გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Altopiano del Nivolet.jpg
გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 45°30′58″ ჩ. გ. 7°18′36″ ა. გ. / 45.51611° ჩ. გ. 7.31000° ა. გ. / 45.51611; 7.31000
ფართობი 703 კმ²
დაარსდა 1922 წელს
ოფიციალური საიტი პარკის საიტი

გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი (იტალ. Parco nazionale del Gran Paradiso; ფრანგ. Parc national du Grand-Paradis) — ეროვნული პარკი იტალიაში, გრაის ალპებში. მდებარეობს ვალე-დ-აოსტის და პიემონტის რეგიონებში. პარკის ტერიტორიაზეა მთა გრან-პარადიზო (4061 მ). იცავს იშვიათ სახეობებს, მათ შორის ალპურ თხას. XIX საუკუნეში უწესრიგო ნადირობის შედეგად ალპური თხა მხოლოდ გრან-პარადიზოს რაიონში შემორჩა. იმ დროისთვის დაახლოებით 60-მდე სახეობა გადარჩა.[1] ალპური თხა ინტენსიური სპორტული ნადირობის ობიექტი იყო; მისგან სხვადასხვა სახის თილისმებს ამზადებდნენ.

ცნობები[რედაქტირება]

პარკის ლანდშაფტები.
ადგილობრივი ფაუნა.

ალპური თხის რაოდენობის შემცირების გამო ვიტორიო ემანუელე II-ის ინიციატივით შეიქმნა დაცული ტერიტორია. 1922 წელს ვიტორიო ემანუელე II-ის შვილიშვილმა ვიტორიო ემანუელე III-მ გამოყო 22 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია[2] და იმავე წელსვე შეიქმნა პარკი. იგი იტალიის პირველი ეროვნული პარკი გახდა.[3] შექმნისთანავე პარკის ტერიტორიაზე მოექცა დაახლოებით 4000-მდე სული ალპური თხა.[4] დაცული ტერიტორიის მიუხედავად, ალპურ თხაზე უწესრიგო ნადირობა 1945 წლამდე გაგრძელდა; იმ დროისათვის მათი რაოდენობა 419-მდე შემცირდა. დაცვითი ღონისძიებების შედეგად, მათი რაოდენობა მოგვიანებით თითქმის 4000-მდე გაიზარდა.[2]

გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი იტალიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს 703 კვადრატულ კილომეტრს.[2] ტერიტორიის 10% ტყით არის დაფარული. 16,5% გამოყენებულია სოფლის მეურნეობისათვის და საძოვრებისათვის, 24% დაუმუშავებელია, ხოლო 40% გამოუსადეგარია. ტერიტორიის 9,5% იკავებს 57 დიდი თუ პატარა მყინვარი.[5] უხვადაა მთები, მთის ხეობები, ნაკადულები, მყინვარები.[6] პარკის სიმაღლე, ზღვის დონიდან მერყეობს 800-4061 მ ფარგლებში. საშუალო სიმაღლე 2000 მ-მდეა. ხეობების ძირები ტყეებით არის გართულებული.

დიდ სიმაღლეებზე გაბატონებულია ალპური მდელოები, ხოლო უფრო ზევით კლდეები და მუდმივი ყინულებია. გრან-პარადიზო (4061 მ) მთლიანად იტალიის ფარგლებში მოქცეული ერთადერთი მთაა, რომლის სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება,[7] ხოლო მისი მწვერვალიდან მოჩანს მონბლანისა და მატერჰორნის უზარმაზარი მასივები.[7] 1860 წელს გრან-პარადიზო პირველად დაიპყრო ჯონ კოუელმა.[8] გრან-პარადიზოს ეროვნული პარკს დასავლეთით, საფრანგეთის მხარეს, ვანუაზის ეროვნული პარკი ესაზღვრება. ორივე ერთად ქმნის საერთო დიდ უმსხვილეს დაცულ ტერიტორიას მთელ დასავლეთ ევროპაში,[2] რომლებიც ერთობლივად იცავენ ალპურ თხას.[9]

ტყეებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ფაუნის მრავალი სახეობისთვის იგი თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, ტყეები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ მეწყერის, წყალდიდობისა და თოვლზვავის თავიდან ასაცილებლად და მათგან დასაცავად.

ძირითადად გამოიყოფა წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების ჯგუფები.[10] პიემონტის მხარეს გვხვდება ევროპული წიფელი, რომელიც ვალე-დ-აოსტისთვის დამახასიათებელი არ არის. აღნიშნული ტყეები იმდენად მჭიდროდ ხარობენ, რომ ზაფხულში იქმნება ადამიანისთვის ხელსაყრელი ჩრდილი. აღსანიშნავია, რომ წიფლის ფოთლები ლპობას დიდ ხანს უნდებიან, რის გამოც მიწაზე ფოთლების სქელი ფენები წარმოიქმნება.[10] ფოთლოვნები ფართოდ არის გაბატონებული ხეობების ძირზე; ამასთანავე ისინი შერეული არიან ნაძვთან, ფიჭვთან, შედარებით იშვიათად სოჭთან.[6]

მთის ბოყვი და ფართოფოთლოვანი ცაცხვი იშვიათი სახეობებია და გვხვდება სადრენაჟო ჭების ადგილებში. ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების მცირე რაოდენობის გამო ვალე-დ-აოსტაში ხარობს მუხა. ეს უკანასკნელი პარკისთვის ტიპური სახეობა არ არის და უმთავრესად ფიჭვთან ერთად არის შერეული. წაბლის კორომების არსებობა ადამიანის მოღვაწეობის შედეგია და მერქნისა და ხილის მოსაპოვებლად გამოიყენება.

