გულისტანის საზავო ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულისტანის ზავი
აბას მირზა
ფათ ალი შაჰი

გულისტანის საზავო ხელშეკრულება (სპარსულად عهدنامه گلستان) — ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ირანის ომი (1804-1813). ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სოფელ გულისტანში, ყარაბაღი, ნიკოაი რტიშჩევმა და აბას-მირზამ 1813 წლის 12 (24) ოქტომბერს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულებით სპარსეთმა დაკარგა ტერიტორიები არაქსის ჩრდილოეთით და აღიარა რუსეთის სიუზერენობა დაკარგულ მიწებზე. ირანის მიერ რუსეთისდვის დათმობილი რეგიონი მოცავდა შემდეგ მხარეებს: დაღესტანი, ქართლ-კახეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო, იმერეთის სამეფო, აფხაზეთის სამთავრო, ბაქოს სახანო, ყუბის სახანო, დარუბანდის სახანო, შირვანის სახანო, ყარაბაღის სახანო, განჯის სახანო, შაქის სახანო, თალიშის სახანო ლენქორანის ციხე-სიმაგრითურთ.

სპარსეთმა დაკარგა უფლება კასპიის ზღვაზე ფლოტის ყოლისა. ამ უფლებით მხოლოდ რუსეთის იმპერიას შეეძლო ესარგებლა. ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც რუსეთს აძლევდა სპარსეთის ტერიტორიაზე სავაჭრო საქმიანობის შესაძლებლობას. ყველაფერ ამის სანაცვლოდ რუსეთი შეჰპირდა აბას-მირზას, რომ ფათ ალი შაჰის სიკვდილის შემდეგ მას დაუმტკიცებდა სპარსეთის ტახტს. ეს არ შესრულებულა, რადგანაც აბას მირზა ადრე გარდაიცვალა.

სპარსეთი არ შეურიგდა დანაკარგებს და დიდი ბრიტანეთისგან წახალისებულმა დაიწყო ახალი ომი რუსეთის წინააღმდეგ. კავკასიაზე ირანის ბატონობა დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედიოდა რამეთუ რუსეთი კარგავდა დასაყრდენს კავკასიაში და გავლენას შავი ზღვის და კასპიის რეგიონებზე.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულისტანის საზავო ხელშეკრულებას სხვადასხვანაირად აფასებენ. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ამიერკავკასიის ანექსიამ დაიცვა მოსახლეობა თურქული ინტერვენციებისაგან და მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა დაამყარა.

ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით ამიერკავკასიის ხალხებს არ მიეცათ თვითგამორკვევის საშუალება და ძალით იქნენ შეყვანილნი რუსეთის მმართველობის ქვეშ. ეს განსაკუთრებით ეხება ამიერკავკასიაში მცხოვრებ შიიტებს, რომელთაც სპარსეთტან ძლიერი კულტურული კავშირები ჰქონდათ. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ თვითგამორკვევის უფლება ნაპოლეონ ბონაპარტის პერიოდში არ არსებობდა და ასევე ვერ იარსებებდა ის მე-19 საუკუნის დასაწყისის აზიაში.

დღეს ირანი გულისტანის ხელშეკრულებას თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულებასთან ერთად მიიჩნევს დამამცირებლად, ხოლო ფათ ალი შაჰი ამის გამო მიჩნეულია სპარსეთის ყველაზე უუნარო მმართველად.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო