ ისე მსუბუქი, რომ კაპიკის 1/20-ის ღირებულება თუ ჰქონდა. 1837 წელს, გურიაში დიმიტრი ყიფიანის ყოფნისას მხოლოდ მაღალი თანამდებობის რუს მოხელეებს თუ ჰქონდათ წვდომა რუსულ ფულზე. გურულებმა დაიწყეს გადასახადების შეტანა ოსმალური ფულით, „ფარითა“ და „ყურუშით“, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა გადასახადების რუსულ ფულზე გადახდას ითხოვდა, რაც გლეხებს არ გააჩნდათ. გარდა გადასახადებისა, ადგილობრივი გლეხობისთვის მიუღებელი იყო კარტოფილის მოყვანის მოთხოვნა.

აჯანყების მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტალღა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 მაისს გადასახადების ამკრეფმა თავადმა ბარათაშვილმა დაიწყო გადასახადების აკრეფა სოფელ აკეთიდან. მოსახლეობამ ითხოვა დრო, თუმცა უშედეგოდ. მოხელეებმა დაიწყეს სახლებიდან ნივთების წაღება პატრონების დაუკითხავად. 24 მაისს ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიები, დათა მეგრელიძე და მარტინ ლანჩაბაძე თავს დაესხნენ გადასახადების ამკრეფ და გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული 11 მანეთი. ბარათაშვილმა შეკრიბა მცირე ჯგუფი, რამდენიმე თავადი შალიკაშვილების გვარიდან, რამდენიმე აზნაური და გაემართა გლეხების დასასჯელად. გლეხები სოფლიდან გაიქცნენ. მოხელეებმა დაიწყეს მათი სახლებიდან ნივთებისა და საქონლის წაღება. ვადაჭკორიებმა შეკრიბეს 50-მდე გლეხი. ხმლებითა და თოფებით შეიარაღებული გლეხები თავს დაესხნენ გადასახადების ამკრეფ მოხელეებს და წაართვეს აკრეფილი ფული. გლეხებმა ბარათაშვილს ლანჩხუთამდე მისდიეს და ქვებით სახლის კარ-ფანჯარა დაულეწეს. შეტაკების დროს თავში ხანჯლით დაჭრეს აზნაური ალექსანდრე ჯაყელი და ხელში დაიჭრა გლეხი გაბრიელ ჩხაიძე.

შემდეგ დღეს 300-მდე ლანჩხუთელი და აკეთელი გლეხი სახლში მიადგა ბარათაშვილს და მოსთხოვა მაზრის ხელმძღვანელობასთან შუამავლობა, რათა მაზრის უფროსს აღარ მოეთხოვა გადასახადების აკრეფა, არც აჯანყებულთაგან დაესაჯა ვინმე და გადაეყენებინა სოფელ აკეთის ნაცვალი. ბარათაშვილის შუამავლობამ არ გაჭრა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა ნიკოლა იაცენკომ გამოითხოვა რაზმი სასაზღვრო ბატალიონიდან. პორუჩიკ სტეპანოვის მეთაურობით რაზმში შედიოდა 8 ოფიცერი და 100 ჯარისკაცი. იაცენკომ მოიარა აკეთი და ზომლეთი და ვანი. ამ სოფლებში გარეგნული სიმშვიდე იყო, ტყეში რჩებოდა რჩებოდა მხოლოდ 8 გლეხი. იაცენკომ გლეხები დაშოშმინებულად ჩათვალა და 31 მაისს დაბრუნდა ოზურგეთში.

იაცენკოს მიერ სიტუაციის არასწორი შეფასების გამო აჯანყების შესახებ მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველო-იმერეთის გუბერნიაში. ამ დროს აკეთში დარჩენილმა 8 მეამბოხემ ახალი ძალები შემოიკრიბა. ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი „ფირალი“, რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. აჯანყებაში თანდათანობით ჩაერთნენ აკეთის, ლანჩხუთის, ვანის, შემოქმედის, ლიხაურისა და ასკანის გლეხები. სოფელ აკეთიდან დაძრულმა გლეხებმა გადალახეს მდინარე სუფსა და გაემართნენ ოზურგეთისკენ, მაგრამ შემდეგ შეცვალეს გეზი, შემოუარეს მას და შევიდნენ შემოქმედში. აქ მათ მოითხოვეს იაცენკოსთან მოლაპარაკებები. იაცენკომ გლეხებთან შეხვედრაზე უარი თქვა და მათთან ოთხი მოხელე გაგზავნა, მაგრამ გლეხებმა არ მიიღეს იაცენკოს გაგზავნილი მოხელეები. გლეხების გეგმა იყო, შემოევლოთ სოფლები, გაეზარდათ მოლაშქრეთა რაოდენობა, დაბანაკებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიის საზღვართან, ჩოლოქის მარჯვენა მხარეს და იქედან გაეგზავნათ მოთხოვნები ადმინისტრაციისადმი. თუ რუსეთის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, ისინი შეუტევდნენ ოზურგეთს. ჩოლოქთან დაბანაკება გლეხებისთვის მომგებიანი იყო, რადგან მათ დაცული ექნებოდათ ზურგი, მიიღებდნენ დახმარებას ოსმალეთიდან და დამარცხების შემთხვევაში გაიქცეოდნენ ოსმალეთში. გლეხები 3 ივნისს ჩავიდნენ ლიხაურში, ოსმალეთის იმპერიის მოსაზღვრე სოფელში. ლიხაურში აჯანყებულებს შეუერთდა გლეხების, ოთარ თოიძის და გოგიჩა გორდელაძის, აზნაურების გიტო გოგორიკიძის და სიმონიკა გოგოლიშვილის და თავად მიხეილ მაქსიმელიშვილის რაზმები. ამ დროიდან აჯანყებაში უკვე არა მხოლოდ გლეხები, არამედ გურიის თავადაზნაურობაც აქტიურად ჩაება.

