გრიგოლ ნოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ნოსელი
Γρηγόριος Νύσσης
დაიბადა 335[1] ან IV საუკუნე
კაისერი
გარდაიცვალა 395, არაუადრეს 394 ან IV საუკუნე
ნევშეჰირი
ხსენების დღე 10 იანვარი
მოღვაწეობა თეოლოგი[2] , მღვდელი და მწერალი[3]
ენა ძველი ბერძნული ენა[4] და ლათინური ენა[3]

გრიგოლ ნოსელი (ბერძ. Γρηγόριος Νύσσης, ლათ. Gregorius Nyssenus; დ. დაახლ. 335, კესარეა კაპადოკიისა, ახლანდ. კაისერი, თურქეთი, — გ. დაახლ. 394, ნისა) — ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ბერძნული პატრისტიკისა და კაპადოკიელ თეოლოგთა დიდი სამეულის ( გრიგოლ ნოსელი, მისი ძმა — ბასილი დიდი და გრიგოლ ნაზიანზელი) წარმომადგენელი.

თავდაპირველად რიტორიკის მასწავლებელი იყო. ქრისტიანული რელიგიით ძმის — ბასილი დიდის ზეგავლენით დაინტერესდა. 372 წელს დაადგინეს ნისას ეპისკოპოსად. არიანელების მეცადინეობით გადააყენეს 376 წელს, თუმცა მათი მფარველის — იმპერატორ ვალენტის გარდაცვლების შემდეგ კათედრაზე აღადგინეს 378 წელს. გრიგოლ ნოსელის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქრისტიანი თეოლოგის — ორიგენესა და ნეოპლატონიზმის გავლენით, თუმცა ამავე დროს აკრიტიკებდა ერთსაც და მეორესაც. ცდილობდა თეოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მორიგებას. იბრძოდა მონობის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

გრიგოლ ნოსელმა დიდი გავლენა იქონია ქართულ კულტურაზე, როგორც უშუალოდ, ისე არეოპაგიტიკის მეშვეობით. მისი შრომები თარგმნეს დავით ტბელმა, ექვთიმე მთაწმიდელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ. ქართულად ნათარგმნ შრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროისა და შესაქმის მიმართების საკითხი („პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“), ასევე, ყველა ადამიანის არსებითი ერთიანობისა და ცხოვრების საზრისის საკითხები („კაცისა შესაქმისათჳს“).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ნოსელის დაბადების კონკრეტული წლის განსაზღვრა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბასილის, გრიგოლის უფროსი ძმის, დაბადების თარიღად მიჩნეულია 329 წელი და, აქედან გამომდინარე, გრიგოლის დაბადების თარიღიც 331 წელზე ადრე ვერ გადმოიწევს. გ. მეი მიუთითებს, რომ მისი დაბადების თარიღი მერყეობს 335-სა და 340 წლებს შორის. სხვა მეცნიერთაგან, 332 წელს მიუთითებს გიორგი ფლოროვსკი. მატეო სეკოსთან ეს თარიღი 335 წლამდეა გადაწეული. ერთი რამ კი შეიძლება ითქვას, რომ წმინდა მამა დაიბადა პონტოს ქალაქ ნეოკესარიაში, სადაც იმ დროისთვის მამამისი მოღვაწეობდა.

პირველადი განათლება მიიღო ოჯახში, დედამისის მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა მისი და მაკრინაც აქტიურად იყო ჩართული მისი სწავლა-განათლების საკითხში. სწორედ ამის გამო მოიხსენიებს გრიგოლი მაკრინას საკუთარ მასწავლებლად (διδάσκαλος). ასევე, თავის ძმას, ბასილის, რომელმაც განსაკუთრებით რიტორიკა შეასწავლა, თავის მასწავლებელს უწოდებს და მოციქულთა და წინასწარმეტყველთაგან არ განასხვავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გრიგოლის განათლებაში მაკრინასა და ბასილის გარდა საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული მისი ძმა პეტრეც, რომელიც გაცილებით უფროსი იყო თავის ძმებთან შედარებით.

განსაკუთრებით მწირია ცნობები გრიგოლის განათლების შესახებ. სამეცნიერო წრეებში მიღებული აზრია, რომ თავისი ორი ძმის მსგავსად, გრიგოლმაც ტრადიციული ტრივიუმ-კვადრივიუმი გაიარა. გრიგოლი აჩვენებს კლასიკური ლიტერატურის ცოდნას, რამდენადაც იმოწმებს ჰომეროსსა და სხვა ანტიკური პერიოდის მწერლებს. იგი ასევე შესანიშნავად დახელოვნდა მჭევრმეტყველებაში. მისი ნაშრომებიდან ჩანს, რომ გარკვეულწილად განიცდიდა მეორე სოფისტების გავლენას. ასევე, შესწავლილი აქვს პლატონი, არისტოტელე, სტოიკოსები, პლოტინე, პოსიდუნიუს აპამეელი და სხვანი.

განათლება და მოღვაწოება ეპისკოპობამდე (335-372)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ნოსელის ოჯახი, გრიგოლ ღვთისმეტყველის გადმოცემით, არისტოკრატული წარმოშობის იყო. დედა – ემილია კესარიელი, მამა – უფროსი ბასილი ან გრიგოლი – რიტორი, რომელიც 320-40-იან წლებში ნეოკესარიის საკმაოდ წარმატებული ადვოკატი და რიტორი იყო. გრიგოლს ჰყავდა შვიდი და-ძმა, რომელთაგანაც განსაკუთრებულად აღსანიშნავია წმ. მაკრინას, წმ. ნავკრატის, წმ. პეტრე სებასტიელისა და წმ. ბასილი კესარიელის მოღვაწეობა. არსებობს აგრეთვე წყაროები, რომ ოჯახში სულ ათი და-ძმა იყვნენ.

მას შემდეგ, რაც გრიგოლმა განათლება მიიღო, მისი და მაკრინა შეუდგა „ფიოლოსოფიური და მწირი“ ცხოვრების გზას. რამდენიმე თვის შემდეგ მას უფროსი ძმა ბასილიც შეუერთდა, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, მასთან ერთად ყოფილიყო ორივე გრიგოლი (გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ნაზიანზელი). თუმცა, მის ამ სურვილზე უარი განაცხადა თავისმა ძმამ და რიტორიკის შესწავლას შეუდგა. მას შემდეგ, რაც ეკლესიაში წიგნის მკითხველის წოდება მიიღო და მჭევრმეტყველების მასწავლებელი გახდა, ფილოსოფიისა და წარმართული ლიტერატურის შესწავლამ მეტისმეტად გაიტაცა. ამის შესახებ ნოსელს გრიგოლ ღვთისმეტყველი სწერს:

„რა ამბავია შენს თავს, ბრძენო ადამიანო?.. რატომ დაუტევე ღვთისმსახურება და არ უკითხავს ხალხს იმ წიგნებს, რომელნიც ტკბილი წყლით არის აღსავსე? ამის მაგივრად კი ხელში აიღე წიგნები, აღსავსენი მარილიანი წყლით, რომლის შესმაც არ ხამს. თავად მოისურვე, წოდებულიყავი არა ქრისტიანად, არამედ – რიტორად“

ნაზიანზელის ეს წერილი, ჩვენი აზრით, ისე კი არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ნოსელს მასწავლებელი ტუქსავს და ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევს მის რიტორულ განათლებას, არამედ – წმინდა პრაგმატული საჭროებიდან გამომდინარე, რამდენადაც წიგნის მკითხველის პოზიცია განკუთვნილია საერო პირებისათვის, ხოლო იმ დროისთვის კი გრიგოლიცა და ბასილიც სასულიერო პირები იყვნენ და არ შეეძლოთ ამ ფუნქციის შეთავსება. ამდენად, უკვე გაწაფული გრიგოლი საჭირო იყო აღნიშნული საქმის შესასრულებლად. ამავე პერიოდში გრიგოლი ცოლს ირთავს. მისი სახელი, თეოსებია, შემოგვინახა გრიგოლ ნაზიანზელმა თავის ნაწერებში[5].

გრიგოლ ნოსელის მინიატურა მენოლოგიონში

ამ პერიოდიდან განსაკუთრებული ინტენსივობით იწყებს გრიგოლ ნოსელი გარეშე ფილოსოფიით დაინტერესებას. მისი ეს მიმართება იმდენად აქტიურ ფაზაში შედის, რომ წყაროები მას ორიგენისტადაც კი ასახელებენ. ორიგენეს გარდა გრიგოლზე გავლენა მოახდინეს აგრეთვე ფილონმა და თეოგნოსტიმ. იმის მიუხედავად, რომ გრიგოლი საეკლესიო მსახურებას დაუბრუნდა, სამუდამოდ ელინად დარჩა.

გრიგოლი ბასილი დიდმა, იმ დროს უკვე კესარია-კაპადოკიის ეპისკოპოსმა, ნისის ეპისკოპოსად აკურთხა.


ნისის ეპიკოპოსობა (372 - 390)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ნოსელი, XI საუკუნის მოზაიკა, კიევი, უკრაინა

371 წელს იმპერატორმა ვალენტიმ კაპადოკია ორ მთავარ პროვინციად დაყო: პირველი კაპადოკია (Cappadocia Prima) და მეორე კაპადოკია (Cappadocia Secunda). ამის საფუძველზე, ახალ საზღვრებში მოექცა საეპისკოპოები, რამაც შიდა პრობლემები წარმოქმნა. გაყოფის საფუძველზე კესარია პირველ კაპადოკიაში მოექცა და ამ პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა, ხოლო ტიანა – მეორე ნაწილის. ტიანას ეპისკოპოსმა მისი საეპისკოპოსო მალევე გამოაცხადა მიტროპოლიად, ხოლო ბასილიმ კი, რომელმაც თავისი იურისდიქციის ქვეშ არსებული ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა, შექმნა რამდენიმე ახალი საეპისკოპოსო, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო ნისა, რომლის ეპისკოპოსადაც შემდგომში გრიგოლი აირჩიეს.

გრიგოლის ეპისკოპოსობის დასაწყისი პერიოდის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. იმპერატორი ვალენტი ჯერ კიდევ არ ებრძოდა ბასილის, რამდენადაც დიდი არმენიის დიოცეზში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა მას და ამით საკომუნიკაციო გზას არ იჭრიდა. ამავე პერიოდში, ბასილი საკმაოდ ხშირად წერს იმის შესხებ, რომ „გრიგოლიხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას მორიგი პრობლემის შესაქმნელად[6]“. ამას ბასილი მას შემდეგ წერს, რაც გრიგოლი 372 წელს გამართულ კრებაზე ანკირას სინოდს შეეკრა და მათი პოზიცია გაიზიარა. ცოტა ხნის შემდეგ ნისის საეპისკოპოში შფოთი ატყდა, რის გამოც 373 წელს იკონიის ეპისკოპოსი ამფილოქე, ბასილის წარგზავნით, ნისას ესტუმრა ახალი წესის დასანერგად. ამფილოქემ ამ წლების განმავლობაში მოახერხა „ვითარების გამოსწორება[7]“, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ კიდევ რჩებოდენ ადამიანები, რომელნიც გრიგოლს სასამართლოში უჩიოდნენ.

375 წელს დემოსთენემ, პონტოს ვიკარმა, ქალაქ ანკირაში მოიწვია სინოდი, რათა გრიგოლისთვის საეკლესიო ქონების გაფლანგვასა და უკანონო ხელდასხმაში ბრალი დაედო. გრიგოლი იმავე წლის ზამთარში საიმპერატორო ჯარისკაცებმა დააკავეს, თუმცა მალევე გაიქცა პატიმრობიდან და სამი წლის განმავლობაში უცნობ ადგილას იმყოფებოდა. ის, თუ სად იმყოფებოდა გრიგოლი, ამის შესახებ ინფორმაცია არ შემონხულა. ბასილის განცხადებით, ეს იყო კაპადოკიის „საზღვრებს მიღმა[8]“. ნისის სინოდმა, რომელიც 376 წელს შედგა, გრიგოლი ეპისკოპოსობიდან გადააყენა.

გრიგოლი თავის საეპისკოპოსოს მხოლოდ 378 წელს, იმპერატორ ვალენტის გარდაცვალების შემდგომ შეუერთდა. ეს მხოლოდ მას მერე მოხერხდა, რაც ახალმა იმპერატორმა გრაციანემ, სავარაუდოდ, ამნისტია გამოაცხადა. სწორედ ექსორიობაში ყოფნის გამო მიენიჭა მას ნეტარის წოდება. ამავე წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რის გამოც გრიგოლს მოუწია ბასილის საქმეების გადაბარება პონტოში. დიდი ხნის გარდაცვლილი არ იყო ბასილი, როდესაც გრიგოლს თავს დაატყდა მეორე უბედურება – გარდაეცვალა და, რომელთანაც ყველაზე მეტ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა. გრიგოლისათვის ეს დიდი დარტყმა იყო. თავისი დის, მაკრინას, უკანასკნელი დღეები გრიგოლს ლექსად აქვს აღწერილი თავის წერილებში, რომელთა ადრესატიც მონაზონი ოლიმპიაა.

379 წლის აპრილში გაიმართულ ანტიოქიის კრებას, რომელსაც ვალენტისაგან განდგომილი 146 სასულიერო პირი ესწრებოდა, ძირითადად ნიკეიდან წამოსული ეპისკოპოსები შეადგენდნენ[9]. კრების მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მათ მიიღეს სარწმუნოების სიმბოლო, რომელშიც განცხადებული იყო მამის, ძისა და სული წმინდის დამოუკიდებელი ღვთაებრიობა. აღსანიშნავია, რომ გრიგოლს დიდი როლი უნდა შეესრულებინა ამ კრებაში, რამდენადაც საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობა ძველ ნიკეანელებს, მარკელიანელთა შორის. ამავე კრებამ გრიგოლს არაბეთის ტაძრების მოხილვა დაავალა, რამდენადაც იქ არასწორი სწავლებები იყო გავრცელებული. შესაძლოა, სწორედ ამ დროს მოიხილა გრიგოლმა წმინდა მიწაც. გრიგოლს დიდად არ ხიბლავდა წმინდა მიწაზე მოსალოცად მოსიარულე ხალხი, რის შესახებაც წერს:

„რატომ უნდა შევეცადოთ იმის კეთებას, რაც არც ნეტარად გვაქცევს და არც ზეციურ სამყოფელს მიგვაახლოვებს? ღმერთს არ მოუცია იერუსალიმში მოგზაურობა ცნებად, რადგანაც ადგილის შეცვლა ღმერთთან არ დაგვაახლოვებს. მთავარია, სულიერად იყო ისეთი, რომ მასში დაივანოს უფალმა, ხოლო თუ ასეთი არ იქნები, გინდ გოლგოთაზე ადი, გინდ ზეთისხილის მთაზე და გინდ აღდგომის სამყოფელთან – ღვთისგან მაინც შორს იდგები.“

ექსპედიციის დაწყებიდან პირველსავე თვეებში შეიტყო მისი დის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მალევე უკან მოუწია დაბრუნება. მის დასთან ერთად გატარებული ღამე გახდა იმის ბიძგი, რომ დაეწერა თხზულება De Anima et Ressuurectione, რომელშიც საკმაოდ ჭარბად ასახა თავისი დის გარდაცვალების წინა ღამე. ამის შემდეგ იგი ნისაში ბრუნდება , სადაც არასახარბიელო მდგომარეობა ხვდება, რამდენადაც კვლავ აქტიურად განიხილება პირველი და მეორე კაპადოკიის გაყოფისა და ტერიტორიების გადანაწილების საკითხი.