წაბლი პარკის ტერიტორიაზე იშვიათად ხარობს ზღვის დონიდან 1000 მ-ზე ზევით და უმეტესწილად პიემონტის მხარეშია წარმოდგენილი. წიწვოვნები ფიჭვის კორომებით არის გამოხატული, ნაძვის ტყით, ხშირად ფოთლოვნებთან ერთად. ფოთლოვნები და ევროპული კედარი იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, ზღვის დონიდან 2200-2300 მ-მდე.[10]

დიდი სიმაღლეებზე ტყეებს ალპური სარტყელი ცვლის. გაზაფხულის ბოლოსთვის ალპური სარტყელი მდიდარია სხვადასხვა სახეობის ყვავილებით. აღსანიშნავია ია, ნაღველა, შროშანი და ალპური ვარდი. პარკის ტერიტორიაზე უხვადაა კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ტყეებისა და ალპური საძოვრების ზევით გვხვდება. დამახასიათებელია დეტრიტები. ალპური მცენარეულობა ასეთ პირობებს შეგუებულია. მათთვის ნიშანდობლიავია ნათელი ფერები და მაღალ განვითარებული ფესვები.[11]

პარადიზიას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გვხვდება 1500-მდე სახეობის მცენარე.[2] აღნიშნული ბოტანიკური ბაღი გრან-პარადიზოს ეროვნული პარკის შემადგენლობაშია და ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ზაფხულის პერიოდში ალპური თხა ბინადრობს ფართო საძოვრებზე, ხოლო ზამთრის პერიოდში ნაკლებ სიმაღლეებზე ჩამოდის.[2] გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი და ვანუაზის ეროვნული პარკი ალპური თხის დაცვას მთელი წლის მანძილზე ახორციელებს.[12] ფაუნას ქმნიან აგრეთვე: ყარყუმი, დედოფალა, კურდღელი, მაჩვი, არჩვი და შესაძლოა მგელი და ფოცხვერი.[2][8]

ალპური თხა და არჩვი წლის მანძილზე ტყეების საზღვრის ზევით ბინადრობს. ხეობებში ზამთარსა და გაზაფხულზე ჩამოდიან. არსანიშნავია აგრეთვე ალპური ზაზუნა. პარკის ტერიტორიაზე გვხვდება 100-მდე სახეობის ფრინველი, რომელთაგან აღსანიშნავია: ჭოტი, მთის გნოლი, მაღრანი და სხვ. მთის არწივი გვხვდება კლდოვან ადგილებში, ხოლო წითელფრთიანი კლდეცოცია კლდოვან ნაპრალებში. ტყის ზონაშია კოდალა.[2] პარკის ტერიტორიაზე გვხვდება არაერთი სახეობის პეპელა. მათ შორის მნიშვნელოვანია: აპოლონი, ადმირალი და სხვ.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Nowak, Ronald M. (1999). Walker's Mammals of the World. JHU Press, გვ. 1224. ISBN 0-8018-5789-9. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Riley, Laura; William Riley (2005). Nature's Strongholds: The World's Great Wildlife Reserves. Princeton University Press, გვ. 390–392. ISBN 0-691-12219-9. 
  3. Mose, Ingo (2007). Protected Areas and Regional Development in Europe, გვ. 132. ISBN 0-7546-4801-X. 
  4. Akitt, James Wells (1997). The Gran Paradiso and Southern Valdotain: The Long Distance Walks. Cicerone Press Limited, გვ. 51. ISBN 1-85284-247-4. 
  5. Price, Gillian (1997). Walking in Italy's Gran Paradiso. Cicerone Press Limited, გვ. 13–16. ISBN 1-85284-231-8. 
  6. 6.0 6.1 The Parc environments. Parco Nazionale Gran Paradiso. წაკითხვის თარიღი: 2008-03-12.
  7. 7.0 7.1 Beaumont, Peter. “Have skis, will travel“, The Observer, 2005-01-30. წაკითხვის თარიღი: 2008-03-12. 
  8. 8.0 8.1 Gilpin, Alan (2000). Dictionary of Environmental Law. Edward Elgar Publishing, გვ. 208. ISBN 1-84064-188-6. 
  9. Sandwith, Trevor (2001). Transboundary Protected Areas for Peace and Co-operation. The World Conservation Union, გვ. 66. ISBN 2-8317-0612-2. 
  10. 10.0 10.1 10.2 The woods. Parco Nazionale Gran Paradiso. წაკითხვის თარიღი: 2008-03-12.
  11. The rocky environments. Parco Nazionale Gran Paradiso. წაკითხვის თარიღი: 2008-03-12.
  12. Kiss, Alexandre Charles; Dinah Shelton (1997). Manual of European Environmental Law. Cambridge University Press, გვ. 198. ISBN 0-521-59122-8.