გუბაზ II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუბაზ II (გ. 554) — ეგრისის მეფე VI საუკუნის 40-50-იან წლებში. მისი მეფობის დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა ირანსა და ბიზანტიას შორის (დიდი ომიანობა ეგრისში). ირანელების მიერ ქართლის დაკავებისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ბიზანტიელებმა ეგრისის გამაგრებისა და ირანელების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ჯარების შემოყვანა დაიწყეს, მაგრამ ბიზანტიელების თავხედობამ, მეფის საქმეებში ჩარევამ, ხალხის ყვლეფამ იმდენად განარისხა ეგრისელები, რომ 541 წელს გუბაზმა ელჩები გაუგზავნა ირანის შაჰს ხოსრო I-ს, რათა იგი დახმარებოდა მას ბიზანტიელთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დახსნაში. ხოსრომ სიხარულით მიიღო გუბაზის ელჩები და მალე, 542 წელს, დიდი ჯარით შეიჭრა ეგრისში. გუბაზმა დახმარება გაუწია ირანელებს და ბიზანტიელები დამარცხდნენ, მაგრამ ხოსროს ვერაგული გეგმა ჰქონდა გუბაზისა და ეგრისელების გასანადგურებლად. მას სურდა, რომ გუბაზი მოეკლა, ეგრისელები მშობლიური მიწა-წყლიდან აეყარა და იქ ირანელები და თავისი ერთგული ტომები ჩაესახლებინა. შაჰმა გუბაზის მოკვლა ლაზ დიდებულ ფარსანს დაავალა, რომელსაც დიდი ხნის მტრობა ჰქონდა გუბაზთან, მაგრამ ფარსანმა დაივიწყა პირადი დამოკიდებულება მეფესთან და გუბაზს ყველაფერი აცნობა. ხოსროს ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა და გუბაზი ბიზანტიელების მხარეს გადავიდა. ომი ახალი სისასტიკით განახლდა. ეგრისელები მეფესთან ერთად გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსათვის, მაგრამ არც ბიზანტიელები აღმოჩნდნენ სანდონი. მათი უგულობისა და ღალატის წყალობით ირანელებმა რამდენჯერმე გაიმარჯვეს. ამ დამარცხებაში გუბაზი ბიზანტიელთა სარდლებს მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს სდებდა ბრალს. მათ კი ვითომ სათათბიროდ 554 წელს მდინარე ხობისწყალთან მიიწვიეს მეფე და ვერაგულად მოკლეს. ამ ამბავმა სასტიკად აღაშფოთა ეგრისელები. მათ კრება მოიწვიეს და ბიზანტიის იმპერატორს მოსთხოვეს დაესაჯა მკვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის მხარეზე გადასვლით იმუქრებოდნენ. იმპერატორმა კარგად იცოდა თუ რა მოჰყვებოდა მისთვის ეგრისელების ირანელთა მხარეს გადასვლას, ამიტომ 555 წელს გუბაზის მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლომოური ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 287, თბ., 1978
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.