გრიგოლმა 380 წელს იმოგზაურა არმენიის პროვინცია სებასტიაში, რათა მხარი დაეჭირა ეპისკოპოსის პოსტზე პრონიკეანური კანდიდატისთვის. მანმდე, ამ ქალაქის ორი ეპისკოპოსი, ეულალიოსი და მისი ვაჟი – ევსტათიუსი, მკვეთრად გამოხატული ანტინიკეანელი იყო. ამასთან ერთად, ევსტათიუსი პნევმატომახელებს ემხრობოდა, რითიც ოპოზიციაშ უდგებოდა ბასილი დიდს. მას შემდეგ, რაც ევსტათიუსი გარდაიცვალა, საჭრო გახდა ანტინიკეელთა ძალის შეკავება. სებასტიაში ახლადჩასული გრიგოლის გასაოცრად, იმის მაგივრად რომ სხვისთვის დაეჭირა მხარი, თავად აირჩიეს ეპისკოპოსად, რამდენადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა კარგად იცნობდა და მხარს უჭერდა მის გარდაცვლილ ძმას, ბასილის. გრიგოლს ნაკლებად ხიბლავდა არმენიის პროვინციის არაელინიზებული მოსახლეობა. ასევე ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, თუ რა არაკომფორტული იყო იქ ცხოვრება კლიმატისა და გარემოპირობების გამო[10]. ამასთან, იქ მცხოვრებ სასულიერო პირებს ეჭვი შეჰქონდათ გრიგოლის მართლმადიდებლობაში და ხშირად იწვევდნენ დისპუტებში. არმენიაში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გრიგოლი ეპისკოპოსად ჩაანაცვლა. ამის შემდეგ გრიგოლი ბრუნდება ნისაში, სადაც იწყებს თხზულებებზე „ევნომიოსის წინააღმდეგ“ (Contra Eunomium) I და II წიგნებზე მუშაობას.

381 წელს გრიგოლმა კონსტანტინოპოლის I კრებაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ორ კაპადოკიელ მამასთან, ელადი კაპადოკიელთან და ოტრი მელიტელთან, ერთად მართლმადიდებლობის დამცველად აღიარეს.

381 წლის კონსტანტინოპოლის I საეკლესიო კრება, სტავროპოლესის მონასტრის ფრესკა, ბუქარესტი, რუმინეთი

კონსტანტინოპოლის კრების შემდეგ გრიგოლმა იმოგზაურა არაბეთში, რათა „განეახლებინა წესი.“ სამწუხაროდ, გრიგოლი ამ მისიის შესახებ ცნობებს არ გვაძლევს. ტილემონის აზრით, გრიგოლი არაბეთში ჩადის კოლირიდიელიებისა და ანტიდიკომარიანიტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთა სწავლებაც იმ დროს ფართოდ იყო გავრცელებულნი არაბეთში. არსებობს სხვა მოსაზრებაც გრიგოლის ამ მივლინების შესახებ: ერნესტ ჰონიგმანის აზრით, კრებამ გრიგოლი არაბეთში გაგზავნა ბოსტრაში მიმდინარე მღელვარების ჩასაცხრობად, სადაც აგაპიუსი და ბადაგიუსი ეპისკოპოსის კათედრაზე ასვლას ცდილობდნენ. თუკი ამ ჰიპოთეზას მივიღებთ ამოსავლად, მაშინ გრიგოლის მისია წარუმატებლად დასრულებულა.

არაბეთის მისიას მალევე მოჰყვა იერუსალიმში გამწესება. აქ უკვე კირილე იერუსალიმელს ჰქონდა პრობლემები ადგილობრივ სამღვდელოებასთან, რომელნიც მას არ სცნობდნენ იმის გამო, რომ არიანელი ერეტიკოსის, აკაკი კესარიელის, მიერ იყო ხელდასხმული. სამწუხაროდ, გრიგოლმა ამ დისპუტში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და პირიქით, მას დასდეს ბრალი არამართლმადიდებლურ სწავლებასა და ქრისტეს ბუნების არასწორ ინტერპრეტაციაში.

მისი ეპისკოპოსობის ბოლო წლები მღელვარებით იყო აღსავსე, რამდენადაც უთანხმოება ჰქონდა თავის მიტროპოლიტ ჰელადიუსთან. 394 წლისთვის გრიგოლ ნოსელი კვლავ მიემგზავრება არაბეთის ქალაქ ბოსტრაში, რის შესახებაც აღარ მოგვეპოვება ცნობები. სავარაუდებელია, რომ სწორედ ამ დროიდან მალევე უნდა გარდაცვლილიყო.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

