გველის-მჭამელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გველის-მჭამელი“

გოგი თოთიბაძის ილუსტრაცია
ავტორი ვაჟა-ფშაველა
ილუსტრატორი გოგი თოთიბაძე
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა ქართული
თემა ფილოსოფია, ალეგორია
ჟანრი ლეგენდა, ეპიკური პოეზია, პოემა
გამოცემის თარიღი გამოქვეყნებული 1901 წელს

გველის-მჭამელი — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1901 წელს დაწერა. პირველად გამოქვეყნდა გაზეთ ივერიაში 1901 წელს. პოემის სიუჟეტი ნაწილობრივ ლეგენდას ეფუძნება.

პოემის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟა ფშაველას „გველის მჭამელმა“ ავტორში აღძრა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ჭაბუკური აღტაცება და ხედვა, რომელმაც საბოლოოდ აარჩევინა ცხოვრების გზა და წარმართა იგი. „ეს წიგნი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის შეცვლა აღარავითარ ძალას არ შეუძლია, ხოლო რომელში შეღწევის სურვილი მიცხოველებს მაშინდელ ხალისს ცხოვრებისა და შემოქმედების. იქნებ, ამ წიგნმაც გაუწიოს მეგზურობა ქართველ ახალგაზრდებს. და თუ რომელიმემ მაინც მიაგნო თავის გზას ამ წიგნის კითხვისას, ჩავთვლი, რომ ამაოდ არ დავშვრი.“[1]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდია – „გველის-მჭამელი“
  • მზია – მინდიას ცოლი
  • ბერდია – ხევისბერი
  • სანდუა – ერთ-ერთი დედაკაცი.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევსურები სტუმრად არიან და ქეიფობენ. ერთ-ერთს ლეგენდა გაახსენდება „გველის-მჭამელის“ შესახებ და მოყოლას დაიწყებს. „გველის-მჭამელი“ ერთი ხევსური მინდია იყო რომელსაც, ქაჯები მოიტაცებენ და ტყვედ ჰყავთ. ქაჯები გველის ხორცს ჭამენ და მინდიასაც სთავაზობენ, მაგრამ მინდია უარზეა. სასოწარკვეთილი მინდია შეეცდება თავი მოიკლას და ამ მიზნით ჭამს გველის ხორცს. ამის შემდეგ გაიგებს ბუნების ენას. თუმცა ამის გამო მცენარეებსა და ცხოველებს ვეღარ ეკარება, რადგან მათი მუდარა ჩაესმის. ამ ნიჭის დახმარებით მრავალ ბრძოლაში ამარჯვებინებს ხევსურებს, მაგრამ განსხვავებულობის გამო საზოგადოებისაგან ირიყება. მალევე ამ წინააღმდეგობების გამო თვითონვე შეეცდება, რომ ისევ ისეთი გახდეს, როგორც ადრე იყო. მოიყვანს ცოლს და ოჯახს შექმნის. საბოლოოდ ხვდება მისი საქციელის უგუნურობას და ყველაფერში თავის ცოლს, მზიას ადანაშაულებს. ერთხელაც, როდესაც ხევსურეთს მტერი შემოესევა და ხევსურებს იმედი აქვთ, რომ მინდია თავისი უნარით დაეხმარება თემს, მას უკვე დაკარგული აქვს უნარი. დანაშაულებრიობის შეგრძნებით მინდია მარტო შეიჭრება ბრძოლის ველზე, მაგრამ დაატყვევებენ და ხელებშეკრულს დააგდებენ დაბლობზე. თავს როცა გაითავისუფლებს, დაინახავს, რომ მისი სოფელი აოხრებული და გადამწვარია. დაღონებული და უსასოო დანით თავს იკლავს.

პოემის სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გველი“ სიბრძნის სიმბოლოა, არადა ჭეშმარიტ სიბრძნეს ან მის მცოდნეს, ძალზედ გაურბის თუ ერიდება მასის ბუნების მქონე ადამიანი, მასა ავიწროვებს და ზღუდავს კიდეც, აშინებს კიდეც (მხოლოდ განსაკუთრებული დონის პიროვნება ეძებს ასეთ სიბრძნეს და არ გაურბის მას). უფრო ზოგადიდან რომ შევხედოთ ნეგატიური სამყარო დაშინებით თუ შეჯავრებით ახდენს სიბრძნის დაფარვას ადამიანისგან, ვინც იქნება იმ დონეზე და არ შეუშინდება ამას ის იქნება მხოლოდ გველისმჭამელი, ის შეძლებს იმ სიბრძნის დაუფლებას.

