გოგარენე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგარენე (ლათ. Gogarene) — ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება, სომხური წყაროებით — გუგარქი. პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) როგორც იბერიის პროვინცია, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში სომხეთის სამეფომ შეიერთა. სახელწოდება უნდა მოდიოდეს ქართველი ტომის — გუგარებისაგან. ძვ. წ. I საუკუნეში აქ იქმნება საპიტიახშო. I–II საუკუნეებში გოგარენე ქართლის შემადგენლობაშია, მოგვიანებით ისევ სომხეთმა შეიერთა. საბოლოოდ კი IV საუკუნის II ნახევარში გოგარენე ქართლის სამეფომ დაიბრუნა. გუგაქრის პიტიახშს სომხურ წყაროებში ქართლის პიტიახშიც ეწოდება (ლაზარ ფარპეცი).

ტერიტორიულად გოგარენეს პროვინცია არსებითად მდ. ალგეთის, ქციისა და დებედის აუზებით ისაზღვრებოდა, თუმცა გუგარქის საპიტიახშოს ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცულობისა იყო. სომხური გეოგრაფიული თხზულების „აშხარჰაცუიცის“ (VII ს.) ცნობების მიხედვით, რომლებიც გაცილებით უფრო ძველ ვითარებას ასახავენ, გუგარქის საპიტიახშო მთლიანად მოიცავდა იბერიის სამეფოს სამხრეთ პროვინციებს კლარჯეთიდან ხუნანამდე. გოგარენე-გუგარქის ტერიტორია გაფართოების ამსახველ ფაქტად მიაჩნიათ ქართული ტოპონიმი გუჯარეთი. ძველი ქართული ადმინისტრაციული დანაწილებით საკუთრივ გოგარენე-გუგარქის გეოგრაფიული რეგიონი ემთხვეოდა სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგნ. 1 — საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950;