მაზრის უფროსი იაცენკო დახმარებას სთხოვდა სახაზო ბატალიონით მეთაურს, პოდპოლკოვნიკ შეპლევს, რათა ამ უკანასკნელს გაემაგრებინა ნაგომრის საგუშაგოზე მდგარი კაზაკთა რაზმი. ამავე დროს ადგილზე არ იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ნაწილის უფროსი პოლკოვნიკი ალექსეი ბრუსილოვი. მას ცვლიდა პოდპოლკოვნიკი ჩერნიკოვი. ჩერნიკოვმა 3 ივნისს უბრძანა პორუჩიკ კოვალევსკის, 140 ჯარისკაცითა და ოფიცრით რედუტ-კალედან ოზურგეთში გადასულიყო. თავად ჩერნიკოვი ქუთაისიდან გურიისკენ დაიძრა მე-2 სახაზო ბატალიონის 167 ჯარისკაცით და 50 კაზაკით და რიონის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკდა. მან ქუთაისიდან დამატებით გამოიძახა 100 ქვეითი და ორი ზარბაზანი.

საზღვართან აჯანყებულებს ეგულებოდათ ჰასან-ბეგ თავდგირიძე, როგორც მათი მოკავშირე. თავდგირიძე ამარაგებდა აჯანყებულებს ტყვია-წამლით. მას ამაში ეხმარებოდა ინგლისის ვიცე-კონსული ფრედერიკ გარაჩინო, რომლის მხარდაჭერითად თავდგირიძე ტრაპიზონში ყიდულობდა და გურიაში გლეხებს აწოდებდა ტყვია-წამალს. არსებული გეგმის მიხედვით თავდგირიძე თავს უნდა დასხმოდა შეკვეთილის წმ. ნკოლოზის ციხე-სიმაგრეს სამხრეთიდან და შესულიყო გურიაში აჯანყებულების დასახმარებლად, მაგრამ პოლკოვნიკ ბრუსილოვისა და მაზრის უფროს იაცენკოს მოთხოვნით მან შეაჩერა მოქმედება და გაეთიშა აჯანყებულებს. ბრუსილოვი თავდგირიძეს სთხოვდა, გასულიყო გურიიდან და მაშინ რუსეთის ხელისუფლება ადვილად მოერეოდა აჯანყებულებს. ბრუსილოვმა ერზერუმის სერასქირსა და ტრაპიზონის ფაშასაც მიმართა კეთილმეზობლური ურთიერთობების ნეიტრალიტეტის დაცვის მოთხოვნით. თავდგირიძე იძულებული გახდა, ჩამოსცილებოდა აჯანყებას და უკან გამოეხმო სოფელ ქაქუთის მკვიდრთა ასეული.

ამის შემდეგ ამბოხებული გლეხების რაზმმა ოზურგეთს შეუტია, ჩახერგა ქალაქის შესასვლელი გზები, გადაწვა საბაჟოსა და კარანტინის შენობები. ქალაქში მდგარმა მცირერიცხოვანმა გარნიზონმა ბრძოლა ვერ გაბედა. ბრძოლას აჯანყებულების მოერიდნენ და დაიძრნენ გურიანთისკენ. გურიანთაში მცხოვრები თავადი გიორგი ნაკაშიძე რუსეთის ხელისუფლების ერთგული იყო. ისა ჩაუსაფრდა აჯანყებულებს და ბრძოლაში უკან დაახევინა. ბრძოლაში დაიღუპნენ სახაზინო გლეხები როსტომ მჟავანაძე და გოგია მენაბდე. 8 ივნისს აჯანყება მოედო ჩოხატაურის ირგვლივ მდებარე სოფლებს. 600-მდე გლეხი როსტომ და გიორგი მაშაკიშვილების ხელმძღვანელობით თავს დაესხა ჩოხატაურში მდგარ რუსულ საგუშაგოს, სადაც კაპიტან ღოღობერიძის მეთაურობით იდგა ერთი ასეული და გურიის მილიციის რაზმი.

ივნისის შუა რიცხვებისთვის მღელვარება შედარებით ჩაცხრა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ აჯანყება აღარ გრძელდებოდა. 10 ივნისს ოზურგეთი დატოვა და თბილისში დაბრუნდა საქართველო-იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორი გენერალ-მაიორი სემიონ კახანოვი. მან ოზურგეთის მაზრის უფროსს დაავალა, რომ საჭიროების შემთხვევაში გადასახადები თურქული ლირითაც მიეღოთ. კახანოვმა მოლაპარაკება გამართა საჯავახოში შეკრებილ გლეხთა ლაშქართან. საჯავახოელი გლეხები მოლაპარაკებების შედეგად დაიშალნენ.

