გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გივი ამილახვარი.
არჩილ II და გივი ამილახვარი

გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (დ. 1689 — გ. 1754 ან 1757) — ქართველი ფეოდალი, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723-1735), თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე. 1727 მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.

თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ, 1734 წელს ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. 1735 წლიდან, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას. ნადირ=შაჰმა დააპატიმრებინა ამილახვარი, თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, და ვახუშტი აბაშიძე. მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. 1736 ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავსა და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა.

1737 ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის, ამიტომ 1741 წელს ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ის ამილახვარს გადასცეს. ამილახვარი დაინიშნა ქართლის სამეფოს გამგებლად. ის იმავე წელს მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, თეიმურაზ II-ის დაწინაურებამ, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ.

ამილახვრის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1742 იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას. აჯანყებულები ქსნისა და არაგვის ხეობებში გამაგრდნენ. თბილისის ხანმა საპაასუხოდ დააპატიმრა თბილისში მყოფი ქართველი დიდებულები. ნადირ-შაჰი დიდ ლაშქრობას აწრობდა დაღესტანში და ძალიან სჭირდებოდა ტრანსპორტი, ამიტომ მან თბილისის ხანს გაათავისუფლებინა დიდებულები და ამილახვარს შერიგება და პატიება შესთავაზა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ თბილისის ხანი შეიჭრა შიდა ქართლში, დაწვა მოსავალი, დაარბია მოსახლეობა და რამდენიმე მნიშნელოვანი ციხე დაიკავა. ამილახვარი გადავიდა ბორჯომის ხეობაში და კავშირი დაამყარა ახალციხის ფაშასთან. ფაშა აჯანყებულებს აწოდებდა ტყვია-წამალსა და თოფ-ზარბაზანს სურამის ციხის გასამაგრებლად, ასევე ახმარდა ოსმალთა რაზმებსაც. ამილახვარი ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა ლეკებსა და რუსეთის იმპერიას. ამილახვარის ქმედებებმა მოსახლეობა ორად გაჰყო, ნაწილი მხარს უჭერდა ამილახვარსა და აჯანყებას, ხოლო ნაწილი ირანულ პოლიტიკას. გადამწყვეტი როლი ითამაშეს თეიმურაზ II-მ და მისმა შვილმა ერეკლე ბატონიშვილმა, რომლებმაც სპარსეთის მხარე დაიჭირეს. მათ 1744 წელს აჩაბეთის ბრძოლაში ამილახვარი დაამარცხეს.

აჯანყებაში აშკარად ჩაერთო ოსმალეთის იმპერიაც, რომელმაც ახალციხის ფაშა იუსუფ III გაგზავნა აჯანყებულების დასახმარებლად დიდი რაზმითა და ფულით. ამილახვრისა და ახალციხის ფაშის ჯარებმა გორსა და რუიისს შორის დაამარცხეს თეიმურაზი და თბილისის ხანი, მაგრამ გორის ციხის აღება ვერ შეძლეს. იუსუფის მიერ დაღესტანში დიდძალი ფულით გაგზავნილ ლეკთა ბელად მალაჩის საგურამოსთან დახვდა ერეკლე და დაამარცხა. იუსუფ III-მ მოხსნა საკუთარი ჯარი და აწყურში დაბრუნდა, ამილახვარი კი სურამის ციხეში გამაგრდა. 1744 წლის ივნისში შაჰმა თეიმურაზ II-ს ქართლის მეფობა უბოძა. ქართლში თეიმურაზის მომხრეები მომრავლდნენ.

თეიმურაზმა ვერ შეძლო ციხეზე პირდაპირი იერიშის მიტანა და ალყა შემოარტყა მას. 1745 წლის დასაწყისში ამილახვარი სურამის ციხეში იყო გამომწყვდეული. ალყის დროს ნადირ-შაჰმა ერთხელ კიდევ სცადა ამილახვარის შერიგება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ამილახვარს ამ დროს განუდგა ქართლის მთავარეპისკოპოსი კირილე II, რომელიც მანამდე მასთან ერთად იმყოფებოდა სურამის ციხეში. ციხე საარტილერიო ცეცხლის გამო ძლიერ დაზიანდა და ალყას ვეღარ უძლებდა. 5 თვის ალყის შემდეგ ციხე დაეცა. ამილახვარი მოლაპარაკებაზე წავიდა თეიმურაზის მეუღლესთან, თამარ დედოფალთან და თეიმურაზ II-მ შაჰის მოთხოვნით ამილახვარი სპარსეთში გაგზავნა. სპარსეთში მიმავალი ამილახვარი გზად შეხვდა სპარსეთიდან უკან დაბრუნებულ თვალებდათხრილ შანშე ქსნის ერისთავს.

ისპაჰანში ამილახვარი გადარჩა სასჯელს — თვალების დათხრას. მან მიიღო ისლამი, შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, იყო მაზანდარანის და გულისტანის პროვინციის მმართველი, დააგროვა დიდძალი ქონება. 1747 წელს ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა ურჩი თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა 1749 წელს. ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები, ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა სამშობლოსკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტუხაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 391.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბილისი, 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქი და სპარსი დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში (გივი ამილახვრის აჯანყება), „მიმომხილველი“, ტ. 3; 1953;
  • ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 60-75.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]