გიორგი თუმანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.

გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი; დ. 8 თებერვალი [ ძვ. სტ. 27 იანვარი], 1854, თბილისი ― გ. 26 იანვარი, 1920, იქვე; დაკრძალულია ხოჯივანქის სასაფლაოზე) — თავადი, ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტ მიხეილ თუმანიშვილის შვილი. 1871 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1875 წელს — ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის კანდიდატის წოდებით. ერთხანს მსახურობდა ფოთის სასამართლო უწყებაში, შემდეგ — მეფისნაცვლის კანცელარიაში საგლეხო განყოფილების უფროსად. იმავე წელს ნიკო ნიკოლაძისაგან შეიძინა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელსაც ვ. და კ. თუმანიშვილებთან ერთად სცემდა 1903 წლამდე. თუმანიშვილის სტატიები და წერილები იბეჭდებოდა იმდროინდელ პროგრესულ პრესაში; თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. 1878-1879 წლებში გამოსცა ქართული „ალმანახი“. შექმნა ქართული საგამომცემლო ამხანაგობა, რომელმაც პირველად გამოსცა წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების თხზულებანი. თუმანიშვილს სხვადასხვა საკითხებზე გამოცემული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე საცნობარო წიგნი და „დახასიათებანი და მოგონებანი“ იმდროინდელ ლიტერატურულ და პოლიტიკურ მოღვაწეებზე. მონაწილეობდა კავკასიაში საერობო დაწესებულებათა და თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსებაში. თითქმის 30 წლის მანძილზე იგი არჩეული იყო თბილისის ქალაქის ხმოსნად; 1905 წელს იყო ვაკის დასახლების თბილისთან შეერთების ინიციატორი. თუმანიშვილი ასევე იყო კავკასიისმცოდნეობის კურსებისა და საზოგადოებრივი კლუბების ორგანიზატორი. თუმანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში. იყო ქართული დრამატული ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხელთუბნელი მ., სალიტერატური-საზოგადოებრივი წარსულიდან, თბ., 1938