გრიგოლ გრიგორაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ მაქსიმეს ძე გრიგორაშვილი (დ. 18 ივლისი, 1905, ქუთაისი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი საოპერო თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სპეციალობით. მაგრამ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელმა გატაცებამ თავისი გაიტანა და თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1935 წელს დაამთავრა კონსერვატორია და რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიწვევით ჩაირიცხა თბილისის საოპერო სტუდიაში. 1936 წელს იგი უკვე საოპერო თეატრშია. თავისი არტისტული კარიერის მანძილზე იმღერა ბანის ორმოცდაათამდე წამყვანი პარტია — მეფე გიორგი (მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), ენგიჩარი, აბიო (ზაქარია ფალიაშვილის „ლატავრა“, „აბესალომ და ეთერი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), მეფე ბორისი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), კოჩუბეი (ჩაიკოვსკის „მაზეპა“) დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა.

1937 და 1958 წლების დეკადებზე მოსკოვში გ. გრიგორაშვილს დიდი წარმატება ხვდა წილად. კინოფილმ „ჯურღაის ფარში“ მონაწილეობისათვის 1950 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ელენე გრიგოლის ასული ბუტალაშვილი (დ. დეკემბერი, 1905, ქუთაისი — გ. თებერვალი, 1976, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]