გლდანისხევი (მდინარე)
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 17 კმ |
| აუზის ფართობი | 63 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | საგურამოს ქედი |
| ჩაედინება | მტკვარი |
| ქვეყნები | |
გლდანისხევი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. სათავე აქვს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1162 მეტრ სიმაღლეზე. მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ დასავლეთისაკენ. მდინარე მტკვარს ერთვის ავჭალასთან. ზემოთში მდინარე ცნობილია როგორც „ლელუბნისხევი“ (ამ მონაკვეთში იგი ვიწროა და ტყითაა შემოსილი), ქვემო მონაკვეთში კი „გლდანულა“ ეწოდება. მდინარე გლდანისხევის საერთო სიგრძეა 17 კილომეტრი, აუზის ფართობი 63 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – ზაფხულში და შემოდგომაზე. ახასიათებს წყლის მცირე ხარჯი, რაც აიხსნება მისი წყლის გამოყენებითა და ცოტა შენაკადებით. გლდანისხევის ხეობა შუა და ქვემო დინებაში ვრცელია, აქვს დაბალნაპირებიანი კალაპოტი.
გლდანისხევს ერთვის 9 მცირე შენაკადი. წყლის საშუალო წლიური ხარჯია 0.21 მ³/წმ. მდინარის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია თბილისის უბანი ავჭალა, მარცხენა მხარეზე კი უბანი გლდანულა.
გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის ვახუშტის მთავარ შრომაში მდინარე მოიხსენიება როგორც „გრდანის მდინარე“.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. თბ. 2002.