გურქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გორქჰა)
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან ლონდონში დგას ძეგლი გურქების პატივსაცემად.
გურქები 1857წელს
გურქების დანები — კუკრი

გურქები (ინგლ. Gurkha, ნეპ. गोर्खा) — ნეპალელი მოხალისეებისაგან შექმნილი ბრიტანეთის კოლონიური ჯარები. გამოჩნდნენ 1816 წელს. გურქების მონაწილეობით იქნა ჩახშობილი ანტიკოლონიური აჯანყება ინდოეთში (სიქების და სიფაების აჯანყება) და ავღანეთში (1848). ისინი იბრძოდნენ ინგლისელთა მხარეზე პირველ მსოფლიო ომში ახლო აღმოსავლეთში და საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გურქები იბრძოდნენ აფრიკაში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და იტალიაში. 1982 წელს ისინი მონაწილეობდნენ ფოლკლენდის კონფლიქტში. დღეისათვის მათი რაოდენობა შეადგენს 2500 ჯარისკაცსა და ოფიცერს. ინგლისის სამეფო პოლკში შესაძლოა მოხვდეს არანაკლებ 17 წლის ახალგაზრდა გურქა. სამსახურის მინიმალური ვადაა 5 წელი. გურქები გამოირჩევიან უმკაცრესი დისციპლინით, სიმამაცით და ფიცის ერთგულებით.

გურქების შენაერთი ატარებს იმავე სახელწოდების მქონე ხალხის სახელს, რომელიც ცხოვრობს თანამედროვე ნეპალის 25 ოლქიდან ერთ–ერთში. ეს სახელი მათ ეწოდათ ინდუსი მეომრის, VIII საუკუნეში მცხოვრები გურუ გორაქჰნატას მიხედვით, რომელიც იყო დევნილი რაჯასტანიდან (ჩრდილოეთ ინდოეთი) და წარმოადგენდა მეომართა და სასულიერო პირთა კასტის წევრს.

ინგლისურ კოლონიალურ კლასიფიკაციაში გურქები მოხსენებულია ე. წ. „მეომარ რასად“, რომლებიც გამოირჩევიან ბრძოლაში აგრესიულობით, სიმამაცით, თავგანწირვით, ფიზიკური ძალით და ხანგრძლივი მძიმე მუშაობის უნარით.

1769 წელს გურქების დინასტიამ ხელში ჩაიგდო თანამედროვე ნეპალის ტერიტორიების კონტროლის უფლება. 1814-1816 წლებში მოხდა ბრიტანო-გურქების ომი, რომელშიც გურქებმა ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიას გაუწიეს სასწტიკი წინააღმდეგობა. ომის შედეგად, ნეპალი წავიდა რიგი ტერიტორიების დათმობაზე იმ პირობებით, რომ კომპანია ყოველწლიურად მას გადაუხდიდა 200 ათას რუპიას. ბრიტანელებმა ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მოქცევა საკუთარი პროტექტორატის ქვეშ ამვე დროს, განცვიფრებული იყვნენ გურქი ჯარისკაცების მოქმედებით.

1815 წლიდან დაიწყო გურქი მეომრების შეკრება ბრიტანეთის კოლონიური არმიის რიგებში. ინგლისელების მიერ ინდოეთის დატოვების შემდეგაც გურქები აგრძელებენ ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. არსებული კანონებით, გურქები არ ითვლებიან დაქირავებულებად, რადგან ისინი მთლიანად არიან ინტეგრირებული ბრიტანეთის სამხედრო სისტემაში და მსახურობენ იმავე პირობებით, როგორც თავად ბრიტანელები. იგივე წესები ვრცელდება გურქას ჯარისკაცებზე ინდოეთის არმიაშიც.

გურქები ნეპალის ეთნიკური ჯგუფებიდან სრულიად განსხვავდებიან. ყველა საუბრობს ნეპალზე — ინდო–არიული ჯგუფის ენაზე. მათი სამხედრო ზედსახელი «Jai Mahakali, Ayo Gorkhali» ითარგმნება, როგორც „დიდი კალას დიდება, გურქები მოდიან!“. გურქების ტრადიციულ იარაღს წარმოადგენს საბრძოლო დანა — კუკრი.