მეორეს მხრივ გველს როგორც ნეგატიურის სახეს ანუ ეშმაკს სიმბლურ გამოხატულებათ თუ ჩავთვლით, თუნდაც დაცემული ანგელოზი ლუციფერის სახეცვლილებად სამოთხეში, მაშინ დავინახავთ რომ ის საშიშ/საზარელ სახეს ქმნის მაგრამ ამავ დროს მხოლოდ ის გვასწავლის ჩვენ (ცნობიერი ნაბიჯების გადადგმას), ანუ ნეგატიურის გადალახვით, მისი ბარიერების გადალახვით ხდება განვითარება. გველის შეჭმა სიბრძნესთან ზიარებაა, გარკვეული შიშის გადალახვით და გარისკვით.

საბოლოო ჯამში ნეგატიურიც პოზიტიურ საქმეს ემსახურება, როცა გადალახავს კაცი ბოროტს და ამით განვითარდება, ის უნდა მოუბრუნდეს მას და მადლობა უთხრას ამ სიკეთის ჩადენისთვის(მისი განვითარებისთვის), თავის ნებით თუ უნებლიეთ ამ დროს ნეგატიური სიკეთეს აკეთებს და ამ მადლობას თუ მადლიერებას იმსახურებს.[2]

აი რას ამბობს მწერალი გრიგოლ რობაქიძე პოემის შესახებ: „რთული და ღრმაა შემოქმედებითი ჩანაფიქრი ამ პოემისა. მთის შვილი მინდია ტყვედ ჰყავთ მითოლოგიურ არსებებს დევებს. მას უკუნი მარტოობა აღრჩობს. ამაყი კლდეები, თავშესაფარი ძლიერი და თავისუფალი არწივებისა, მთვლემარე ტყეები, რომელთა სიღრმეშიც იბადებიან ფიქრები და ზღაპრები, ყრუ ველები, თავიანთ წიაღში ადამიანთა კაეშანს რომ ინახავენ, ენით გამოუთქმელ სევდას იწვევს ტყვეში. თავისუფლებაში გაჩენილი მინდია ვერ ურიგდება მონის ცხოვრებას და სასომიხდილი თავის მოკვლას გადასწყვეტს. ის შეჭამს ნაჭერს გველის ხორცისა, რითაც „დევები“ იკვებებოდნენ, იმ ფიქრით, რომ უსათუოდ მოიწამლება. მაგრამ მოხდება სრულიად მოულოდნელი: ის გარდაიქმნება სავსებით: სულით და ხორცით გახდება სხვაგვარი, გახდება განმჭვრეტი, გრძნეული. მხოლოდ ახლა ამოხსნის იგი საიდუმლოს საკუთარი ტყვეობისა, გასწყვეტს ბორკილებს მონობისა და სამშობლოში ბრუნდება თავისუფალი. ასე იწყება ეს მშვენიერი ლეგენდა.“[3]

პერსონაჟების პროტოტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინდიას პროტოტიპი ქართული ფოლკლორის პერსონაჟი - ხოგაის მინდიაა.ხევსურმა მინდიამ, რომელიც ქაჯების ტყვე იყო, თვითმკვლელობის მიზნით მათი საკვები — გველის ხორცი ჭამა, მაგრამ მოწამვლის მაგიერ ჯადოსნური ძალა შეიძინა — ამოიცნო ბუნების საიდუმლო: ამიერიდან მინდიას ესმოდა მცენარეთა, ფრინველთა, ცხოველთა ენა და ამ უნარს ხალხის სასიკეთოდ იყენებდა.მინდია არის ნახევრად ღმერთი, ქართველი ჰეროსი, რომლის დაბადებასა და „გვიან სიკვდილში“ ერევიან ბუნების ძალნი, ცა და მზე. მამაკაცთაგან ეს მითოლოგიური გმირი რამდენადმე უახლოვდება მედეას და მისებრ მაგიური ძალა, ჯადოქრობის ნიჭი, ბუნების ენის გაგებისა და განკურნების უნარიც აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯანრი კაშია.
  2. კიტა აბაშიძე ვაჟა ფშაველას შესახებ
  3. გრიგოლ რობაქიძე: ვაჟა-ფშაველა