მეორე ტალღა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლებისთვის მოულოდნელად, 2 აგვისტოს თავდასხმა მოხდა ნაგომარში მდებარე საგუშაგოზე. 30-მდე გლეხი თავს დაესხა პირველი სახაზო ბატალიონის სამ ჯარისკაცს. ამ თავდასხმამ კახანოვი დაარწმუნა, რომ აჯანყება ნებისმიერ დროს შეიძლება განახლებულიყო, მანამ, სანამ გლეხები ტყეებს აფარებდნენ თავს. მას მიაჩნდა, რომ გურიაში დამატებითი ძალების მობილიზება იყო საჭირო. ბრუსილოვს, მის საწინააღმდეგოდ, მიაჩნდა, რომ არსებული რესურსიც საკმარისი იქნებოდა აჯანყებულების წინააღმდეგ. 7 ივლისს ახალციხიდან გურიაში დამატებით გაიგზავნა მესამე სახაზო ბატალიონის 1 ასეული. ეს ძალები საკმარისი მართლაც არ აღმოჩნდა, რომ გლეხების უკმაყოფილება არ დამცხრალა. ივლისის ბოლოს გურიანთელმა გლეხება უარი თქვეს გადასახადების გადახდაზე. გურიანთელებს შეუერთდნენ ლიხაურელი გლეხები. ორივე სოფლის გლეხობა სოფელ-სოფელ დადიოდა და სხვებსაც აჯანყებისკენ მოუწოდებდა. ოზურგეთის მაზრის უფროსი იაცენკო ჩავიდა გურიანთაში და შეხვდა გლეხთა მოძრაობის სამ ლიდერს. იაცენკო დებდა პირობას, რომ გადასახადი აღარ გაიზრდებოდა და რომ გურიის მოსახლეობას აღარ შეეხებოდა რუსეთის ჯარში გაწვევა. ამასთან ის უხსნიდა გლეხებს, რომ მათი მოქმედება დანაშაული იყო. 3 აგვისტოს გლეხების წარმომადგენლები მივიდნენ მაზრის უფროსთან და გადასცეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე უხუცესი გლეხი თანახმა იყო რაზმების დაშლაზე, გლეხების უმრავლესობა ამას არ აპირებდა. 5 აგვისტოს კახანოვმა უბრძანა ბრუსილოვს, ნაგომრის საგუშაგოს გარნიზონი გადაეყვანა ოზურგეთში და გაემაგრებინა ქალაქი. ამ დროისთვის გურიაში ხელისუფლების სამხედრო რესურსი შედგებოდა 700 ჯარისკაცისგან, რომელთაგან 444 ქალაქ ოზურგეთში იდგა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა საგუშაგოებზე იყო გადანაწილებული.

აჯანყებამ თანდათან საყოველთაო ხასიათი მიიღო და ზენიტში შევიდა. მას შეუერთდნენ ჩოჩხათის გლეხები. მათ გადასახადები უკვე გადახდილი ჰქონდათ, მაგრამ აჯანყებას მაინც შეუერთდნენ. აგვისტოში აჯანყებული გლეხების რაოდენობამ 7200-ს მიაღწია. აგვისტოში აჯანყებაში ჩაერთო მართვის სადავეებს მოკლებული და რუსული მმართველობით უკმაყოფილო გურიის ფეოდალები და აჯანყების პოლიტიკური ხელმძღვანელობა მათ აიღეს თავის თავზე. 8 აგვისტოს გურიაში პირადად ჩავიდა ალექსეი ბრუსილოვი. ის აპირებდა შავი ზღვის სანაპიროზე თავი მოეყარა იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მილიციისთვის და იქედან შეეტია გლეხებისთვის. იმავე დღეს აჯანყებულები გადავიდნენ აქტიურ სამხედრო ქმედებებზე. თავად ამბაკო შალიკაშვილის მეთაურობით აჯანყებულების ნაწილი გაემართა გურია-იმერეთის საზღვარზე, იმერეთიდან მომავალი რუსის ჯარის შესაკავებლად, ხოლო მეორე ნაწილი გაემართა შეკვეთილისკენ. მათ მოაწყვეს ჩასაფრება და ცეცხლი გაუხსნეს შეკვეთილში მიმავალ რუსების რაზმს, რომელსაც თან მომარაგება მიჰქონდა. ბრუსილოვმა პირველი სახაზო ბატალიონის ჯარისკაცები გაგზავნა შეკვეთილის დასაცავად, ხოლო მეორე სახაზო ბატალიონის ერთი ასეული პორუჩიკ ჭილაძის მეთაურობით გაგზავნა ლიხაურში გლეხებთან მოსალაპარაკებლად. ლიხაურში შეკრებილმა 100-მდე გლეხმა ჭილაძეს დაშლაზე უარი უთხრა.

გოგორეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუსილოვი შიშობდა, რომ აჯანყებულები დაამყარებდნენ კონტროლს ოზურგეთი-შეკვეთილის გზაზე. ამის თავიდან აცილებისთვის ის 9 აგვისტოს, დილის 5 საათზე 200 ქვეითითა და 2 ზარბაზნით ოზურგეთიდან დასავლეთით დაიძრა. მან გზად შეიტყო, რომ სოფელ გოგორეთის ეკლესიასთან იმყოფებოდა 300-მდე აჯანყებული გლეხი, ხოლო მთლიანად სოფელში აჯანყებულების რაოდენობა 500-ს შეადგენდა. გოგორეთში თავს იყრიდნენ გლეხები და აზნაურები სხვადასხვა სოფლებიდან, რათა თავს დასხმოდნენ შეკვეთილის სიმაგრეს. ბრუსილოვმა ჯარი გოგორეთიდან 2 ვერსზე გააჩერა და წინ გაგზავნა კაპიტანი გაბაშვილი 100 ჯარისკაცით. აჯანყებულებმა გაბაშვილის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ამას ბრუსილოვმა არტილერიის ცეცხლით უპასუხა. ორმხრივი ცეცხლი 4 საათს, დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე გაგრძელდა. ბრუსილოვს ტყვია-წამლის მარაგი ამოეწურა, თანაც ოზურგეთში მას მცირე გარნიზონი ჰყავდა დატოვებული, ამიტომ უკან დახევა დაიწყო.

აჯანყებულებმა გლეხ აბესა ბოლქვაძის მეთაურობით 12 ვერსზე სდიეს რუსეთის ჯარს. ბრძოლაში რუსეთის ჯარის მხარეს დაიღუპა 6 და დაიჭრა 16 ადამიანი, ხოლო აჯანყებულებს რუსების მიერ არტილერიის გამოყენების გამო მიადგათ მეტი ზიანი, დაეღუპათ 15 და დაეჭრათ 40 ადამიანი, მათ შორის დაიჭრა აბესა ბოლქვაძე.

