გიორგი გურჯი (ივერიელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გურჯი (ივერიელი)

გიორგი გურჯი (ივერიელი) (დაახლ. 1700 — გ. 1770) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 15 იანვარი (2 იანვარი). წარმოშობით ივერიიდან იყო. იგი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად „სალი“ დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. არ დაოჯახებულა.

70 წლის ასაკში გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. მივიდა თურქ მსაჯულთან და განუცხადა: „დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსლიმი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“.

ჭკუაზე მოსასვლელად ერთ ოდაში ჩაკეტეს, სადაც მას ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ და აწვალებდნენ. მეორე დღეს ის მიიყვანეს სასამართლოში. სამი დღე გრძელდებოდა დაკითხვა და წამება, გიორგი კი პირიქით უფრო ძლიერდებოდა რწმენაში. ბოლოს გადაწყვიტეს მისი ჩამოხრჩობა.

ჩამოხრჩობის ადგილამდე მიმავალს უმოწყალოდ სცემდნენ, ის კი წამებას უსიტყვოდ იტანდა. კისერში მარყუჟი წაუჭირეს და აძალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა „სალავატი“, რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარი მთელი ძალ-ღონით კუმავდა პირს, რომ ეს სიტყვა არ ეთქვა. ცემით და ტანჯვით მთელი ბაზარი მოატარეს. ბოლოს მიიყვანეს ჩამოსახრჩობ ადგილზე. ჯერ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რითაც ერთ ღმერთს აღიარებდა (ალაჰს), მაგრამ მას ორივე მტევანი მაგრად ჰქონდა მოკუმშული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, იქნებ ასე მაინც შეშინებოდა. ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, რომ თავის აზრს იგი არაფრით შეიცვლიდა, ჩამოახრჩვეს. ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამებრივი გვირგვინი 1770 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, ბაკმი, 2007 წ.
  • „საპატრიარქოს უწყებანი“, № 31, 2005 წ.