გიორგი ზარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ზარიძე
დაბ. თარიღი 16 (29) მაისი, 1908
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 2002(2002-02-12) (93 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი და პეტროლოგი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

გიორგი მიხეილის ძე ზარიძე (დ. ძველი სტილით [16 მაისი], ახალი სტილით [29 მაისი], 1908, თბილისი, საქართველო, — გ. 12 თებერვალი 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოლოგი და პეტროლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). საფრანგეთის, სერბეთის და გერმანიის გეოლოგიური საზოგადოებების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ზარიძემ 1933 წელს დაამთავრა ამიერკავკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა. 1934 წელს გიორგი ზარიძე მივლინებულ იქნა ქალაქ ლენინგრადში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პეტროგრაფიული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1936 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, იმავე წელს დაბრუნდა ქალაქ თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიურ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1938-39 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

1953 წელს იგი დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. 1956 წლის 9 მარტს ქალაქ თბილისში საბჭოთა არმიის მიერ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა სისხლიც დაიღვარა, გიორგი ზარიძემ შეუძლებლად ჩათვალა დარჩენილიყო ინსტიტუტის ხელმძღვანელად და პირადი განცხადების საფუძველზე ამ თანამდებობიდან განთავისუფლდა.

სადოქტორო დისერტაციის თემა „კავკასიაში მაგმური პროცესების განვითარების კანონზომიერებანი და მათთან დაკავშირებული გამადნებანი“, დაიცვა 1945 წელს. გიორგი ზარიძის შრომები ძირითადად ეხება მეტამორფული ქანებისა და გრანიტოიდების გენეზისს, ენდოგენური ქანების ფორმაციული კლასიფიკაციისა და კავკასიის რეგიონული პეტროლოგიის საკითხებს.

1961 წელს ქალაქ მოსკოვში გამოიცა გიორგი ზარიძის კაპიტალური მონოგრაფია „საქართველოს მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროგრაფია“, რომელმაც მეცნიერთა დიდი ყურადღება მიიპყრო. 1972 წელს ქართულ ენაზე გამოქვეყნდა სახელმძღვანელო „მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგია“.

გიორგი ზარიძე თანაავტორი და თანარედაქტორია საქართველოს გეოლოგიის შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა (Геология СССР, т. 10 – Грузинская ССР, ч. 1. Геологическое описание, М., 1964; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1973).

1988 წელს ქალაქ მოსკოვში გამოქვეყნდა მისი წიგნი „პეტროგრაფია“, ხოლო ქალაქ თბილისში — „პეტროლოგია“.

1974 წელს გიორგი ზარიძემ წაიკითხა ლექციების ციკლი ბელგრადის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე, 1976 წელს — გერმანულ ენაზე ფრაიბერგის სამთო აკადემიის გეოლოგიურ ფაკულტეტზე, 1979 წელს — მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტსა და ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში.

გიორგი ზარიძის დიდი მონდომების შედეგად, 1985 წლის იანვარში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა სპექტრომეტრიისა და მინერალოგიური მასალათმცოდნეობის რესპუბლიკური ცენტრი, რამაც საქართველოში გეოლოგიისა და მისი მომიჯნავე დარგების მსოფლიო სტანდარტების დონეზე განვითარების პირობები შექმნა.

1992 წელს გამოჩენილი ქართველ მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს საინჟინრო აკადემია, რომლის უცვლელი საპატიო პრეზიდენტი იყო გარდაცვალებამდე.

მცხოვანი მეცნიერი დაბადებიდან 90-ე წლისთავზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა.

გიორგი ზარიძე დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და ღირსების ორდენით (1996). 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. გამოქვეყნებული აქვს 25 წიგნი, 250-ზე მეტი სტატია, 7 სახელმძღვანელო, 18 მონოგრაფია. გიორგი ზარიძე გარდაიცვალა 2002 წლის 12 თებერვალს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შენგელია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 486.
  • გიორგი ზარიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ე. დოლიძე, ი. დუდუჩავა, თბ., 1995.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]