შეკვეთილის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეკვეთილის ციხე-სიმაგრე 1840-იან წლებში. შეკვეთილი ოზურგეთთან ერთად მაზრის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო და აკონტროლებდა საზღვარს ოსმალეთის იმპერიასთან

რუსეთის რეგულარული ჯარის დამარცხებამ ახალი საბრძოლო შემართება მისცა აჯანყებულებს. ისინი იმავე დღეს საღამოს 8 საათზე ვაშნართან თავს დაესხნენ რუსეთის ჯარის აღალს, მოკლეს 8-დან ორი და ტყვედ აიყვანეს 4 ჯარისკაცი. აჯანყებულებს დაედევნა რუსეთის მომხრე თავადი გიორგი ნაკაშიძე, მოუკლა ორი კაცი, დაატყვევა ორი და წაართვა ნადავლის ნაწილი.

აჯანყებულების შემდეგი სამიზნე შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე იყო. 9 აგვისტოს აჯანყებულეთა კიდევ ერთი რაზმი 200 კაცის შემადგენლობით თავს დაესხა მდინარე ჩოლოქის მარჯვენა ნაპირზე არსებულ რუსულ საგუშაგოს. საგუშაგოს იცავდა ოთხი კაზაკი. გლეხებმა სამი მათგანი ტყვედ აიყვანეს და ხელში ჩაიგდეს საგუშაგოს მთელი ქონება. მალე მათ ტყვედ აიყვანეს კიდევ 9 კაზაკი და ორი სტრაჟნიკი, დაარბიეს ჩოლოქის საბაჟო და კარანტინი.

აზნაური გოგია ქარცივაძე თავს დაესხა რუსულ საგუშაგოს ნატანებში და გადაწვა მდინარეზე არსებული გადასასვლელი, რითაც გადაკეტა შეკვეთილის სიმაგრესთან დამაკავშირებელი გზა. შეკვეთილის სიმაგრე, რომელსაც სულ 14 ჯარისკაცი იცავდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბრუსილოვის განკარგულებაში ოზურგეთში იყო მხოლოდ 300 ჯარისკაცი, 20 კაზაკი და 2 ზარბაზანი. ეს ძალა შეკვეთილის დასაცავად საკმარისი არ იყო. მან დასახმარებლად და შეკვეთილის დასაცავად უხმო რედუტ-კალეს პირველი სახაზო ათასეულის მეთაურ პორუჩიკ კომილევსკის და ოდიშის მთავარ დავით დადიანს, ხოლო შეკვეთილის ციხის კაპიტანმა შედრინმა დახმარება სთხოვა მეორე ქართული სახაზო ათასეულის უფროსს, მაიორ კრინიცკის. 10 აგვისტოს 2000 აჯანყებული დაიძრა შეკვეთილისკენ. რაზმი ორად გაიყო, ერთი ნაწილი ციხეს უტევდა, მეორე კი მდინარე ნატანების ხიდთან განლაგდა, რათა შეეჩერებინათ შეკვეთილის ციხის დამხმარე რუსული რაზმები. ერთ-ერთ რაზმს აბესა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. 10 აგვისტოს 900-მა აჯანყებულმა აიღო წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე. ისინი დაეუფლენენ სიმაგრეში დაცულ თოფ-იარაღს და სურსათს. 100 გლეხი სიმაგრეში დარჩა, დანარჩენები კი ნატანების საგუშაგოზე გამაგრდნენ. შჩედრინი 14 ჯარისკაცთან ერთად ნავებით გაუშვეს რედუტ-კალეში.

შეკვეთილისთვის ბრძლა ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით, 2 სექტემბერს ციხე-სიმაგრის ზღვიდან აღება სცადა შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსმა გენერალმა ანრეპმა. მან შეკვეთილში ზღვიდან სცადა დესანტის გადასხმა, მაგრამ ვერ მოახერხა, აჯანყებულებმა საგუშაგოს ირგვლივ ყველაფერი გადაწვეს.

გრიგოლეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეკვეთილის შემდეგ გლეხებმა დაიკავეს მდინარე მალთაყვასა და სუფსაზე არსებული გადასასვლელები. 11 აგვისტოს 23 გლეხი ფოთთან თავს დაესხა რუსეთის ჯარის კუთვნილ საქონელს, გარეკა ხარები და შეიპყრო მწყემსი. 13 აგვისტოს ისინი კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ციხესთან და გაძარცვეს ნავები. აჯანყებულები აპირებდნენ ფოთსა და რედუტ-კალეზე შეტევას. ძლიერი წვიმების გამო შეტევის დაწყება ვერ მოხერხდა. საქართველო-იმერეთის სამოქალაქო მმართველობის უფროსი გენერალ-მაიორი სკალონი სასწრაფო მოქმედებას სთხოვდა რედუტ-კალეს რაზმსა და დავით დადიანს.