De Virginitate

ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველს სპეციფიკური საღვთისმეტყველო სისტემა არ შეუქმნია და ძირითადად ეყრდნობოდა ორიგენესა და ალექსანდრიული სკოლის განმარტების პრინციპებს. გრიგოლ ნოსელმა, როგორც ეგზეგეტმა, გააგრძელა ბასილი დიდის თხზულებები, ხოლო მეორე მხრივ - არსებითად გადაამუშავა ორიგენული ეგზეგეტიკის თემები. პირველ რიგში ხელი მოკიდა „ექვსთა დღეთას“ ორ ტრაქტატს: „ადამიანის გაებულებისათვის“ და „ექვსთა დღეთა - ძმა პეტრეს დასაცავი სიტყვა.“ აქ გრიგოლი ნაკებად მიმართავს ალეგორიას და მეტად აციტირებს ბიბლიის ტექსტს. ბასილის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლი აქტიურად იწყებს წერას. იგი ძირითადად მაინც ფილოსოფიურ ტრადიციებს ეყრდნობა, განსაკუთრებით – პლატონის „ტიმეოსსა“ და „პოსიდონიას“. მოგვიანო პერიოდში გრიგოლი ალეგორისტად გვევლინება. მათში ყველგან გატარებულია ერთი თემა - ღმერთის ჩენა (თეოფანია) და ადამიანის ასკეტური ცხოვრების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანია ტრაქტატი „მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრების შესახებ“ (De vita Moysis), რომელიც დაწერილია ფილონ ალექსანდრიელის დიდი გავლენით, და „ქებათა ქების“ კომენტარები, რომლებშიც გრიგოლი ორიგენეს მისდევს. გრიგოლი ამ წიგნის კომენტარებში, რომელსაც ოლიმპიადას უგზავნის, იცავს ალეგორიულ მეთოდს. აქ გრიგოლი ხედავს ადამიანისა და ეკლესიის მისტიკურ კავშირს, რომელიც ბუკვალურად წარმოდგენილია ქალისა და ვაჟის სიყვარულით.

გრიგოლის ეგზეგეტიკურ თხზულებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია „მუცლითმეზღაპრეობის შესახებ“ – თემა, რომელსაც ორიგენეც ეხება. ორიგენეს წინააღმდეგ გრიგოლი მისდევს მეთოდე ოლიმპიელისა და ევსტათი ანტიოქიელს იმ აზრის დასაცავად, რომ საულს ეცხადება არა სამუელის სული, არამედ – დემონი.

გრიგოლის პოლემიკურ თხზულებათაგან განსაკუთრებით არის აღსანიშნავი „ევნომეოსის წინააღმდეგ“ (Contra Eunomium), რომელიც 12-13 ნაწილისაგან შედგება. ეს ის თხზულებაა, რომელიც ბასილი დიდმა დაიწერა თავის დროზე ევნომიოსის პასუხად, ხოლო გრიგოლი მას აგრძელებს და ძირითადად იცავს აზრს სამების შესახებ, რომ საქმე გვაქვს არა სამ ღმერთთან, არამედ - ერთი ღმერთის სამ ჰიპოსტასთან. ცხოვრების ბოლოს გრიგოლმა დაწერა ორი მნიშვნელოვანი წიგნი: „აპოლინარის წინააღმდეგ,“ რომლებშიც იგი ძირითადად ქრისტეში ადამიანური გონის არსებობის შესახებ მსჯელობს.

385 წლამდე უნდა დაეწერა თხზულება „დიდი კატექიზისის შესახებ“, რომელიც პლატონის „ფედონის“ სტილით აქვს შესრულებული . მასში ჩანს მისი დის, მაკრინას პერსონაც, როგორც პერსონაჟი. მასვე ეკუთვნის თხზულება „ქვის/კლდის შესახებ,“ რომელშიც დიალოგია გამართული ეპისკოპოსსა და გარეშე ფილოსოფოსებს შორის და განავრცობს საკითხს იმის შესახებ რომ ადამიანის თავისუფალი ნება თავისუფალია ასტროლოგიური ფანატიზმისაგან. გრიგოლმა დაწერა თავისი დის, მაკრინას ცხოვრება, მისი გარდაცვალების შემდეგ, 380 წლისთვის. გრიგოლსვე ეკუთვნის „ქალწულობის, ანუ სრულყოფილების შესახებ,“ რომელშიც მიმოიხილავს ასკეტური ცხოვრების პრინციპებს.