გურქები ინდოეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აყვავების პერიოდში გურქების დინასტიამ დაიპყრო მნიშვნელოვანი ტერიტორიები თანამედროვე ნეპალის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, სიკიმი და ტერაი თანამედროვე ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიში ბუტანელებთან და ინგლისელებთან შეჯახების შედეგად. ექსპანსიის შედეგად ნეპალელი ოჯახების დიდი რაოდენობა ჩასახლდა დასავლეთ ბენგალიში, კერძოდ, დარჯილინგის ოლქში. დამოუკიდებელი ინდოეთის წარმოქმნის შემდეგ გურქებმა დაიწყეს ბრძოლა თვითგამორკვევისათვის. 1988 წელს მათ მოახერხეს დარჯილინგის სამი ქვეოლქის — თავად დარჯილინგის, კალიმპონგის, კურსეონგის თავიანთ განკარგულებაში მოქცევა. შეიქმნა დარჯილინგის მთიელი გურქების საბჭო, რომელმაც მიიღო ავტონომიის სტატუსი. ნეპალის წინააღმდეგობის მოძრაობის რადიკალური ძალები ამასაც არ ჯერდებიან და აყენებენ ახალი შტატის, გურქალანდის შექმნის გეგმას, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შევიდეს, დამატებით, აღნიშნული ოლქის მიმდებარე ტერიტორიები.

გურქები ოსტ–ინდოეთის კომპანიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურქი მეომრები 1815 წელს

კომპანიის ჯარებში გურქები მსახურობდნენ კონტრაქტით პინდარების ომში 1817 წელს, ბჰაპატპურის ომში 1826 წელს, ანგლო–საქსების პირველ და მეორე ომში (1846, 1848), 1857 წლის აჯანყების დროს გურქები იბრძოდნენ ბრიტანელთა მხარეს და ჩარიცხულ იქნენ ბრიტანეთის ინდოეთის არმიის შემადგენლობაში.

ბრიტანეთის ინდოეთის არმიის სამსახურში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურქების საბრძოლო დანები

1857 წლიდან გურქები ატარებენ სამსახურს ბირმაში, ავღანეთში, ინდოეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ და ჩრდილო–დასავლეთ საზღვრებთან, მალტაზე (რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომის დროს), კვიპროსზე, მალაიზიაში, ჩინეთში („მოკრივეთა“ აჯანყების დროს 1900 წელს) და ტიბეტში (1905 წელს იანგასბანდის ექსპედიციაში). 1901–1905 წლებში მოხდა გურქების რეორგანიზაცია 10 მსროლელ პოლკად. 100 000 გურქი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და იბრძოდა საფრანგეთში, მესოპოტამიაში, ირანში, სუეცის არხთან და პალესტინაში, გალიპოლში და სალონიკში. ერთი დანაყოფი მსახურობდა ლოურენსთან არაბეთში.

ომებს შორის პერიოდში, 1919 წელს გურქები მონაწილეობდნენ ანგლო–ავღანელთა მესამე ომში, ჩრდილო–დასავლეთ საზღვარზე ვაზირისტანის (ოლქი თანამედროვე პაკისტანის დასავლეთით) რეგიონში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ნეპალის მეფემ ნება დართო ბრიტანელებს გაეზარდათ გურქების ბატალიონების რაოდენობა 55–მდე, ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა 250 000–მდე. ინდოეთის საგარნიზონო სამსახურის გარდა ისინი იბრძოდნენ სირიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში, საბერძნეთში, იბრძოდნენ იაპონელთა წინააღმდეგ სინგაპურსა და ბირმაში. იტალიაში გურქებმა სახელი გაითქვეს თავიანთი მამაცობით მონტე–კასინოსთან ლუფტვაფის მედესანტეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პოსტკოლონიური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე გურქი მეომრები ინდოეთის არმიაში ერთ–ერთ სამხედრო სწავლებაზე

ინდოეთის დამოუკიდებლობის მიღების (და მისი ორ ნაწილად – ინდოეთად და პაკისტანად გაყოფის) შემდეგ, გურქების 6 პოლკი შეუერთდა ინდოეთის არმიას, ხოლო 4 — ბრიტანეთის არმიას (გურქთა ბრიგადა). გურქთა ბრიტანეთის პოლკები შემცირდა 2 ბატალიონამდე, მაშინ, როცა ინდური, პირიქით, გაიზარდა 12 ბატალიონამდე. დღეისათვის ინდოეთის არმიაში გურქთა 39 ბატალიონია. ისინი მსახურობენ ქვეითი და სასაზღვრო ჯარების შემადგენლობაში.