13 აგვისტოსთვის ბრუსილოვს ოზურგეთში ჰყავდა 500 ჯარისკაცი, 100 მილიციელი, 20 კაზაკი და 2 ზარბაზანი. ის დამატებით ელოდებოდა 325 ჯარისკაცს და 2 ზარბაზანს. 13 აგვისტოს ბრუსილოვმა დაკარგა ლიხაურის საგუშაგო. ამ საგუშაგოზე მდგარი 9 ჯარისკაცი ოზურგეთში გაიქცა. გლეხებმა დაამყარეს კონტროლი გურიანთის საგუშაგოზეც. აქ მდგარი პორუჩიკი მიქელაძის რაზმი ოზურგეთში გაიხიზნა, მაიორმა ნაკაშიძემ კი ლანჩხუთში მაჭუტაძეებს შეაფარა თავი. გლეხები სრულად აკონტროლებდნენ ოზურგეთიდან შეკვეთილისა და ფოთისკენ მიმავალ გზებს. რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ აკონტროლებდა ქუთაისი-ოზურგეთის გზას. 14 აგვისტოს ეს გზაც აჯანყებულებმა დაიკავეს. 15 აგვისტოს 5 საათისთვის აჯანყებულებმა ოზურგეთი იზოლაციაში მოაქციეს. მათ უკვე მთლიანად ეკავათ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, გურია-იმერეთისა და გურია-ფოთის საზღვრები, ოზურგეთ-ქუთაისის გზა და სხვა. მოკლე დროში მათ დაიკავეს გურიანთა, გადაწვეს ლიხაურის საგუშაგო და დასვეს ოზურგეთის აღების საკითხი. ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი — ერთადერთი იყო, რაც მთავრობის ხელში რჩებოდა და ისიც აჯანყებულთა მიერ იყო ალყაშემორტყმული. ოზურგეთს იცავდნენ პოლკოვნიკი ბრუსილოვი, მაზრის უფროსი იაცენკო, საფოსტო ოლქის უფროსი, გენერალი კახანოვი. 15 აგვისტოს ახალციხის მაზრიდან გურიაში გადავიდა მოსე არღუთინსკი და სოფელ ვაკიჯვარში შეჩერდა.

16 აგვისტოს აჯანყებულების წინააღმდეგ დაიძრა იმერეთის სახალხო ლაშქარი თავად მიქელაძის მეთაურობით. მიქელაძემ ნაგომრის შემდეგ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან ნასაკირალის უღელტეხილი ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული. მიქელაძის ლაშქარი ალყის საშიშროების წინაშე იყო, ამიტომ მან უკან დაიხია, ჩოხატაურისკენ და შეუერთდა ლივენის რაზმს. აჯანყებულებმა ლივენისა და მიქელაძის რაზმებზე ჩოხატაურში იერიში მიიტანეს და მიქელაძე თავისი სახალხო ლაშქრით იმერეთის სოფელ ეწერში გაიქცა.

დავით დადიანი, ოდიშის მთავარი და სახალხო ლაშქრის მეთაური, ეხმარებოდა რუსეთის ხელისუფლებას აჯანყებულთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა გრიგოლეთთან და სამეგრელოში დაბრუნდა

18 აგვისტოს გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია 1000 კაცით დავით დადიანის მეთაურობით. ბრძოლა 20-დან 23 აგვისტომდე, სამ დღეს გრძელდებოდა. დადიანმა აიღო მალთაყვა და გრიგოლეთი, მაგრამ ოზურგეთისკენ წინ ვერ წაიწია, რადგან მდინარეებზე ხიდები არ იყო და ყველა გადასასვლელს აჯანყებულები აკონტროლებდნენ. აჯანყებულებმა თავის მხრივ ვეღარ შეძლეს ფოთსა და რედუტ-კალეზე შეტევა. ბრძოლაში აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპა ორი ადამიანი: სიმონ ჭყონია და ქაიხოსრო გუგუნავა. სამეგრელოს სახალხო ლაშქრიდან დაიღუპა ერთი და დაშავდა 37 ადამიანი, მოიკლა 19 ცხენი. დადიანის მილიციამ თოფ-იარაღი აჯანყებულებს ჩააბარა. დადიანების კუთვნილი ერეკლე II-ის ხმალი ჯვარცხმელმა აზნაურმა ყარსუმ ბერიძემ ჩაიგდო ხელში. დადიანის მილიციამ უკან დაიხია ფოთში. კავკასიის კორპუსის გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი პავლე კოცებუ წერდა:

ვიკიციტატა
„ხელისუფლებისთვის ესოდენ განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია აღიარება იმისა, თუ როგორი ერთგულებითა და თავგამოდებით იბრძვიან მეგრელი მოლაშქრენი თვისტომთა წინააღმდეგ. მათი თავდადებული მოქმედება აშკარად ვლინდება მეამბოხე გურულებთან შეუპოვარ ბრძოლაში, სადაც მათთვის უმთავრესია არა ნათესაუ გვარ-ტომობით კავშირ-ურთიერთობანი, არამედ უმაღლესი ერთგულების გამოვლინება ხელმწიფე იმპერატორისა და მამულის წინაშე“

შეტევა ოზურგეთზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგვისტოს ბოლოსთვის გურიის გლეხთა ძალები შეადგენდა 7200 ადამიანს, აქედან 4000 იდგა ფოთთან, მალთაყვაში, 2700 ჩოხატაურის საგუშაგოს ირგვლივ, სადაც ალყაში ჰყავდათ იმერეთის მილიცია, ხოლო 500 აკონტროლებდა გურია-იმერეთის გადასასვლელებს. 24-27 აგვისტოს გურულები უშედეგოდ უტევდნენ ჩოხატაურის საგუშაგოს. საბოლოოდ პოლკოვნიკმა წერეთელმა იმერეთის მილიცია უკან დახია სურსათ-სანოვაგის ამოწურვის გამო და ის მდინარე ცხენისწყალზე გადაიყვანა. აჯანყებულები უკან მიჰყვებოდნენ წერეთელს და აპირებდნენ შეტევას ცხენისწყალზე,