გრიგოლის ხელიდანაა გამოსული 26 წერილი. მათი უმეტესობა პირადი წერილია და შეიცავს მისი ბიოგრაფიის არსებით დეტალებს.

გრიგოლ ნოსელის თხზულებათა ქართულ ენაზე არსებული თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ნოსელის თხზულებები ქართულად რამდენიმე საკუკუნის მანძილზე ითარგმნებოდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ითარგმნა რამდენჯერმე, რამდენიმე სხვადასხვა ავტორის მიერ. ამათგან მნიშვნელოვანია:

  • „შესაქმისათჳს კაცისა“
  • „წმიდა გრიგოლ საკჳრველმოქმედის ცხორება“
  • „შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და წმიდისა სტეფანჱსთჳს“
  • „ძიებაჲ სულისათჳს“
  • „შემოსლჳსათჳს წმიდათა მარხვათაჲსა“
  • „სწავლაჲ ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“
  • „ცხორებისათჳს დისა თჳსისა მაკრინაჲსა“
  • „შესხმაჲ წმიდისა ბასილისი“

ამათგან, კორნელი კეკელიძე ბოლო 5 თხზულებას ექვთიმეს თარგმანად მიიჩნევს. ექვთიმეს გარდა ეს ტექსტები არაერთგზის უთარგმნიათ გიორგი მთაწმინდელს, ეფრემ მცირესა და სხვა ნაცნობ თუ უცნობ ქართველ მთარგმნელებს.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლ ნოსელი, „შესაქმისათვის კაცისა“ (De Opificio Hominis), ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გვანცა კოპლატაძემ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2010;
  • გრიგოლ ნოსელი, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, გიორგი მთაწმინდელის თარგმანი, ხელნაწერი შეისწავლა და შენიშვნები დურთო ედიშერ ჭელიძემ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989;
  • გრიგოლ ნოსელი, „ქალწულებისათვს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“, (De VIrginitate)ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ტერმინთა ლექსიკონი დაურთო გიორგი ზვიადაძემ; ნინო მელიქიშვილი (რედ.), თბილისი, 2011;
  • გრიგოლ ნოსელი, „წმიდისა სამებისათვს რომელსა შინა მოივსენებს აბრაჰამს“, გამოსაცემად მოამზადეს: თინათინ დოლიძემ და ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა; ნინო ეფრემიძე (რედ.), თბილისი, 2004;
  • გრიგოლ ნოსელი, „სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ "მამაო ჩუენოისაჲ" (De Oratione Dominica); ძვ. ქართ. თარგმანის ტექსტი გამოსაც. მოამზადა ეკატერინე ქირიამ; ექვთიმე კოჭლამაზაშვილი (რედ.), თბილისი, 2006;
  • გრიგოლ ნოსელი, „მკუდრეთით აღდგომისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ნატო ბუკიამ; ექვთიმე კოჭლამაზაშვილი (რედ.), თბილისი, 2002;
  • გრიგოლ ნოსელი, „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსა“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გულნაზ კიკნაძემ; ნინო მელიქიშვილი (რედ.), თბილისი, 2013;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიმინოშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 269.
  • თამარ აფციაური, გრიგოლ ნოსელის „მოსეს ცხოვრება“ და მისი ძველი ქართული თარგმანი, დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2004;
  • გიორგი ზვიადაძე, ქალწულებისათვს და საღმრთოისა მოქალაქობისა“, თბილისი, 2004;
  • Lucas Francisco Mateo-Seco, & Giulio Maspero (eds.), The Brill Dictionary of Gregory of Nyssa, Leiden, Brill, 2010;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118541919 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. BeWeB
  3. 3.0 3.1 Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  4. CONOR.SI
  5. G. Naz. Epigr. 197: cfr. P. Devos 1983.
  6. epist. 100
  7. epist. 190
  8. epist. 231
  9. Macr 15, GNO VIII/1, 386-387
  10. epist. 5, title, GNO VIII/2, 31