1949 წლის 9 აპრილს, სინგაპურის ხელისუფლებამ გურქების კონტინგენტი აიყვანა ადგილობრივ პოლიციაში სამსახურისათვის (თავდაპირველას — 142 ადამიანი, დღეისათვის — დაახლოებით 2000). ბრუნეის სულთნის ხელისუფლებამ ასევე აიყვანა ბრიტანეთის არმიის 2000 გურქი ვეტერანისაგან შემდგარი სამხედრო დანაყოფი, რომელთა სამსახურში შედის სულთნის, მისი ოჯახის წევრებისა და ნავთობ–ჭაბურღილების დაცვა. გურქების ნაწილი ცხოვრობს ჰონგ-კონგში, სადაც მათ პოლიციაში სამსახურისათვის კარგი თვითრეკლამა გაუკეთეს საკუთარ თავს.

ბრიტანეთის გურქების ბრიგადაში დღეისათვის 3500 ადამიანია. ისინი დაბინავებული არიან ჩერჩ კრუკჰემის ადგილას ჰემპშირის საგრაფოში. ბრიგადისათვის ჯარისკაცებს ძველებურად აგროვებენ ნეპალის მთიანი რეგიონებიდან. ამასთან, ყოველწლიურად 200 ახალწვეულის ადგილისათვის ერთმანეთს ეჯიბრებიან არანაკლებ 17 წლის ასაკის 28 000–მდე ახალგაზრდა. შერჩევის პროცედურას ხშირად უწოდებენ ერთ–ერთ ყველაზე უმკაცრესს მსოფლიოში — მაგალითად, პრეტენდენტებმა 20 კგ. წონის ქვების ტვირთით ბეჭებზე 40 წუთი უნდა ირბინონ მთებში.

ძირითადი ბრიგადა — ორი მსროლელი ბატალიონი. ეს არის სწრაფი რეაგირების მსუბუქი ქვეთი დანაყოფი ჯავშანტექნიკის გარეშე. ბატალიონის ყველა სამხედრო მოსამსახურე იღებს საპარაშუტო მომზადებას. ერთი ბატალიონი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ხოლო მეორე ბრუნეიში. არსებობს, აგრეთვე, სამხედრო ინჟინერთა ორი ესკადრონი, კავშირგაბმულობის სამი ესკადრონი, ლოჯისტიკის (ტრანსპორტის) პოლკი, სამხედრო ორკესტრი და ორი ოცეული აღლუმების მოსაწყობად.

გურქებმა, როგორც მინიმუმ 15 წელი უნდა იმსახურონ არმიაში, რომ მიიღონ პენსია. სამსახურის მაქსიმალური ვადაა 30 წელი. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ დემობილიზებული გურქები ბრუნდებიან ნეპალში. უკანასკნელ წლებში ზოგიერთი გურქა აღწევს ბრიტანეთის სამხედრო უწყებებიდან დაინიშნოს ისეთივე პენსია, შეღავათები და პრივილეგიები, როგორიც გააჩნიათ თავად ბრიტანელ ვეტერანებს.

2006 წლის ივლისიდან ინგლისის ხელისუფლება დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობას ანიჭებს იმ გურქებს და მათ შთამომავლობას, რომლებიც ბრიტანეთის არმიის შემადგენლობაში მსახურობდნენ იმპერიის ყოფილი კოლონიების (მალაიზია, სინგაპური, ჰონგ-კონგი) ტერიტორიაზე. მათი რაოდენობა ბრიტანეთის საემიგრაციო სამსახურის ცნობით, შეადგენს 140 ათას ადამიანს.

2001 წლიდან გურქები მუდმივ საფუძველზე მსახურობენ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. ამ დროის მანძილზე მათ მოკლულთა და დაჭრილთა სახით დაკარგეს სულ 14 ადამიანი.

აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ფლოტი გურქებს იღებს ბაჰრეინში ამერიკული სამხედრო ბაზების დაცვის სამსახურში.

გურქების სამხედრო წოდებათა სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუბედარ მაიორი (შეესაბამება მაიორს)
  • სუბედარი (კაპიტანი)
  • ჯემადარი ან ნაიბ სუბედარი (ლეიტენანტი)
  • ჰავილდარ მაიორი (უფროსი სერჟანტი)
  • ჰავილდარი (სერჟანტი)
  • ნაიკი (კაპრალი)
  • მსროლელი

აქამდე მოქმედი წესების თანახმად, გურქთა ნებისმიერი წოდების ოფიცერი უფლებრივად ბრიტანეთის შესაბამისი ოფიცრის წოდებაზე დაბლა იდგა. მაგალითად, გურქ ოფიცრებს შეეძლოთ მხოლოდ გურქთა დანაყოფების ხელმძღვანელობა ბრიტანეთის არმიაში. ამჟამად ეს წესები შეცვლილია და გურქების სამხედრო წოდებები გათანაბრებულია ბრიტანეთის არმიის შესაბამის სამხედრო წოდებებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]