გურგენ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „გურგენ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურგენი (მრავალმნიშვნელოვანი).
გურგენ I
კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 881
მმართ. დასასრული: 891
წინამორბედი: დავით I კურაპალატი
მემკვიდრე: ადარნასე II
ტაოს ერისთავთ ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 867
მმართ. დასასრული: 891
მემკვიდრე: ადარნასე II (896)
შვილები: ადარნასე II[1]
აშოტ III კუხი[1]
დინასტია: ბაგრატიონი
მამა: ადარნასე I

გურგენ I (გ. 891) — ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი ადარნასე I-ის ძე, ერისთავთ ერისთავი, კურაპალატი (881-891); ფლობდა ამიერტაოს ნაწილს და კალმახს; დაახლოებით 881 წლამდე გურგენ I თავის ბიძაშვილ ნასრა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს ეხმარებოდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რომლებიც სომხებს ემხრობოდნენ; 881 წელს ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის შემდეგ, მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვანების გამო სახლიკაცებმა გურგენ I დასვეს კურაპალატად; 885 წელს გურგენ I თავის შვილებთან ერთად უკვე ადარნასე დავითის ძეს ეხმარებოდა აფხაზთა ჯარით მოსულ ნასრას წინააღმდეგ ბრძოლაში; 888 წელს ნასრას დამარცხებისა და მოკვლის შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გურგენ I-მა, მისმა ძმამ სუმბატმა და ადარნასე დავითის ძემ; გურგენ I-მა მიიღო მიწები შავშეთში, არტაანის (კლარჯეთი) თემში და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია; შემდეგ საადგილმამულო ნიადაგზე მტრობა ჩამოვარდა, ერთი მხრივ, გურგენ I-სა და მეორე მხრივ, ადარნასე დავითის ძესა და სუმბატის ძეს ბაგრატს შორის; სოფელ მგლინავთან (არტაანის ხევი) ბრძოლაში გურგენ I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.[2]

და ამისა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანეთსა ზედა, ერთ კერძ გურგენ კურატპალატმან და ერთა მისთა, მეორე კერძ ადარნასე, ქართველთა მეფემან, და ბაგრატ არტანუჯელმან, მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავს, და ბრძოლეს ერთმანერთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურატპალატი, [წყლეს და შეიპყრეს, და მოკუდა] წყლულებითა მისითა [გურგენ კურატპალატი], ძე ადარნასესი. ძისა აშოტ დიდისა, ქორანიკონსა რია (═111, ე. ი. 891), და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე ერისთავთა ერისთავი და [აშოტ ერისთავთა ერისთავი][კ 1][3]

ბროსეს და მარკვარტის ტაბულებზე გურგენი მამფლის პატივით არის მოხსენებული (Hist. d. l. Georgie, t. II, livr. 1, p. 622), მაგრამ არ ჩანს, თუ საიდან არის ეს ცნობა ამოღებული. სუმბატი მას ამ პატივით არ იხსენიებს, ის მხოლოდ აღნიშნავს, რომ გურგენი „წარმოვიდა ტაო-კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად შავშეთს და კლარჯეთს“ (§ 50). ამიტომ ეს გურგენი და მისი შთამომავლობა ეკუთვნიან კლარჯეთის შტოს. ბროსეს და მარკვარტს ის ტაოს კურაპალატად ჰყავთ გამოცხადებული და საზოგადოდ ისინი ტაოსა და კლარჯეთის შტოებს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. ბოლნისის წარწერაში გურგენი ერისთავთ ერისთავის პატივით არის მოხსენებული, ხოლო 881 წლიდან ის კურაპალატი გახდა. ბოლნისის წარწერები გამოსცა ლ. მუსხელიშვილმა („ენიმკის“ მოამბე, III, ტფილისი, 1938, გვ. 337–339, 341–342.).

გ. მერჩულის სიტყვით, გურგენ კურაპალატი გრიგოლ ხანძთელის მონათლული ყოფილა და გარდაცვალების წინ მას დაუტოვებია ანდერძი,

ვითარმედ ნათლის მამის ჩემისა ძუალთა მახლობლად დამდევით ფერხთა თანა მისთა და სხუათა მათ მამათა ძუალნი ჩემზედა დაუსვენენით,

და ეს ანდერძი აუსრულებიათ კიდევაც (მერჩული, გვ. ლგ.).[4]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვინაიდან აშოტის სახელი ორსავე ხელნაწერში გამოშვებულია, შესაძლოა უფრო სწორი იყოს ასეთი აღდგენა ტექსტისა:
    და დაუტევა ძენი ორნი [ადარნასე და აშოტ] ერისთავთა ერისთავი.
    ამას თეიმურაზისეული ვარიანტიც მხარს უჭერს – იქ სწერია:
    ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ. რომელიცა შემდგომად ერისთავთ ერისთავად დასუეს.
    რომ ეს აშოტ კუხად წოდებული ერისთავთ ერისთავი იყო, ეს 55-ე პარაგრაფშიდანაც ჩანს; ხოლო ადარნასე სხვა ადგილას ამ ხარისხით მოხსენებული არ არის და ამიტომ მისი ერისთავთ-ერისთაობა საეჭვოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. VI. ტაბულა I. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგია სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით.
  2. გურგენ I. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  3. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვ. 65. § 51.
  4. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვ. 80, შენიშვნა 6.
წინამორბედი:
დავით I კურაპალატი
კურაპალატი
881–891
შემდეგი:
ადარნასე II