გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა (ლათ. Gnaeus Cornelius Scipio Asina) - რომის კონსული ძვ. წ. 260 და ძვ. წ. 254 წლებში. მონაწილეობდა პირველ პუნიკურ ომში, დამარცხდა ლიპარის კუნძულებთან ბრძოლაში. მისი მეტსახელი ასინა ლათინურად ვირს ნიშნავს.

გნეუსი მიეკუთვნებოდა წარჩინებული კორნელიუსების გვარის სციპიონების შტოს. იგი იყო ლუციუს კორნელიუს სციპიონ ბარბატუსის ვაჟი და ლუციუს კორნელიუს სციპიონის ძმა.

გნეუს კორნელიუსი ძვ. წ. 260 წელს იქნა კონსულად არჩეული და მას მიაბარეს რომის პირველი ფლოტი, რომლითაც იგი სიცილიის ნაპირებს მიადგა. მან სცადა ლიპარის აღება, მაგრამ კართაგენელების ფლოტმა მისი ფლოტი დაამარცხა და იგი ტყვედ ჩავარდა, რის შედეგადაც მიიღო მეტსახელი ასინა. მოგვიანებით იგი ტყვეობიდან დაიხსნეს. ძვ. წ. 254 წელს იგი ისევ აირჩიეს კონსულად, ამჯერად მან წარმატებას მიაღწია პანორმას ბრძოლაში.