შეკვეთილსა და გრიგოლეთში გამარჯვებებისა და ზურგის უშიშროების განმტკიცების შემდეგ აჯანყებულებმა შეუტიეს ოზურგეთს, მაგრამ გარნიზონმა შეძლო მცირერიცხოვანი ძალების კონცენტრირება. 23 აგვისტოს აჯანყებულებმა დაიკავეს მაღლობები ოზურგეთის გარშემო, სადაც ერთი ზარბაზანი აიტანს და დაბომბეს ოზურგეთის ჰოსპიტალი. გარნიზონმა გახსნა საპასუხო ცეცხლი, რის შემდეგაც სროლა შეწყვიტეს გლეხებმაც. გარნიზონი აკონტროლებდა მხოლოდ ოზურგეთის ციხეს. ბრუსილოვის ბრძანებით ქალაქის შიდა ციხეში შეზიდეს განაპირა პუნქტებში არსებული სახაზინო ქონება. ქალაქის მცველებს შეუერთდნენ ლიხაურის საგუშაგოს მცველებიც. მილიციის საბრძოლო სულისკვეთება ძლიერ დაცემული იყო. ჯარისკაცები გარბოდნენ. 27-28 აგვისტოს გაიქცა 20 ჯარისკაცი თავად დათა გუგუნავას მეთაურობით და შეუერთდა აჯანყებულებს. 1 სექტემბერს აჯანყებულებმა წამოიწყეს ოზურგეთის ციხეზე საყოველთაო შეტევა. შეტევას თავად გუგუნავა და ლიხაურელი აზნაური სიმონ გოგორიშვილი ხელმძღვანელობდნენ. შეტევაში ჩაბმა დააგვიანა ლანჩხუთიდან მომავალმა დათა გურიელმა. 3000 აჯანყებული დღის 3 საათიდან კოლონებად უტევდა ციხეს, თუმცა გარნიზონი თავს იცავდა ზარბაზნებით ცეცხლით და პერიოდულად შედიოდა ხელჩართულ ბრძოლაში. შეტევა გაგრძელდა საღამომდე. ქალაქის მილიციამ, მაიორ მაკუხინის არტილერიამ და თავად მიქელაძის ლაშქარმა დაიცვეს ქალაქი. აჯანყებულებმა ციხე ვერ აიღეს, დაკარგეს 150 კაცი და დაიხიეს უკან. შეტევის დროს მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური აბესა ბოლქვაძე. წარუმატებლობამ ჩაკლა აჯანყებულთა სულისკვეთება და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის აღება მაინც შეეძლოთ შეტევის ნაცვლად თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ. ამასობაში არღუთინკიმ მოხერხებული მანევრით გვერდი აუარა ნასაკირალთან გამაგრებულ აჯანყებულებს, რომლებიც ქუთაისი-ოზურგეთის გზას კეტავდნენ და 5 სექტემბერს ოზურგეთთან გამოჩნდა. ადგილობრივი ფეოდალები მთავრობის მხარეს გადაიხარნენ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა თავად-აზნაურთა რჩევით იმ მხრიდან დაარტყა აჯანყებულებს, საიდანაც ისინი არ ელოდნენ. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულების ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი აჯანყებული დაიღუპა. ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდა კაპიტანი თავადი გრიგოლ ორბელიანი, რომელიც არღუთინსკიმ შემდგომ დააწინაურა გამოჩენილი თავდადებისთვის.

აჯანყების დამარცხება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყებულთა წინააღმდეგ კავკასიის მეფისნაცვალმა გენერალმა გოლოვინმა 14 აგვისტოს გურიის დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ჩაუყენა წარმოშობით სომეხი, პოლკოვნიკი (შემდგომში გენერალი, დაღესტნისა და კასპიის მხარეთა შეიარაღებულ ძალთა უფროსი) მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი (1798-1855 წ.წ.). არღუთინკის განკარგულებაში იყო გენერალ-მაიორი კოცებუ 2 464 რეგულარული ჯარისკაცით, რომელშიც შედიოდა:

  • ერევნის კარაბინერთა პოლკის 400 ჯარისკაცი
  • სამეგრელოს ეგერთა პოლკის 100 ჯარისკაცი
  • ქართულ გრენადერთა პოლკის მეორე ბატალიონის 600 ჯარისკაცი
  • ქართული სახაზო პოლკის მეორე ბატალიონის 215 ჯარისკაცი
  • დონის მერვე პოლკის 100 კაზაკი
  • მე-19 არტილერიის ბრიგადის ორი მსუბუქი და ოთხი სამთო ზარბაზანი

გარდა ამისა, გროვდებოდა მილიცია, ანუ სახალხო ლაშქარი იმერეთსა და ახალციხეში. 23 აგვისტოსთვის არღუთინსკის ცხენისწყლის საგუშაგოსთან რეალურად მობილიზებული ჰყავდა 1800 ქვეითი, 100 კაზაკი და 4 ზარბაზანი., გარდა ამისა, მას შეუერთდა სამეგრელოს მილიცია. არღუთინსკი გეგმავდა ოზურგეთის გათავისუფლებასა და ფოთის დაცვის უზრუნველყოფას. 23 აგვისტოს მან ფოთის დასაცავად გაგზავნა დონის კაზაკების ერთი რაზმი პოლკოვნიკ ბუიუროვის მეთაურობით. კაზაკებს თან ახლდნენ სამეგრელოსა და იმერეთის მილიციები 300 ქვეითით და ორი ცხენოსნით. მათი დავალება იყო ფოთისა და რედუტ-კალეს დაცვა და შეკვეთილისა და ფოთი-შეკვეთილის გზის გათავისუფლება აჯანყებულებისგან. ფოთში შესვლის შემდეგ ბუიუროვმა შეკვეთილზე შეტევის ბრძანება გასცა, მაგრამ სამეგრელოს მილიცია უარს ამბობდა რეგულარული არმიის გარეშე შეტევაზე, მათი ნაწილი ბუიუროვს არ დაემორჩილა და სახლებში გაიქცა. ბუიუროვი იძულებული გახდა შეტევა დაეწყო 40 ჯარისკაცითა და კაზაკების ერთი რაზმით. მან გაანადგურა აჯანყებულების საგუშაგო მდინარე მალთაყვაზე, რომელსაც 50 გლეხი იცავდა, შემდეგ ბრძოლით აიღო მდინარე სუფსაზე არსებული საგუშაგო. ამის შემდეგ გურულებმა რამდენიმე საგუშაგო უბრძოლველად დათმეს. 3 სექტემბერს ბუიუროვი შეკვეთილის სიმაგრეში შევიდა. აჯანყებულებმა ციხეში არსებული სურსათისა და იარაღის საწყობები გადაწვეს და ისე დატოვეს ციხე. შეკვეთილის შენარჩუნება ბეიუროვს არ შეეძლო, ამიტომ ისევ უკან დაიხია ფოთში.

30 აგვისტოს არღუთინსკი ცხენისწყლის საგუშაგოდან გურიისკენ დაიძრა ქართველ გრენადერთა პოლკის 2 ბატალიონით, 2 ქვემეხით და იმერეთის მილიციის 1500 კაციანი რაზმით. 31 აგვისტოს ის ჩოხატაურიდან 5 ვერსით დაშორებულ სოფელ ეწერში შეჩერდა. 2 სექტემბერს არღუთინსკიმ ჩოხატაური დაიკავა. აქ მას შეუერთდა ერევნის კარაბინერთა და სამეგრელოს ეგერთა პოლკების ორი ასეული და გურიის მილიციის 250 მებრძოლი. იმავე დღეს არღუთინსკი ნაგომრისკენ დაიძრა. აჯანყებულებმა გადაწვეს ნაგომრის საგუშაგო და დაიხიეს 3 ვერსით უკან, გამაგრებულ ადგილზე. მათ ასევე მოხსნენ ოზურგეთის ალყიდან ჯარების ნაწილები და გადაისროლეს ნაგომრის დაცული ხაზის გასაძლიერებლად. არღუთინსკიმ იმერეთის მილიციის მეთაურ პოლკოვნიკ წერეთელს დაავალა ერევნის პოლკის ორასი კარაბინერით, 300 მილიციელით და 2 ზარბაზნით შეექმნა ნაგომარზე შეტევის შთაბეჭდილება, თავად კი ძირითადი ძალებით დაიწყო შემოვლითი მანევრის განხორციელება. არღუთინსკი მთავარ ძალებთან ერთად 3 სექტემბერს დილის ხუთ საათზე გამოჩნდა ოზურგეთთან. დაბნეულმა აჯანყებულებმა ბრძოლას ვერ გაუძლეს, 60 ადამიანი დაკარგეს და უკან დაიხიეს. არღუთინკიმ დაკარგა 3 ჯარისკაცი და დაეჭრა 12. ოზურგეთის ალყა მოხსნილი იყო, აჯანყებულების ხელში რჩებოდა ნასაკირალის სიმაღლე ნაგომრის საგუშაგოსთან ახლოს, თუმცა ოზურგეთთან დამარცხების გამო ბევრმა აჯანყებულმა მიატოვა ნაგომარიც.

6 სექტემბერს არღუთინკიმ ნასაკირალის გადასასავლელიც დაიკავა, ოზურგეთი-ქუთაისის გზაზე რამდენიმე საგუშაგო მოაწყო და 100 ჯარისკაცით გააძლიერა ჩოხატაურის საგუშაგო. ოზურგეთთან გამარჯვების შემდეგ პოლკოვნიკი ბეიუროვი აღარ დაელოდა არღუთინსკის და დაიწყო შეტევა შეკვეთილზე. 13 სექტემბერს ციხეს ცეცხლი გაუხსნეს ზღვიდან, 14 სექტემბერს კი სამეგრელოდან მისულმა 350 კაციანმა მილიციამ ციხე დაიკავა. აჯანყებამ ჩაქრობა დაიწყო. 17 სექტემბრისთვის გურიანთის, ლიხაურის, ჩიბათის და ჩოჩხათის 1654-მა გლეხმა დაიფიცა იმპერატორის ერთგულებაზე. შმდეგი ორი კვირის განმავლობაში არღუთინსკიმ კიდევ 2818 გლეხი დააფიცა. სექტემბრის ბოლოს უკვე ყველა მეამბოხეს იარაღი დაყრილი ჰქონდა. დაფიცებები ოქტომბერშიც გაგრძელდა.

100-მდე გლეხს გაროზგვა მიუსაჯეს. არღუთინსკიმ გამარჯვების შემდეგ დაითხოვა ჯარის დიდი ნაწილი და დაიტოვა მხოლოდ ერთი ასეული, რომლითაც გამოაცხადა აჯანყების მეთაურების ძებნა. მხოლოდ 10-მდე მოთავემ მოახერხა გაქცევა ოსმალეთში. 16 ნოემბერს აჯანყების 16 აქტიური მონაწილე დაიჭირეს, ხოლო ნოემბრის ბოლოს კიდევ 10-მდე ადამიანი დააპატიმრეს. საერთო ჯამში დაპატიმრებულების რიცხვმა 50 შეადგინა.

მეთაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადი დათა გუგუნავა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ამბოხის მარცხის შემდეგ გამოძებნა საერთო ენა ხელისუფლებასთან

პირველ ეტაპზე, როცა აჯანყების წამყვან ძალას გლეხობა შეადგენდა, მას ხელმძღვანელებდნენ გლეხები, რომელთაგან ცნობილია შემდეგი სახელები:

  • გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები აკეთიდან
  • ოთარ და ნიკოლოზ თოიძეები და გოგიჩა გორდელაძე ლიხაურიდან
  • მამუკა ანთაძე და მუხარბეგ დოლიძე ასკანიდან
  • გოგია და როსტომ მამინაიშვილები შემოქმედიდან

აგვისტოში, აჯანყების აღმავლობის პერიოდში თავადაზნაურობა აქტიურად ჩაება მოძრაობაში და ცდილობდა იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა. გურიაში მცხოვრებ თავად-აზნაურთა 500 ოჯახიდან რუსეთის მხარე დაიჭირა მხოლოდ 114-მა, დანარჩენები აჯანყებას შეუერთდნენ. აჯანყების ხელმძღვანელები გახდნენ თავადები ამბაკო შალიკაშვილი, ქაიხოსრო გუგუნავა და დავით გუგუნავა. სამივე მათგანი აჯანყებამდე გურიის მილიციაში მსახურობდა. აჯანყებას მეთაურობდა ასევე აზნაურები: აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგორიშვილი, ათარმიზა თოიძე, ლევან, გოჯასპირ და სვიმონ ჭყონიები, სვიმონ და გოგია ქარცივაძეები და სხვა. აჯანყებაში ჩართული იყო ასევე ორი მღვდელი, რომელთაგან ერთი გამოიძიების დროს გარდაიცვალა. ბრძოლებში დაიღუპნენ სიმონ ჭყონია, ქაიხოსრო გუგუნავა და აბესა ბოლქვაძე. გურიის აჯანყებაში ჩართული იყო ქობულეთის ყოფილი ბეგი, ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომი ჰასან-ბეგ თავდგირიძეც, რომელიც ვერ ურიგდებოდა გურიაში რუსეთის გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს ეხმარებოდა ტყვია-წამლის შოვნაში, მაგრამ კავკასიის მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა ადრეულ ეტაპზევე ჩამოშორებოდა აჯანყებას და არ მიეღო მასში უშუალო მონაწილეობა. როდესაც აჯანყებამ აშკარად ანტიბატონყმური ხასიათი მიიღო, თავადების უმრავლესობა მთავრობას მიემხრო (დ. გუგუნავა და სხვა) და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული (ა. შალიკაშვილი და სხვა).

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან ცალკეული სოფლის გლეხებს, რომლებიც აჯანყების ძირითად ძალას შეადგენდნენ, ერთობლივი მოქმედების წინასწარ შეთანხმებული პროგრამა არ ჰქონდათ. აჯანყების მხოლოდ 10-მდე მეთაურმა შეძლო გაქცევა ოსმალეთში. მოძრაობის 50 მეთაური მთავრობამ ქუთაისის ციხეში ჩასვა, შემდეგ კი სამხედრო წესით გაასამართლა. სასამართლო 1842 წლის 13 მარტს გაიმართა ქალაქ ქუთაისში. მაგრამ ხალხის მღელვარების თავიდან აცილების მიზნით 49 მათგანი შეიწყალა, მხოლოდ ამბაკო შალიკაშვილს მიესაჯა ციმბირში გადასახლება, თუმცა ნაცნობი გენერლების წყალობით მანაც მოახერხა სასჯელისგან თავის არიდება.

ვიკიციტატა
„ამნაირათ ჩააქრეს გურიის აჯანყება, მაგრამ ჭკუის სასწავლებლად ყველაზე მეტი ის იყო, რომ იმის გარდა რაც შიგ რუსის ოქრო ჩაითხა, ამბოხების ჩასაქრობად ხელშეწყობისთვის პენსიის სახით, ჩვენი ხაზინიდან ეძლეოდა რუსის მოხელეებს მგონი ათჯერ მეტი იმაზე, რასაც აჯანყებული გურულებისგან თხოულობდნენ გადასახადების აკრეფისას, ხოლო კარტოფილის ნათესებზე ხმაც კი აღარავის ამოუღია. მრავლად დაიქცა რუსის ეგერთა სისხლი“

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურიის აჯანყება მხატვრულად აღწერა ეგნატე ნინოშვილმა ისტორიულ რომანში „ჯანყი გურიაში“. რომანის მიხედვით 1928 წელს ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო ფილმი „„ჯანყი გურიაში“. აჯანყების შესახებ არსებობს ხალხური ლექსი

კადრი ფილმიდან „ჯანყი გურიაში“

ყველა ბრუნდი და მართალი
აუღიათ იარაღი
შიშვლად აქვენ ხელში ხმალი
ვისაც არ აქვს იარაღი
აუღიათ თოხის ტარი
ერთმანეთს ეუბნებიან
ამოვიღოთ გულის ჯავრი
ჩვენს მოდაურსა ვეჩხუბოთ
აუდუღოთ სისხლის ღვარი
ღმერთმა ისეთ დროს მოგვასწროს
ამოგვეღოს მისი ჯავრი
თხოვნას ღმერთი აგვისრულებს
გაიმარჯვებს ჩვენი ჯარი

შემორჩენილია კიდევ ერთი ხალხური ლექსი, რომელიც მიუთითებს აჯანყებაში თავად ამბაკო შალიკაშვილის ხელმძღვანელ როლზე

ყველამ კარგად მოვუაროთ
ამბაკოს და ათარმიზას
თორემ საქმე წაგვიხდება
არღუთინსკი კას არ გვიზამს
ყველა მოჯანყე შემოკრბა
ყველა მოთავე აქ არის
ამბაკო შალიკაშვილი
თავი და ბაირახტარი

შალიკაშვილის ხმალი, რომლითაც ის აჯანყებაში იბრძოდა დაცულია ოზურგეთის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (რუსული) Гизетти А. Л. (1901). Сборник сведений о потерях Кавказских войск во время войн Кавказско-горской, персидских, турецких и в Закаспийском крае: 1801–1885/Под ред. В. А. Потто. С. 58.
  2. ტუღუში ზ., „მოგონებები ნინოშვილზე, გურული ლექსიკა“ გვ. 7 — 2008