გურამ დოჩანაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილის ფოტოსურათი, გადაღებული წიგნ "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" პრეზენტაციაზე.
გიორგი მელაშვილის ფოტოსურათი
დაბ. თარიღი 1939, 26 მარტი
დაბ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება საქართველო
პერიოდი 1961—2006
ჟანრი ეპიკური, ტრაგიკულ–სატირული
თემატიკა ათი მცნების თემატიკა
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი „მთის გადაღმა“, 1961
Magnum opus "სამოსელი პირველი "(რომანი, 1978)



ხელმოწერა

ოფიციალური საიტი

გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო) — თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი. გურამ დოჩანაშვილის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა არის. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი - დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.[2]

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.[2]

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის."[2]

პრეზენტაცია „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“[რედაქტირება]

2010 წლის 17 დეკემბერს გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" პრეზენტაცია გაიმართა. რომანი გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. მწერალი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციას დაეწსრო თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელმაც ქართველ ხალხს ახალი წიგნის დაბადება მიულოცა. წიგნის პრეზენტაცია მწერალს კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმაც მიულოცა.[3]

განათლება[რედაქტირება]

1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.[2]

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.[2]

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება]

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.[2]

გამოცემული წიგნები[რედაქტირება]

  • „მთის გადაღმა“. მოთხრობები. თბ., „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1966.
  • „ნაბიჯი“. მოთხრობები. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1969.
  • „ათასი წვრილმანი“. თბ., „ნაკადული“, 1972.
  • „მხიარული ბორცვი“. მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1971.
  • „სამოსელი პირველი“. რომანი. წ.1. თბ., „ნაკადული“, 1975.
  • „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
  • „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 3. თბ., „მერანი“, 1980.
  • „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 4. თბ., „საბჭოთა საქართველო“ 1990.
  • „საქმე“. მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1974.
  • მოთხრობები. თბ.,"საბჭოთა საქართველო", 1976.
  • „ყველაზე კარგი პაპა“. ზღაპარი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. თბ., საქ. კპცკ-ს გამ-ბა, 1976.
  • ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე. 1978
  • „განმსდგომი შუაკაცი“. მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1983.
  • „სამოსელი პირველი“. რომანი. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  • ორი მოთხრობა. თბ., „მერანი“, 1984.
  • „ბაქანი“. მოთხრობები. თბ., „მერანი“, 1988.
  • ოთხი მოთხრობა. თბ., „მერანი“. 1991.
  • მოთხრობები. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1987.
  • „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. მოთხრობები. თბ., „საარი“, 2001.
  • ხუთი მოთხრობა. თბ., „საარი“, 2002.
  • „ძმისავ“. მოთხრობა. თბ., „მარსი“, 2002.
  • „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. ფანტასტ. მოთხრობა. თბ., „საარი“, 2002.
  • „მხოლოდ ერთი კაცი“, მოთხრობები, თბ., „მარსი“, 2002.
  • „სამოსელი პირველი“. რომანი. თბ., „საარი“, 2002.
  • "დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც. თბ., „მარსი“, 2002
  • „ძნელი“. მოთხრობები. თბ., „მარსი“, 2002.
  • „ხორუმი ქართული ცეკვაა“. პიესა. თბ., „მარსი“, 2003.
  • „ლოდი ნასაყდრალი“, რომანი. თბ., „მარსი“.2002.
  • „ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი.“ ახალი რომანი, „აისი“, 2005.
  • „იქამდე“. მოთხრობები. თბ., „ნაკადული“, 1991.
  • „კეჟერაძეები“. ოთხი მოთხრობა. თბ., „ლაშარელა“, 2005.
  • თხზულებები. ოთხტომეული. თბ., 2003.
  • „Песня без слов.“ Рассказы. Тб., „Мерани“. 1983.
  • "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება", თბილისი, 2010

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ქ. თბილისის 181- ე საჯარო სკოლა
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფია - 400.ge
  3. საინფორმაციო სააგენტო GeoNews - გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი - "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" პრეზენტაცია გაიმართა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]