გუდალეთის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდალეთის ტაძარიXIII-XVIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში. მდებარეობს მდინარე გუდალურას მაღალი ხევის პირას. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი და კოშკებიანი ციხე-გალავანი.

ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1-2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი; დანგრეულია მეორე სართული (სადიაკვნისა და სამკვეთლოს თავზე), არ შემორჩენილა გუმბათქვეშა ბოძები და თაღები; ეკლესიის დასავლეთ კარიბჭის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შედარებით უკეთესად არის შემონახული აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები.

ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი აფსიდი ნახევარწრიულია. მის ორივე მხარეს თითო აფსიდიანი სათავსი, სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ თავზე არსებული სათავსები ინტერიერს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდებოდა. აქედან საკურთხევლის კონქის თავზე გამართულ სამალავშიც შეიძლებოდა მოხვედრა. აფსიდის სარკმლის ქვეშ სწორკუთხა, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელი ყოფილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. მცირე ზომის თითო მრგვალი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვანესა და მათ თავზე მოთავსებულ სათავსებს. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კედლებსა და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. აღმოსავლეთ ფასადის კუთხეებთან პატარა, მრგვალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული სარკმლების ორი რიგია, ამ ფასადს მარტივპროფილიანი, სადა ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, განიერი თაღოვანი შესასვლელის ზემოთ სარკმელი ჩუქურთმიან საპირეშია ჩასმული. ეკლესიის სამივე შესასვლელი თაღოვანი ლილვებით, ბურთულებითა და ფესტონებით ყოფილა მორთული.

გალავანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს ხუთკუთხა გალავანი (28 X 30 მ), რომელიც აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ნაშენია რიყის ქვით. მოსწორებულ ადგილზე ნაგები ციხე-გალავნის ყოველ კუთხეში თითო ცილინდრული (ზემოთკენ შევიწროებული) კოშკი დგას. გალავანი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები (განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარეს), ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, თახჩები, სათოფურები და სარკმლები ბევრგან გაგანიერებული ან ჩამოშლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.